გიორგი ფოფხაძე: ,,ჩემი ფრანგი სიდედრი საქართველოს პრეზიდენტად გამოდგება/”
ქართველი ჟურნალისტის ცხოვრება კოვიდურ ევროპაში

გიორგი ფოფხაძე: ,,ჩემი ფრანგი სიდედრი საქართველოს პრეზიდენტად გამოდგება/",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე უკვე მრავალი წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. იქაურ რადიოში მუშაობს და ქართული იუთუბარხისთვის ამზადება გადაცემას “აი, ევროპა”, სადაც ყვება, რეალურად როგორ ცხოვრობენ ევროპაში და რა თანხვედრა თუ განსხვავებაა ჩვენსა და მათ ღირებულებებს შორის.

53 წლის ჟურნალისტი საფრანგეთში 1991 წელს წავიდა და შემდეგ ცოლ-შვილიც წაიყვანა. ცოტა ხნის შემდეგ მისი მეუღლე, ასევე ჟურნალისტი, ქეთი ბეჟიაშვილი, საქართველოში დაბრუნდა, მოგვიანებით გარდაიცვალა. გიორგიმ საფრანგეთში ცხოვრება თავის ორ ქალიშვილთან, ტყუპ გოგონებთან, მარიამ და სოფო ფოფხაძეებთან ერთად გააგრძელა, რომლებიც ახლა იქ ცნობილი ბალერინები არიან.

გიორგი ფოფხაძეს წლების შემდეგ ფრანგი ქალი შეუყვარდა, დაო-ჯახდა და კიდევ ორი შვილი, ქალ-ვაჟი ეყოლა. სოციალურ ქსელში ხშირად ხუმრობს სიდედრზე, რომელიც საფრანგეთში ცნობილი გვარის წარმომადგენელია – დელაკრუა. სიძე მასთან ყოველი შეხვედრისას ფოტოებს იღებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

თავის ფრანგულ ცხოვრებაზე გიორგი ფოფხაძე ,,სარკესთან” ყვება:

– 1991 წელს წამოვედი საფრანგეთში. მაშინ რადიო ,,თავისუფლებაში”, პარიზის ბიუროში სჭირდებოდათ თანამშრომელი. ბატონი ჯანრი კაშია მუშაობდა ქართულ რედაქციაში. დაახლოებით ერთ თვეში მიუნხენში გადამიყვანეს. მერე სავეკ შუსტერმა გააკეთა რუსულ რადიო “თავისუფლებაზე” გადაცემა “ლიბერთი ლაივ” და რუსულ რედაქციაში გადავედი, მერე – ამერიკულ საინფორმაციო სააგენტო ,,ასოშეიტენ პრესში” და ამ სააგენტოს კავკასიისა და თბილისის ბიურო მე დავაფუძნე.

ფრანგული საბუ-თების მიღება მომიწია, მაგრამ დღემდე საქართველოს მოქალაქედ ვრჩები. ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში ვიმუშავე, 11 ომი გადავიღე. ნამყოფი ვარ ჩეჩნეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ავღანეთის, ისრაელის, ერაყის ომებში.

რადიო ,,ფრანსში” და ,,ევრონიუსში” ვიმუშავე ბევრი წელი, ბოლოს ქართულ ტელეკომპანიებში – ,,მეცხრე არხზე” და ,,პირველ არხზე”. მერე კი ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს არ მოეწონა ჩემი ჟურნალისტური გამოცდილება და გამაგდო ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრიუსელის ბიუროდან. ამისთვის მადლობას ვუხდი, რადგან რადიოში დავბრუნდი და ახლაც იქ ვმუშაობ.

რადიო ,,ფრანსის” წარმომადგენელი ვარ ევროსტრუქტურებსა და ნატო-ში. ერთი წელია, რაც მაქვს ჩემი ბლოგი და ერთი თვეა, ,,იუთუბზე”, ქართულ არხზე გადის ჩემი ბლოგი “აი, ევროპა”. ვცდილობ, ქართველებს ვანახო, როგორ ცხოვრობენ ევროსტრუქტურებში მომუშავეები კი არა, ჩვეულებრივი ევროპელები, ჩვეულებრივი ფრანგები, რა ფასებია ფრანგულ მაღაზიებში, როგორ ეხმარება სახელმწიფო ფრანგ ფერმერებს, როგორ მიდის ვაქცინაცია და ა.შ. ამ თემებზე არც ერთი ქართული ტელეარხი არ ლაპარაკობს.

– ფრანგი მეუღლე გყავთ. მოგვიყევით ამ სიყვარულის ამბავი.

– მე და ქრისტინა 2004 წელს დავქორწინდით, თუმცა დღემდე არც ვართ ოფიციალურ ქორწინებაში. ტყუპები, სოფო და მარიამი, პირველი ქორწინებიდან მყავს. მათი დედა, ქეთი ბეჟიაშვილია, რომელიც ცნობილი ჟურნალისტი იყო საქართველოში. ქეთი საფრანგეთში ჩემთან ერთად იყო და მერე დაბრუნდა.

მე ომებში მიწევდა წასვლა და ჩემთან ერთად ხომ არ ივლიდნენ, საქართველოში დაბრუნდნენ ქეთიც და ბავშვებიც. ქეთის დაფუძნებულია თბილისში “მოძრაობის თეატრი”. ჩვენი ტყუპები 16 წლის იყვნენ, ქეთი რომ გარდაიცვალა.

რაც შეეხება ჩემს ფრანგ მეუღლეს, ქრისტინას, შემთხვევით გავიცანი. მაშინ ბრიუსელში ვმუშაობდი და ის რეგიონი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ქალაქი ლილი, გამოაცხადეს ევროპის კულტურულ დედაქალაქად. რეპორტაჟის გასაკეთებლად ვიყავი ჩამოსული. ლილში გავიცანი. დავახლოვდით, დავმეგობრდით, რაც გადაიზარდა სიყვარულში და დავიწყეთ ერთად ცხოვრება. 16 წელია, ერთად ვართ.

ქრისტინა პროფესიით ლობისტია. ცნობილ ლობისტურ ფირმაში მუშაობდა წლების განმავლობაში. ახლა ზის სახლში. გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი დრო გაატაროს შვილებთან და ოჯახის მარჩენალი მე ვარ. ოჯახში დემოკრატია გვაქვს და მან ასე გადაწყვიტა, რომ შვილებს მიეხმაროს სწავლაში. ორივე ჩვენი შვილი, რომლებიც 14 და 12 წლისანი არიან, კარგად სწავლობს.

სამწუხაროდ, მე არ მიწევს შვილებთან ერთად ბევრი დროის გატარება, ორივე მშობლის მაგივრობას ქრისტინა სწევს და ყველაზე მთავარია, რომ თვითონ არის კმაყოფილი და შვილებიც, რომ დედა სულ გვერდით ჰყავთ.

ცოლმა თუ იცის, თქვენი სიდედრი ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი რომ არის, იმდენს და ისეთებს ყვებით მასზე სოციალურ ქსელში?

– კი, იცის და ძალიანაც ხალისობს ამაზე. სიდედრზე, რა თქმა უნდა, ვაჭარბებ, სინამდვილეში ძალიან კარგი ქალია. სიდედრი კი საქართველოშიც სიდედრია, საფრანგეთშიც და, მგონი, მარსზეც. ჩვენ ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. მხოლოდ “ფეისბუქზე” ვართ კონფრონტაციაში და ისიც მხოლოდ ხალისისთვის. ვცდილობ, ხალხმა ამ დაძაბულ გარემოში აქ მაინც გაიცინოს და იყოს თუნდაც ჩემი სიდედრი, რა პრობლემაა!

– მასთან ერთად ხომ არ ცხოვრობთ?

– არა. ხშირად არც მოდის ჩვენთან და, როცა მოდის, მისი ფოტოც იდება ჩემს ,,ფეისბუქზე”, ჩემი და გიურზა ბერნადეტოვნასი, ათას ლაიქამდე ადის ასეთი ფოტოები. ნამდვილი დელაკრუაა ჩემი სიდედრი!

ცოლს ვეუბნები ხოლმე, მოდი, საქართველოს პრეზიდენტად წარვადგინოთ მადამ ბერნადეტი, რადგან ბევრ ქართველ პოლიტიკოსზე პოპულარულია საქართველოში.

– ტყუპი გოგონები რას საქმიანობენ ახლა?

– ჩემი ტყუპები უკვე 27 წლისანი და საკმაოდ ცნობილი ბალერინებიც არიან. ფაქტობრივად საფრანგეთში გაიზარდნენ. აქ დაამთავრეს კონსერვატორია და აქვე მუშაობენ. ჩემი სახლიდან 200 მეტრის დაშორებით ცხოვრობენ. დიდები არიან და საკუთარი ცხოვრება აქვთ.

– ხომ არ დაოჯახდნენ?

– არა და არასოდეს ვეკითხები, რატომ არ თხოვდებიან. აქ ჯერ კარიერაა მნიშვნელოვანი და მერე – ოჯახი.

– გაიკეთეთ ვაქცინაცია?

– რიგში ჩავდექი პატიოსნად და არ მიწევს აცრა ივნისამდე (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში – ,,სარკენიუსი”). 55 წლამდე ვარ და ჯერ არ დაწყებულა ამ ასაკზე ვაქცინაცია. 55 წლის ქვემოთ ცრიან, თუ სადმე მიდიხარ მივლინებით ან სამუშაოდ საფრანგეთის საზღვრებგარეთ.

აქ მცხოვრები ქართველებიდან, ვისაც ვიცნობ, ყველა დარეგისტრირებულია ვაქცინაციის ჩასატარებლად. საქართველოში რომ არის ისტერიკა ატეხილი, გვჩიპავენო, ჩვენთან ასე არაა. შაბათ-კვირას დადიან ფრანგები ასაცრელად და რიგები დგას ყველგან. ყველა დიდი სპორტული დარბაზი ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდა. ძირითადად ,,ფაიზერითა” და ,,მოდერნათი” ხდება ვაქცინაცია.

– საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ვაქცინას არ იკეთებს, ასე თქვა, საცდელი კურდღელი ხომ არ ვარო, თქვენ წერდით სოციალურ ქსელში.

– დიახ, ასე იყო. ჟურნალისტმა ჰკითხა ქვეყნის იუსტიციის მინისტრს, ერიკ დუპონ მორეტის, უკვე აიცერით თუ არაო. მე თქვენ საცდელი კურდღელი ხომ არ გგონივართო, უპასუხა, მე ვიყენებ ჩემს თავისუფალ ნებას, არ ავიცრაო.

ჩვენი იუსტიციის მინისტრი ოდიოზური ფიგურაა. ყველაზე ცნობილი ადვოკატია, რომელიც მაკრონმა იუსტიციის მინისტრად დანიშნა და ეტყობა, ეგონა, რომ დაშოშმინდებოდა. ერთადერთი ადვოკატი იყო საფრანგეთში, რომელმაც 140 საქმე მოიგო, მათ შორის – 30 ყველაზე ცნობილი საქმე.

სულ ასეთი, დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე თევზია. ეს განცხადება რომ გააკეთა, ჟურნალისტს თვალები აუვიდა შუბლზე.

ფრანგები თავისუფალი ხალხია. 4 აპრილს, აღდგომას, ყველა წესი და კანონი დაარღვიეს. ეკლესიებში იყო ყველა მორწმუნე და ჯერჯერობით ვირუსიანების მატება არ დაწყებულა, მერე ვნახოთ.

თბილისში ტრანსპორტი რომ შეიზღუდა და ტაქსის გარდა ვერაფრით გადაადგილდებოდი, ასეთი არ ყოფილა. იმისთვის, რომ გადაადგილება უფრო გაადვილებულიყო მათთვის, ვინც სამსახურში დადიოდა, ავტობუსებიც დაამატეს. ხალხის დიდი ნაკადი რომ არ ყოფილიყო, დაამატეს მატარებლებიც. ინფრასტრუქტურა ძალიან აწყობილია.

კაფე ფრანგული კულტურის წესია. ფრანგი შეიძლება მთელი დღე იჯდეს კაფეში და სულ ორი ფინჯანი ყავა დალიოს. ერთ კათხა ლუდს დაიდგამენ და მთელი დღე სხედან, საუბრობენ. ჭორიკანა ხალხია. როგორც კი ამინდები გამოდის, მთელი საფრანგეთი კაფეებში ზის და ახლა, როცა კაფეები და რესტორნები დაკეტილია, ფრანგებისთვის ეს აუტანელია. დგანან და ილანძღებიან, მოიკითხავენ მაკრონს, მთელ მთავრობას.

წარმოიდგინეთ, ქართველებზე ჭორიკნები არიან. გულღია ხალხია და ალბათ სხვა ქვეყანაში ცხოვრება გამიჭირდებოდა, მაგრამ აქ არ გამჭირვებია, რადგან ხასიათითაც გვგვანან.

სტუმართმოყვარეები არიან. საქართველოს გარდა, ერთადერთი საფრანგეთში შეიძლება ღამის 10 საათზე თავზე ვინმე დაგადგეს. გერმანელივით 3 დღით ადრე არ დაგირეკავს და გკითხავს, შეიძლება თუ არა, შენთან მოვიდეს.

ფრანგ პოლიციელებსაც უყვართ ისე დგომა, ჩვენი მილიციელები რომ იმალებოდნენ და აკონტროლებდნენ გზას. ფრანგი თუ დაგინახავს იმ გზაზე, აუცილებლად განიშნებს, პოლიცია დგასო – ფარებს აგინთებს, ფრთხილად გაიარეო.

– კითხვა უნდა დაგისვათ ფილმ ,,ფესვებიდან” – თქვენმა შვილებმა ქართული იციან?

– უფროსებმა გადასარევად იციან, პატარებმა – ისე რა. სამწუხაროდ, ოთხივენი ერთმანეთთან ფრანგულად ლაპარაკობენ. უმცროსებთან ვერ მოვახერხე, კარგად ესწავლათ, რადგან დედა ფრანგი ჰყავთ. ფაქტობრივად ფრანგები არიან. ეგოისტურად გაზარდა, ტიპურ ფრანგებად.

– თქვენი სიდედრიც დაეხმარებოდა.

– კი, გიურზა ბერნადეტოვნა დაეხმარა!

– საქართველოში ყოფილან თქვენი უმცროსი შვილები?

– არა. სულ ერთი წელია, რაც პირდაპირი ფრენები დაიწყო და ძნელია, პატარები რამდენიმე გადაჯდომა-გადმოჯდომით წაიყვანო სადმე. თან ამხელა გზაზე 3 თვით მაინც ხომ უნდა ჩახვიდე და… წელს აუცილებლად ჩამოვიყვან, თორემ უკვე დიდები არიან და…

– ქრისტინაც არაა ნამყოფი?

– კი, ქრისტინა არის ნამყოფი და ძალიანაც უყვარს საქართველო. არა მარტო ქრისტინა, ყველა ჩემი ფრანგი მეგობარი აღფრთოვანებულია და მეორედ და მესამედაც ჩამოვიდნენ.

ქართველები ნამდვილად ევროპული ხასიათების ერი ვართ. ვიღაც რომ იტყვის, ქართული ტრადიციები უნდა დავივიწყოთ, მოძველდაო… აბა, ფრანგებს ჰკითხეთ, როგორ აქვთ თავიანთი ტრადიციები შენახული! ფრანგებიც ჩვენნაირად ამბობენ სადღეგრძელოებს და 8 საათი გრძელდება ტრადიციციული ფრანგული სუფრა. უფრო მეტად ვიღლები და ვთვრები ფრანგულ სუფრასთან, ვიდრე ქართულთან.

– თქვენმა მეუღლემ იცის ქართული კერძების მომზადება?

კი, იცის. ძალიან კარგად აკეთებს ლობიოს ქართულად.

– თქვენ ასწავლეთ?

– არა, ქართველმა მეგობრებმა. ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს და ფაქტობრივად გაქართველებულია, თუმცა ქართული ვერ ვასწავლე. ფრანგები ენების სწავლისადმი მიდრეკილნიც არ არიან და ამათთვის დედამიწა საფრანგეთის გარშემო ტრიალებს. ვერ იგებენ, რატომ არ ლაპარაკობს მთელი მსოფლიო ფრანგულ ენაზე.