122 წლის ჟანა კალმანი: ,,მე ჯერ კიდევ გოგონა ვარ, უბრალოდ ბოლო 70 წელია ცუდად გამოვიყურები”
პლანეტის ბებიის საოცარი ამბავი

122 წლის ჟანა კალმანი: ,,მე ჯერ კიდევ გოგონა ვარ, უბრალოდ ბოლო 70 წელია ცუდად გამოვიყურები"ჟანა კალმანი _ მასზე ამბობენ, ისეთი საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, სიკვდილსაც კი არ უნდოდა მისი წაყვანაო. ამ საოცარმა ქალმა, რომელსაც პლანეტის დიდ ბებიას ეძახდნენ, 122 წელი და 164 დღე იცოცხლა. დაიბადა 1875 წლის 21 თებერვალს საფრანგეთში და 1997 წლის აგვისტოში გარდაიცვალა.

მოესწრო ორ მსოფლიო ომს და 17 პრეზიდენტს. ახალგაზრდობაში ჟანა ვან გოგსაც შეხვედა და მასზე თქვა: ,,ის იყო ბინძური, ცუდად ჩაცმული და პირქუში…” მოზარდი იყო, როცა ეიფელის კოშკი ააგეს.

მე ღვინოზე ვარ შეყვარებული, _ ამბობდა ჟანა და სვამდა კარგ ღვინოს და 117 წლამდე ეწეოდა სიგარეტს. მოწევას თავი მხოლოდ იმიტომ დაანება, რომ ბოლოს კარგად ვეღარ ხედავდა და უხერხულად გრძნობდა თავს, როცა ყოველ წუთს სხვებს სთხოვდა, სიგარეტის მოკიდებაში დახმარებოდნენ.

ჟანას საოცარი იუმორის მიღმა დიდი ტკივილი იმალებოდა. მან თავისი ყველა ახლობლის გარდაცვალება გადაიტანა _ მშობლების, ქმრის, შვილების და შვილიშვილებისაც კი, ამიტომ მას მემკვიდრეები არ დარჩენია. ამის გამო მან 90 წლის ასაკში დადო ხელშეკრულება 47 წლის ადვოკატთან, რომ სიკვდილის მერე სახლი მას დარჩებოდა, სამაგიეროდ, ადვოკატი მას ყოველთვიურად გადაუხდიდა გარკვეულ თანხას. ადვოკატი 30 წლის განმავლობაში უხდიდა თანხას, ის 77 წლის ასაკში გარდაიცვალა და ფულის გადახდა მის ქვრივს მოუწია.
მადამ ჟანას ცნობილი გამონათქვამები:
მე ბებერი ვიყავი უკვე ასი წლის წინ;
მე ერთი ნაოჭი მაქვს და იმაზეც ვზივარ;
ახალგაზრდობა – ეს სულის მდგომარეობაა და არა სხეულის. ამიტომაც მე ჯერ კიდევ გოგონა ვარ, უბრალოდ, უკანასკნელი 70 წელია, ცუდად გამოვიყურები;

ღმერთს დავავიწყდი;

ყოველთვის გაიღიმეთ. ასე ვხსნი მე ჩემი დღეგრძელობის საიდუმლოს;

თუკი რაიმე არ გამოგდით, ნუ იდარდებთ ამაზე;

უდიდესი სურვილი მაქვს სიცოცხლის და მაქვს კარგი მადა, განსაკუთრებით მიყვარს ტკბილეული;

არასოდეს ვისვამ წამწამების ტუშს, რადგან ყოველთვის ცრემლებამდე ვიცინი;

ცუდად ვხედავ, ცუდად მესმის და თავსაც არ ვგრძნობ კარგად, მაგრამ ეს არაფერია;

მგონია, რომ სიცილისგან გარდავიცვლები;

ყველა შესაძლებელი სიტუაციიდან სიამოვნებას ვიღებდი, ვიცავდი მორალის პრინციპებს და არაფერს ვნანობ. გამიმართლა.

ერთ-ერთი ინტერვიუს შემდეგ კორესპონდენტმა დამშვიდობებისას ჟანას მიმართა:

-შევხვდებით! იქნებ მომავალ წელსაც…

მადამ კალმანმა უპასუხა:

-რატომაც არა? თქვენ არც ისე ცუდად გამოიყურებით!

120 წლის იუბილეზე როცა ჰკითხეს, როგორი იქნებოდა მომავალი, გენიალურად უპასუხა:,,ძალიან მოკლე”.