CCN: ,,ნინო სალუქვაძე ოლიმპიადის ისტორიას წერს”
,,ფაქტობრივად ბრმა ადამიანმა შევძელი ლიცენზიის მოპოვება" _ ქართველ ლეგენდას ურთულესი ოპერაცია დასჭირდა

CCN: ,,ნინო სალუქვაძე ოლიმპიადის ისტორიას წერს",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მიზანში ტყვიის მსროლელ ლეგენდარულ ქართველ ქალზე, 52 წლის ნინო სალუქვაძეზე, მსოფლიო კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ის მე-9 ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და მსგავ­სი შე­დე­გი, ქა­ლებს შო­რის, ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სოა. ,,ის ოლიმ­პი­ა­დის ის­ტო­რი­ას წერს”, _ აღნიშნავს CNN.

ნინო 19 წლის იყო, როდესაც 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიოს სუპერთასის გათამაშების ცხრაგზის გამარჯვებული, მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი – ეს ნინო სალუქვაძის წარმატებების სიაა. მას 86 მე­და­ლი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი.

ნინო ქალ-ვაჟის დედაა. ბიჭმა, ცოტნე მაჭავარიანმა, დედის გზა გააგრძელა და მიზანში მსროლელი გახდა. 2016 წელს რიო დე ჟანეიროში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი მსოფლიოში პირველი დედა-შვილი იყვნენ, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს.

ნინო სალუქვაძე ტოკიოში გამგზავრებამდე ,,სარკეს” უყვებოდა:

_ფემინიზმზე გადაყოლის გამო ქალები მამაკაცებს გაგვიტოლეს. მამაკაცები როგორც აქამდე ისროდნენ, ისე უნდა ვისროლოთ ქალებმაც. მოკლე ვარიანტს ვერ ვუძლებდით და ახლა გრძელ ვარიანტს უნდა გავუძლოთ. მამაკაცები თუ 60-ს ისროდნენ, ჩვენ – 40-ს. ახლა 60 უნდა ვისროლოთ. ქალისთვის ძალიან შრომატევადია…

ოპერაცია გავიკეთე თვალზე, რომ უკეთესად დამენახა. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ამ ოპერაციას არ გავიკეთებდი, რადგან ჯანმრთელი თვალი მქონდა. დანის ქვეშ დავწექი პროფესიის გამო. ამის მიუხედავად, მაინც მარცხენა თვალით დამიზნება მომიწევს. ფაქტობრივად ბრმა ადამიანმა ტექნიკით და ფსიქოლოგიური მომენტით შევძელი და ოლიმპიადის ლიცენზია ავიღე.

– ანუ ოპერაციამ არ გაამართლა?

– ჯანმრთელი თვალი მქონდა, მაგრამ ასაკი და ა.შ. და სროლისთვის აღარ მადგებოდა, ფოკუსს ვერ ვიჭერდი. 30 წამი მაინც უნდა უყურო ერთ ადგილს, რასაც ვეღარ ვახერხებდი. ამის გამო წავედი თურქეთში, გავიკეთე ოპერაცია, მულტიფუნქციური ბროლი გამიკეთეს, ახლოსაც და შორსაც ერთნაირად დაინახავო, მაგრამ სროლისთვის მაინც არ გამომადგა. სამაგიეროდ, სათვალე მოვიხსენი.

მეორე თვალზე ქირურგმა მითხრა, იმდენად ჯანსაღია ბროლი, საცოდაობაა ამის გამოღება და ხელოვნურის ჩადებაო და, კიდევ კარგი, რომ მეც არ გავრისკე. ამ თვალით, რომელზეც ოპერიაცია გავიკეთე, შორს ვხედავ, მაგრამ ახლოს – ვერა. სროლისთვის ახლოს უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ მომიწია მარცხენა თვალზე გადაწყობა და, რაც გამოვა, ის გამოვა. თვალი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებია ტექნიკა და ფსიქოლოგიური მიდგომა.

მთელი სასროლეთიდან, სადაც 3-4 ათასი კაცია, არავის ახსოვდა, ვინ მოიგო შეჯიბრი, ყველა მე მილოცავდა მთელი კვირის განმავლობაში. ყველამ იცის, რას ნიშნავს, მე-9 ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება. არც მოგება მინდოდა და არც არაფერი, ოღონდ ლიცენზია ამეღო.

– ვაჟი გაჰყვა თქვენს გზას და ოლიმპიადაზეც მოხვდა დედასთან ერთად. მასზეც გვიამბეთ, როგორი ბიჭია, მტკიცე ხასიათითაც თუ ჰგავს დედას.

– სხვათა შორის, ჩემი გოგოც დადიოდა თავიდან ჩვენთან და ჰქონდა კიდეც კარგი მონაცემები, მაგრამ მერე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და დავანებებინეთ თავი.

მერე ცოტნემ დაიწყო ვარჯიში და საქართველოში მიაღწია წარმატებას. 18 წლის იყო, რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზია რომ აიღო. ეს ფანტასტიკა იყო, რადგან რთულია ეს ამბავი ამ სპორტში. ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები იყვნენ, რომლებიც ულიცენზიოდ დარჩნენ და ცოტნემ წაართვა.

მაშინ მამაჩემი, რომელიც ჩვენი მწვრთნელი იყო, ამბობდა, ღმერთო, შენ ბევრი სიხარული მომანიჭე ნინოს წარმატებებით და მრცხვენია, რამე გთხოვო, მაგრამ ცოტნეს ლიცენზია ძალიან მჭირდებაო და მართლაც შეძლო ცოტნემ. ერთი საათი ვერ მივედი ბავშვთან, მთელი სასროლეთი მე მილოცავდა, მას კი არა. ცოტნე ხასიათით დედისკენ უფროა,  გოგო უფრო მამას ჰგავს. განათლება ინგლისში მივაღებინეთ. რომ ჩამოვიდა, მეგონა, რადგან ინგლისში წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი, საქართველოსაც დასჭირდებოდა კარგი სპეციალისტი.

დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ ვის რაში სჭირდები?! რამდენიმე განხრით აქვს განათლება მიღებული – ეკონომიკა, მენეჯმენტი, ბიზნესი… სხვადასხვა ენები იცის. სადაც მივიდოდა გასაუბრებაზე, იქ თურმე უკვე იცოდნენ, ვინ უნდა მიეღოთ. ასე არ შეიძლება! ახლა ჩვენი დახმარებით მუშაობს სერიოზულ კომპანიაში.

– თქვენს გოგონასაც ნინო ჰქვია. ვინ დაარქვა თქვენი სახელი?

– ჩემმა ქმარმა. მე ხომ არ გადავედი მის გვარზე და, გოგო რომ დაიბადა, თქვა, მაინც მეყოლება ნინო მაჭავარიანიო და ნინო დაარქვა.

– უნდოდა, მის გვარზე გადასულიყავით?

– ხუმრობით ამბობდა ასე. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ჩემ პატივსაცემად დაარქვა შვილს ნინო.

– ქმარს ალბათ უხაროდა, სახლში რომ ჰყავდა ცოლი ლოქდაუნების გამო.

– კი, ჩემი ქმარი ხომ საერთოდ სანთელს უნთებს კორონას!..