ანა დოლიძე: ,,მე და ჩემს ქმარს რიგრიგობით გვძინავს”
,,სადამდეც შევძლებ, შვილი ბუნებრივ კვებაზე მეყოლება"

ანა დოლიძე: ,,მე და ჩემს ქმარს რიგრიგობით გვძინავს",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

პარტიის ,,მოძრაობა ხალხისათვის” ლიდერი, ცნობილი იურისტი ანა დოლიძე, 8 მარტს მეორე შვილის, გოგონას, დედა გახდა. 13 წლიანი პაუზის შემდეგ 40 წლის ასაკში გადაწყვიტა, დედობის სიხარული მეორედ შეეგრძნო. პოლიტაქტივისტი მშობიარობამდე ერთი დღით ადრეც საპროტესტო აქციაზე იყო, ბავშვის გაჩენიდან სულ რამდენიმე დღეში პოლიტიკურ აქტიურობას დაუბრუნდა ჩვეული ენერგიულობითა და საპროტესტო მუხტით.

მეორე შვილის დედობამ ანა ბევრ რამეზე დააფიქრა, ახალი პრობლემები დაანახა, რაც მისი ბრძოლის ნუსხაში მალე გამოჩნდება. ეს, პირველ რიგში, დეკრეტული შვებულების პრობლემაა, რაც ძუძუთი კვების შესაძლებლობებს ამცირებს და ასევე გამოდის ინიციატივით, რომ პოსტსამშობიარო დეპრესიასთან გასამკლავებლად ქალების სამსახურში ფსიქოლოგები აქტიურად ჩაერთონ.

დანარჩენს ,,სარკეში” მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ანა, როგორ შეიცვალა თქვენ შიგნით და თქვენ გარშემო სამყარო მას შემდეგ, რაც მეორე შვილის დედა გახდით?

– მთელი შეგნებით ვემზადებოდი მეორე შვილის დედობისთვის, მაგრამ რეალობა ბევრად მეტი სიხარულის, ენერგიის და შთაგონების მომტანი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. კრავაის დაბადებამ ცხოვრებაში ახალი სუნთქვა მომცა. ყველა აღნიშნავს, უფრო ენერგიული ხარ, რაც მეორე შვილი გააჩინეო და მართლა ასეა. აქამდეც მსმენოდა და დავრწმუნდი, რომ, როდესაც პირველსა და მეორე შვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა (და ჩემს შემთხვევაში 13 წელია), ცხოვრებისეული ენთუზიაზმი უფრო გემატება.

ალბათ მნიშვნელოვანი სხვაობა ისიცაა, რომ თქვენი პირველი შვილი ამერიკაში დაიბადა, მეორე კი – საქართველოში. რა პარალელებს გაავლებდით?

– პირველი, ეს არის სამედიცინო მომსახურება. ამერიკაში ორსულობის მთელი პროცესი მიჰყავს ექიმს, თვითონ კლინიკიდან გირეკავენ, კალენდარს გიკონტროლებენ, გახსენებენ, რა დროს რა არის საჭირო. ანუ კლინიკა და ექიმი მთლიანად მართავს ორსულობის პროცესს. საქართველოში კი ამ ყველაფრის მართვა შენ გიწევს. შენი გადასაწყვეტია, ანალიზებს როდის გაიკეთებ.

მეორე სხვაობა ის არის, რომ საქართველოში ქალს ძალიან დიდი დახმარება აქვს ოჯახის მხრიდან. ამერიკაში როდესაც შვილი გავაჩინე, საბედნიეროდ, ჩემ გვერდით აღმოჩნდნენ დედა და და, რაც დიდი ფუფუნება იყო ჩემთვის. საქართველოში შვილს რომ აჩენ, ყველა თავზე გახვევია, დედა, დედამთილი, ბიძაშვილიც კი. ამერიკელი ქალებისთვის ასეთი ფუფუნება წარმოუდგენელია.

– დაგვიხასიათეთ თქვენი ქალიშვილი. რა თვისებებს ავლენს?

– უმშვიდესი გოგოა. მხოლოდ მაშინ ტირის, როცა შია. ზოგადად ძალიან მშვიდი და ბედნიერი ბავშვია.

– რა პროცესი გიყვართ ყველაზე მეტად ახალშობილთან ურთიერთობისას?

– ეს არის კვების პროცესი. კრავაი ბუნებრივ კვებაზე მყავს და სადამდეც ამას მოვახერხებ, ასე მეყოლება. კვების პროცესი საუკეთესო მომენტია დედასა და შვილს შორის.

ორსულობის ბოლო ეტაპზე ჩვენთან ინტერვიუში ამბობდით, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ აქტიურად დაუბრუნდებოდით პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ მშობიარობიდან რამდენიმე დღეში თქვენს გამოჩენას მაინც არავინ ელოდა.

– კი, ყველას გაუკვირდა ჩემი გამოჩენა, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლებოდა. იმის გამო, რომ არ მყავს უფროსი და არ ვარ ან საჯარო, ან კერძო კომპანიაში დასაქმებული, თავად შემიძლია ვარეგულირო ჩემი აქტივობის სიხშირე.

სხვათა შორის, ამ პერიოდმა სერიოზულად დამაფიქრა დეკრეტული შვებულების პრობლემაზე. თითქოსდა მიმდინარეობს კამპანია, რომ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროა შობადობის გაზრდა, იმაზე კი არავინ ფიქრობს, რომ დეკრეტული შვებულების კანონი დასახვეწია. საჯარო სექტორში ეს დარეგულირებულია, კერძო სექტორში კი ყველაფერი დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

სამშობიაროში ჩემ გვერდით გოგოს ვკითხე, აპირებდა თუ არა, ძუძუთი გამოეკვება ბავშვი. მან მითხრა, როგორ, სამსახურში უნდა გავიდეო. საქართველოში ქალების უმეტესობა ამ ამოცანის წინაშეა. დროზე ადრე უწევთ სამსახურში გასვლა, რასაც ბუნებრივ კვებაზე უარის თქმაც მოჰყვება.

ვაპირებ, რომ ამ მხრივ ბრძოლა გავაგრძელო. საჭიროა, კერძო სექტორშიც განისაზღვროს დეკრეტული შვებულების ჩარჩოები. დეკრეტულის თანხის ნახევარი გადაიხადოს სახელმწიფომ, ნახევარი – დამსაქმებელმა. ჩვენი ჩინოსნების ავტოპარკი რომ შეამცირო, ის თანხა საკმარისი იქნება დეკრეტული შვებულების პრობლემის მოსაგვარებლად. ამის გარეშე კამპანია, რომ შვილები ვკვებოთ ბუნებრივად, ლიტონი სიტყვებია.

მე ბუნებრივ კვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ლაივი გავაკეთე. 270 000 ნახვა აქვს.

– თქვენი ცხოვრების წესი როგორ შეცვალა მეორე შვილის დაბადებამ?

– აქამდეც ასე იყო, მაგრამ ახლა უფრო გამძაფრებულად ვცდილობ, ჩემს საჯარო აქტივობაში უსაფრთხოების წესები დავიცვა, ვგულისხმობ კოვიდისაგან თავდაცვის საშუალებებს. კიდევ უფრო გავაცნობიერე დროის ფასი. დროის დაზოგვის ამბავში, მე მგონი, მალე ვირტუოზი გავხდები – როგორ მოასწრო ბევრი რამე ერთდროულად. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა დედა მაგარი მენეჯერია. რასაც ქალი საქართველოში ასწრებს, ეს არის უმაღლესი მენეჯმენტი და ლოჯისტიკა!

– თქვენს ხასიათსა და ტემპერამენტს ატყობთ ცვლილებებს?

– კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზე დისკუსიაც აუცილებლად უნდა დაიწყოს. ეს არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია და შფოთვა. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ მხრივ ფსიქოლოგიური სერვისები გააქტიურდება.

მე ვაკვირდებოდი ჩემს თავს, როდესაც ანდრო დაიბადა და ახლაც. ამ დროს ქალში მართლა დიდი პროცესები ხდება. საბედნიეროდ, მე ეს პრობლემა არ მემუქრება, რადგან ბევრს ვვარჯიშობდი და საკუთარ ემოციურ მხარეზე ვზრუნავ, მაგრამ ეს დახმარება ბევრ ქალს სჭირდება.

– როგორი კონტაქტი შედგა უფროსსა და უმცროს შვილს შორის, იყო თუ არა ეჭვიანობის მომენტები?

– უმაგრესი ურთიერთობა აქვთ. ეტყობა, დიდი სხვაობა რომ არის, ამიტომ აღარ ეჭვიანობს. ანრო კრავაის უყურებს, როგორც გასართობს. სულ ამბობს, ცხოვრება გამიმხიარულაო. თვითონ ძალიან დაკავებულია, მაგრამ, როგორც კი დრო გამოუჩნდება, გამორბის და ბავშვით ერთობა.

– კრავაის მოვლაში მამის ჩართულობა როგორია? ასე მგონია, რომ გენდერული თანასწორობის პრინციპი დაცული გექნებათ ოჯახში.

– ძალიან არის ჩართული. გრაფიკი გვაქვს შემუშავებული, რომ რიგრიგობით გამოვიძინოთ. გიორგი ნამდვილი პარტნიორია. ამას დამატებული მთელი ჯარი, რომელიც გვეხმარება და საწუწუნო მართლა არაფერი გვაქვს.

– აღნიშნეთ, რომ დედამთილი გეხმარებათ. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან და როგორ ფიქრობთ, საქართველოში რატომ არის რძალდედამთილობის პრობლემები?

– ჩვენთან ყველა პრობლემას იწვევს რესურსების ნაკლებობა, ეს არის საცხოვრებელი ფართი. ერთ პატარა სივრცეში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს უჭირთ თანაცხოვრება. ასევე დიდ პრობლემებს ქმნის უფინანსობა. ბევრი ოჯახის პრობლემები სწორედ ამ ორი ფაქტორიდან მოდის. ჩემი დედამთილიც და დედაჩემიც ძალიან მეხმარებიან. სულ გვერდში მიდგანან.

– ქალიშვილის სახელი, კრავაი, ვისი იდეა იყო? თქვენთვის მისაბაძი იყო ისტორიული ფიგურა, კრავაი ჯაყელი?

– გვინდოდა, ბავშვისთვის დაგვერქმია ქართული სახელი, რომელიც არ იქნებოდა ძალიან გავრცელებული და იქნებოდა განსხვავებული, ამიტომ ორივე ჩამოვყალიბდით ამ სახელზე. კრავაი ჯაყელის პიროვნება ჩემთვის მნიშვნელოვანია და მიკვირს, რომ ადამიანებს არ ახსოვთ. ის იყო ქალი-დიპლომატის სახე მე-12 საუკუნეში. ამას წინათ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ხუმრობაც გამომივიდა. მან მკითხა, ბავშვის სახელს რა ისტორია აქვსო. მე კი ავუხსენი, კრავაი ჯაყელის ჩართულობით წარმატებული მედიაციის პროცესი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში იყო-მეთქი.