,,დედას ვუვლიდი და ქმარი დავკარგე“

,,დედას ვუვლიდი და ქმარი დავკარგე“,,სარკე”

ადამიანი ბევრ შეცდომას უშვებს და იშვიათად თუ ეძლევა შესაძლებლობა, გამოასწოროს. თუმცა არის კიდევ ერთი რამ: იცი, შენს იმ ნაბიჯს ყველაფრის არევა მოჰყვება, მაგრამ ვერაფერს ცვლი, რადგან სხვანაირად მოქცევა უბრალოდ არ შეგიძლია.

მეც ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. დედა გახდა ავად და ქმართან და ორ შვილთან ერთად მშობლების სახლში გადავედი. ძმა მყავს, რომელიც ცალკე ცხოვრობს. ვეხვეწებოდი, რომ მშობლებთან მას ეცხოვრა, მაგრამ რძალმა გამოაცხადა, მე ვერ გადავალ, მომვლელი აუყვანეთო.

დედას ფსიქოლოგიურად უფრო უჭირდა, ვიდრე ფიზიკურად. ისეთი დიაგნოზი ჰქონდა, სულიერად გატყდა, ამიტომ მომვლელი მას იმას ვერ მისცემდა, რაც რეალურად სჭირდებოდა. ქმარს ძალიან ვთხოვე, რომ ჩემს მშობლიურ სახლში გამომყოლოდა და ასეც მოიქცა.

პრობლემებმა მალევე იჩინა თავი. მშობლების მოვლა-პატრონობაში თავით გადავეშვი და ცოლქმრულ ურთიერთობაში ბევრი რამ გამომეპარა. ჩემი შვილები პატარები იყვნენ და ძალიან ცელქობდნენ. მამაჩემი რთული კაცია, ოჯახში ხმაურს ან უწესრიგობას ვერ იტანს, ამიტომ ბავშვებზე ვიყავი მიდარაჯებული, რომ რამე არ დაეშავებინათ, ერთმანეთთან არ ეჩხუბათ და მამაჩემი არ შეეწუხებინათ.

დედა როგორი მოსავლელი იყო, ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ოჯახში სიმშვიდე ყოფილიყო. მამა ვერ იტანდა, ქმრის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას რომ ვიჩენდი. საკმარისი იყო, მეუღლეს სიტყვებით მივფერებოდი, რომ მამა ამრეზილი დადიოდა.

ცოლ-ქმრის ურთიერთობა თანდათან შეიცვალა. მანადე მე და ჩემს ქმარს ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ვცდილობდი, მისი საყვარელი კერძები მომემზადებინა, მხიარული განწყობა შემექმნა სახლში, ყოველთვის მოწესრიგებული, დავარცხნილი, მაკიაჟით ვყოფილიყავი. მშობლების სახლში კი მოვეშვი. მანამდე თუ მთავარი ჩემი ქმარი და შვილები იყვნენ, იმ სახლში ბოლო ადგილზე გადაინაცვლეს.

ქმარი შინ გაღიზიანებული ბრუნდებოდა. მეუბნებოდა, რომ იქიდან წავსულიყავით და ჩემს მშობლებზე მეორე შვილს ეზრუნა, მაგრამ არ ვთანხმდებოდი. ველოდებოდი, დედის ჯანმრთელობა როდის გაუმჯობესდებოდა. ამასობაში ჩემმა ქმარმა სახლში დაგვიანება დაიწყო, მეგობრებთან სიარულს მოუხშირა. ეს მახარებდა კიდეც, რადგან შინ აღრენილი აღარ ბრუნდებოდა და არც იმაზე მიჭამდა ტვინს, რომ იქიდან წავსულიყავით.

არ მინდოდა, რეალობისთვის თვალი გამესწორებინა და საკუთარ თავთან მაინც მეღიარებინა, რომ ქმრის ხშირი დაგვიანებები და ამის საეჭვო მიზეზებით ახსნა სიმართლესთან ახლოს არ იყო. ბოლოს არათუ ვაღიარე, ცხოვრებამ მუშტი ძალიან მძიმედ მომარტყა ცხვირში. ერთ დღესაც გავიგე, რომ ქმარი აღარ მყავდა და ის სხვა ქალთან ცხოვრობდა.

მის მიმართ მეტი ყურადღება რომ გამომეჩინა, ის ქალი ჩემს შვილებს მამას ვერ წაართმევდა და ვერც დაორსულდებოდა. ქმარს ძალიან ვუყვარდი და მის გვერდით ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ჩემი უყურადღებობით დავკარგე.

ვნანობ, რომ მშობლებთან გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა იქვე საკუთარ თავს კითხვას ვუსვამ: შემეძლო სხვანაირად მოქცეგა? მგონია, რომ არა.

,,სარკის” ერთგული მკითხველი