ვიქტორია ჩაპლინსკაია: ,,ოთარ თაქთაქიშვილი მოვიდა, შუბლზე მაკოცა და მკითხა, რა შემიძლია, გაგიკეთოო” – კორიფეებთან ერთად გავლილი გზა მწვერვალებისკენ

ვიქტორია ჩაპლინსკაია: ,,ოთარ თაქთაქიშვილი მოვიდა, შუბლზე მაკოცა და მკითხა, რა შემიძლია, გაგიკეთოო" - კორიფეებთან ერთად გავლილი გზა მწვერვალებისკენ,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

ქართულ მუსიკალურ სამყაროს გამორჩეული სახე ჰყავს _ პიანისტი და კონცერტმეისტერი, ვიქტორია ჩაპლინსკაია. ქალბატონ ვიქტორიაზე ხშირად ამბობენ, რომ მომღერლებისთვის შეწირულია და მართლაც ასეა, ყველაფერს აკეთებს, რომ მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენონ მსმენელს. ამიტომაც არის, რომ მის გარშემო ყოველთვის პროფესიონალები, მაღალი დონის მუსიკოსები და არტისტები ტრიალებდნენ და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.

კომპოზიტორები _ ოთარ თაქთაქიშვილი, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, მერი დავითაშვილი, სულხან ნასიძე, ნოდარ გაბუნია, ნუნუ გაბუნია, ვაჟა აზარაშვილი, კახა ცაბაძე… დირიჟორები _ ჯანსუღ კახიძე, გივი და ზაზა აზმაიფარაშვილები… მომღერლები _ ზურაბ ანჯაფარიძე, ცისანა ტატიშვილი, თამაზ ლაფერაშვილი, თენგიზ ამირეჯიბი… რეჟისორები _ რობერტ სტურუა, მიხეილ თუმანიშვილი, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე… _  ეს იმ სახელების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც ქალბატონ ვიქტორიასთან ერთად არაერთი წელი სიამოვნებით იმუშავეს და სამუსიკო ისტორიას მნიშვნელოვანი ფურცლებიც ერთად შემატეს.

ქალბატონი ვიქტორია, ახლობლებისთვის ვიკა, თავის მდიდარ შემოქმედებით გზაზე ,,სარკეს” ესაუბრა.

__ ქალბატონი ვიქტორია, ბევრი წელია, დიდ საქმეს ემსახურებით, მაგრამ ძალიან უხმაუროდ, მოკრძალებულად. მოგვიყევით მეტი რამ თქვენ შესახებ.

_ მე დავიბადე საოცარ ქალაქში, თბილისში. თბილისელობას ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. გერქვას თბილისელი, ნიშნავს, გიყვარდეს შენი ქვეყანა, ხალხი, იყო კაცთმოყვარე. აი, ზუსტად ასეთი თვისებების მატარებლები იყვნენ ჩემი მშობლები,  მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არ იყვნენ დაბადებული.

მე გავჩნდი წარმოშობით პოლონელის, კონსტანტინე ჩაპლინსკის და უკრაინელ ლუდმილა პლიასოვიცას ოჯახში. მათ ეს ქალაქი უზომოდ უყვარდათ. ჩემი მშობლებისთვის თბილისი მშობლიური ქალაქი გახდა.

__ მუსიკოსები იყვნენ?

_ არა, მაგრამ მუსიკა უზომოდ უყვარდათ და ეს სიყვარული თავიანთ ორ ქალიშვილს გადასცეს.ზუსტად ამან განაპირობა, რომ ორივე დამ პროფესიად მუსიკა ავირჩიეთ. ბედნიერი ვარ, რომ  ვიზრდებოდი და მერე მთელი ცხოვრება ვმოღვაწეობდი მაღალი დონის პროფესიონალების გვერდით, მაგრამ უპირველესად ჩემს მუსიკოსად  ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის უფროს დას, გალინა ჩაპლინსკაიას, რომელმაც ბავშვობიდან მაზიარა ამ საოცარ ხელოვნებას. მატარებდა კლასიკური მუსიკის კონცერტებზე. იმ წლებში ნოტებს ფოსტით იწერდნენ და სანოტო მასალას როცა ვიღებდით, ის ჯდებოდა ინსტრუმენტთან, უკრავდა და ასე ვეზიარებოდი მუსიკას მისი შესრულებით.

ვიქტორია ჩაპლინსკაია: ,,ოთარ თაქთაქიშვილი მოვიდა, შუბლზე მაკოცა და მკითხა, რა შემიძლია, გაგიკეთოო" - კორიფეებთან ერთად გავლილი გზა მწვერვალებისკენერთ ამბავს გავიხსენებ: მე ჯერ კიდევ არ დავდიოდი სკოლაში, როცა ჩემი და უკვე მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა და უკრავდა რახმანინოვის პირველ საფორტეპიანო კონცერტს, სადაც არის ერთი ანსამბლურად უხერხული ადგილი. გალინამ მასწავლა საორკესტრო პარტია და მე მთელი ხმით გავკიოდი ორკესტრის პარტიას, ის კი  უკრავდა და ასე ვამყარებდით ანსამბლს.

ამის შემდეგ შემიყვანეს მე-5 სამუსიკო სკოლაში, რომელიც დავამთავრე არაჩვეულებრივ ადამიანთან, შესანიშნავ მუსიკოსთან და პედაგოგთან, ნუნუ ბერძენიშვილთან. მასთანვე დავამთავრე პირველი სამუსიკო სასწავლებელი.

__ რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს…

_ დიახ და ჩემთვის ძალიან საამაყოა იმის თქმა, რომ პირველი სამუსიკო სკოლის აღზრდილი ვარ. ეს არის უძველესი პროფესიონალური მუსიკალური დაწესებულება საქართველოში, თბილისის კონსერვატორიასა და უნივერსიტეტზე ძველიც კი. არაყიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სასწავლებელი 150 წელზე მეტის არის. დიდი ტრაგედია და დანაშაულია, რომ ასეთი სასწავლებლის კვალი წაიშალა საქართველოს ისტორიაში…

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ეს ჩემთვის იყო უბედნიერესი წლები. მე ვსწავლობდი პროფესორებთან, თენგიზ ამირეჯიბთან და ტატიანა დუნენკოსთან. ესენი იყვნენ ბუმბერაზი მუსიკოსები, რომლებმაც თავიანთი გავლენა იქონიეს არაერთ თაობაზე. ვამაყობ, რომ მქონდა ბედნიერება მათთან სწავლის.

კონსერვატორიის შემდეგ სწავლა გავაგრძელე სანკტ-პეტერბურგის რიმსკი კორსაკოვის სახელობის კონსერვატორიის ასპირანტურაში. იქაც არაჩვეულებრივი პროფესიონალები შემხვდნენ:  სოფიო ვაკმანი _ ბრწყინვალე პიანისტი, რომელიც დანიელ შაფრანის, მსტისლავ რასტრაპოვიჩის, ირინა ბოგაჩოვას კონცერტმეისტერი იყო და სოფიო ხენტოვა, რომელიც გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი პიანისტი გახლდათ, მეცნიერიც იყო, შესანიშნავი წიგნები აქვს გამოცემული. გარდა იმისა, რომ უმაღლესი რანგის მუსიკოსები იყვნენ, ფანტასტიკური ადამიანებიც გახლდნენ. ამაშიც გამიმართლა, რომ გვერდით ყოველთვის ასეთი ადამიანები მყავდნენ.

__ მძიმე 90-იან წლებში, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა, არ გიფიქრიათ აქედან წასვლაზე? თქვენ ხომ შეგეძლოთ იმავე სანკტ-პეტერბურგში კარგი კარიერის აწყობა.

_ როცა საქართველოში სამოქალაქო ომი იყო, ჩემი პედაგოგები პეტერბურგიდან მწერდნენ, ვიკა, ჩამობრძანდით, ჩვენთან, სახლში იცხოვრეთ და პეტერბურგის კონსერვატორიაში იმუშავეთო, მაგრამ ვერც მაშინ დავტოვე ჩემი მშობლიური ქალაქი.

კონსერვატორის დამთავრების შემდეგ ისევ ჩემს მშობლიურ პირველ სამუსიკო სასწავლებელში დავიწყე მუშაობა პედაგოგად და კონცერტმეისტერად. იქაც შემხვდა პროფესიონალი, ძალიან კარგი ადამიანი, მევიოლინე იაშა ჩანჩალაშვილი. ამის მერე იწყება უმნიშვნელოვანესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში _ ჩემი დიდი სიყვარული თბილისის ოპერის თეატრთან. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე მექნებოდა საშუალება, მემუშავა მუსიკის ამ ტაძარში, მაგრამ ერთმა შემთხვევამ ყველაფრი განაპირობა.

__ რას ან ვის უკავშირდება ეს ბედნიერი შემთხვევა?

_ სახელოვანმა მომღერალმა, მარიცა მაღლაფერიძემ მთხოვა,  მოსასმენად წავყოლოდი ოთარ თაქთაქიშვილთან, რომელიც, გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე კომპოზიტორი იყო, ასევე გახლდათ  კულტურის უბრწყინვალესი მინისტრი. როცა ჩვენ ვასრულებდით  ნაწარმოებს, ბატონი ოთარი მოვიდა ჩემთან, შუბლზე მაკოცა და მკითხა, შვილო, რა შემიძლია, გაგიკეთოო. ისე დავიბენი, ვუთხარი, ბატონო ოთარ, მე ყველაფერი მაქვს, ვმუშაობ, ვსწავლობ ასპირანტურაში და არაფერი მინდა-მეთქი. მიპასუხა, მე მინდა, რომ ოპერის თეატრში იმუშაოთო. მერე მივიდა ტელეფონთან, ვიღაცას  დაურეკა და უთხრა: ,,მე ახლა მოვუსმინე ისეთ გოგოს, რომელიც არის პატარა ტატიანა დუნენკო”.

__ და ასე დაიწყო თქვენი და თბილისის ოპერის სიყვარულის ამბავი?

_ თქვენ წარმოიდგინეთ _ არა. განცხადება დავწერე, მაგრამ ისე მოხდა, რომ სანკტ-პეტერბურგში გამოცდების ჩასაბარებლად წასვლა მომიწია. ამასობაში ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა ჯანსუღ კახიძე, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ვეთაყვანებოდი, როგორც უდიდეს დირიჟორს და ბრწყინვალე მუსიკოსს.

ეტყობა, ვიღაცამ მაქო ბატონ ჯანსუღთან და მან მიმიწვია შტრაუსის ,,სალომეს” დადგმაზე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ პატივი მხვდა წილად, ასეთ მუსიკოსთან მემუშავა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ისევ მოხდა კურიოზი, ისევ წასასვლელი გავხდი  გამოცდებზე სანკტ პეტერბურგში. ბატონ ჯანსუღთან მივედი და გულწრფელად ვუთხარი, ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ასე არასერიოზულად დაგთანხმდით-მეთქი. მანამდე ყველა მეუბნებოდა, განრისხდება და შენ ოპერის თეატრში ვეღარასოდეს იმუშავებო. ამ დროს კი ბატონი ჯანსუღი მეუბნება: ,,ვიკაჩკა, ეტყობა, თქვენ ძალიან სერიოზული ადამიანი ხართ და ალბათ ჩვენ მოგვიწევს ერთად მუშაობა”.

გავემგზავრე გამოცდებისთვის და იქ თბილისიდან შემომითვალეს, რომ ბატონი ჯანსუღი ძალიან სერიოზულ კონკურსს ატარებდა ოპერის თეატრში მისაღები თანამშრომლებისთვის. სულ ორი საშტატო ერთეული იყო. მეორე ტურში ოთხნი დავრჩით და მიხაროდა, რადგან ვფიქრობდი, ორ შტატს ოთხივე გავიყოფდით ნახევარ-ნახევარი განაკვეთით. ბატონმა ჯანსუღმა კი კონკურსის შემდეგ სრულ შტატზე მიმიწვია თეატრში.

უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის პროფესიონალებთან მოვხვდი, მაგრამ ოპერის თეატრში ჩემს ნათლიად მაინც ოთარ თაქთაქიშვილს ვთვლი.

იქ მისულს დამხვდა ბრწყინვალე მომღერლების პლეადა _ ზურაბ ანჯაფარიძე, ცისანა ტატიშვილი, მედეა ამირანაშვილი, ნოდარ  ანდღულაძე, თამაზ ლაფერაშვილი, ლადო კანდელაკი, ელდარ გეწაძე, მარიცა მაღლაფერიძე, მანანა ეგაძე… მათ შვილივით ჩამიკრეს გულში, რჩევებს მეკითხებოდნენ, ისე მექცეოდნენ, როგორც  თანასწორს. საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა არასოდეს მქონია.

როგორ არ უნდა ვიყო ამ ცხოვრების მადლიერი, როცა ასეთ ადამიანებთან მომიწია ურთიერთობა. გარდა მომღერლებისა,  ვმუშაობდი ისეთ ბუმბერაზ დირიჟორთან, როგორიც ჯანსუღ კახიძე იყო, ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ გიზო ჟორდანია, მიხეილ თუმანიშვილი, გიგა ლორთქიფანიძე, გურამ მელივა, როგორიც არის რობერტ სტურუა და ა.შ. მთელი ცხოვრება ასეთი ადამიანების გვერდით გავიარე და არ მქონდა უფლება, მეც მაღალ დონეზე არ ვყოფილიყავი.

__ თქვენ ჩვენი დროის დიდ კომპოზიტორებთან ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდათ. გაიხსენეთ ისინი.

_ მე რომ ოპერის თეატრში დავიწყე მუშაობა, იდგმებოდა ახალი ქართული ოპერები _ ბიძინა კვერნაძის ,,იყო მერვესა წელსა” და გია ყანჩელის ,,და არს მუსიკა”. იქიდან დაიწყო ჩემი დიდი მეგობრობა ქართველ კომპოზიტორებთან.

მინდა, გავიხსენო არაჩვეულებრივი მერი დავითაშვილი, რომელსაც მერი დეიდას ვეძახდი. ჩვენ ბოლოს ვემზადებოდით მისი შემოქმედებითი საღამოსთვის, რომელიც ფესტივალ ,,აღდგომიდან ამაღლებამდე” ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო. მოულოდნელად ქალბატონი მერი გარდაიცვალა და შემოქმედებითის ნაცვლად, ხსოვნის საღამო ჩატარდა, სადაც მე და მევიოლონემ, ქალბატონმა ქეთევან თავშავაძემ შევასრულეთ მერი დავითაშვილის არია ვილონიოსთვის და ფორტეპიანოსთვის.

მინდა, ორიოდე სიტყვა გითხრათ ამ ფესტივალზე, რომელიც საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. მადლობა მის დამფუძნებლებს, ორგანიზატორებს, ქალბატონ მარიამ დავითაშვილს, რომელმაც გამაცნო არჩვეულებრივი მუსიკოსები, მანანა ხვედელიძე და ირინა სახამბერიძე. მადლობელი ვარ მათი, რომ ამ ფესტივალის მონაწილე ვიყავი.

__ ოპერის პარალელურად მუშაობდით და დღემდე მუშაობთ ნიჭიერთა ათწლედსა და თბილისის კონსერვატორიაში პედაგოგად. მინდა, თქვენი კიდევ ერთი შემოქმედებითი პარტნიორი, დიდი მუსიკოსი, თამაზ ლაფერაშვილი გაიხსენოთ.

_ მასთან დიდი ურთიერთობა მაკავშირებდა და მინდა, იმქვეყნად დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც მან შემძინა. მასთან დიდი პროფესიონალურო სკოლა გავიარე. ბატონი თამაზი იყო ბრწყინვალე მომღერალი, არაჩვეულებრივი მუსიკოსი, უნიჭიერესი მსახიობი. ერთი პერიოდი სანკტ-პეტერბურგის ოპერის თეატრში მუშაობდა და იქ ოპერის ჟან გაბენი შეარქვეს.

ვიქტორია ჩაპლინსკაია: ,,ოთარ თაქთაქიშვილი მოვიდა, შუბლზე მაკოცა და მკითხა, რა შემიძლია, გაგიკეთოო" - კორიფეებთან ერთად გავლილი გზა მწვერვალებისკენერთად მომზადებული გვაქვს არაერთი საკონცერტო პროგრამა, რომლითაც მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარეთ. ჩვენი ბოლო ნამუშევარი იყო ,,რუსული რომანსი საქართველოში”, რომელიც ორ დისკად გამოიცა. დისკში შესულია რომანსი ,,მეეტლევ, ნუ მიაქანებ ცხენებს”. სამწუხაროდ, ეს იყო ჩვენი ბოლო გამოსვლა სცენაზე.

__ გარდა იმისა, რომ თამაზ ლაფერაშვილი დიდი მომღერალი გახლდათ, მას ძალიან ბევრი მუსიკოსი ჰყავს გაზრდილი, მათ შორის დღევანდელი ოპერის ვარსკვლავები.

_ დიახ და ეს არის ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი საამაყო ნაწილი. ბატონ თამაზს მართლაც ბევრი მომღერალი ჰყავს გაზრდილი, მათ შორის _ გიორგი გაგნიძე და მიხეილ კოლელიშვილი, რომლებმაც საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გაიტანეს.

ვიქტორია ჩაპლინსკაია: ,,ოთარ თაქთაქიშვილი მოვიდა, შუბლზე მაკოცა და მკითხა, რა შემიძლია, გაგიკეთოო" - კორიფეებთან ერთად გავლილი გზა მწვერვალებისკენ გიორგი გაგნიძემ ბატონ თამაზთან დაამთავრა კამერული სიმღერის კლასი, მერე უკვე სასპირანტურაში გააგრძელა დაოსტატება სოლო სიმღერის განხრით მაესტროსთან. მან თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა  მსოფლიო სცენებზე. ბატონმა თამაზმა გიორგი გაგნიძე და მიხეილ კოლელიშვილი სტუდენტობის პერიოდში მიიყვანა ჯანსუღ კახიძესთან და მოასმენინა. ისინი თეატრში სოლისტებად აიყვანეს. გიორგიმ ოპერის თეატრში 13 წამყვანი პარტია იმღერა და უცხოეთში გაემგზავრა, როგორც ჩამოყალიბებული მომღერალი.

ერთ ამბავს მოვყვები: როცა გიორგის ჰქონდა რეპეტიცია უდიდეს დირიჟორთან, ჯეიმს ლევაინთან, ამ ლეგენდარულმა მუსიკოსმა გააჩერა ორკესტრი და ჰკითხა, სად ისწავლეთ ასეთი ვოკალური ტექნიკაო. გიორგიმ უპასუხა, რომ ჯორჯიაში. იფიქრეს, რომ ამერიკის ჯორჯიის შტატში, მაგრამ, როცა მაესტროს გვარი ჰკითხეს და დაასახელა ლაფერაშვილი, უკვე მიხვდნენ, რომ საქართველოზე იყო ლაპარაკი. გიორგი გაგნიძეს მარტო მეტროპოლიტენ ოპერაში 100 სპექტაკლში აქვს ნამღერი.

მიხეილ კოლელიშვილი სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის წამყვანი სოლისტია და მთელ ევროპასა და ამერიკაში დადის საგასტროლოდ. ვამაყობ, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ ასეთი მომღერლები აღზარდა.

__ გვერდს ვერ ავუვლით თქვენი ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს _ ბათუმის ოპერის თეატრს, რომლის დაარსების სათავეებთან თქვენც დგახართ. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

_ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ეპიზოდია ჩემი ცხოვრების. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ალეკო ხომერიკს, რომელმაც დიდ საქმეს ჩაუყარა საფუძველი და ასეთ მშვენიერ ქალაქში დაარსა ოპერის თეატრი. ყველა ის წარმატება, რასაც ვხედავთ, ბატონი ალეკოს დამსახურებაა.

ამ თეატრს საფუძველი ჩაეყარა საქართველოსთვის მძიმე პერიოდში. როცა სამოქალაქო ომი იყო, ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა ოპერის თეატრი. მე მხვდა წილად ბედნიერება, მემუშავა დირიჟორ დავით მუქერიასთან და უსაყვარლეს რეჟისორ გიზო ჟორდანიასთან, რომელმაც დიდი კვალი დატოვა. ოპერაში მისი ბოლო ნამუშევარი იყო ,,აბესალომ და ეთერი”, რომელიც თბილისის ოპერის გახსნისთვის დაიდგა და ჩვენი თანამშრომლობა ამ სპექტაკლშიც შედგა.

__ ქალბატონო ვიქტორია, თქვენ მოახერხეთ, რომ ამ პანდემიის დროს, გაზაფხულზე, როცა თეატრების კარები დახურული იყო, მოგეწყოთ შესანიშნავი საღამო, რომელიც თამაზ ლაფერაშვილის 85 წლისთავს მიუძღვენით. ეს კონცერტი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მუსიკალურ საზოგადოებას თქვენი მოსწავლეები, ძალიან ნიჭიერი თაობა წარუდგინეთ. ამ დღეს სცენაზე შედგა მარიამ გაგნიძის და ალექსანდრა ლომინაძის ძალიან საინტერესო ტანდემი. თუ შეიძლება, გვიამბეთ ამაზეც.

ვიქტორია ჩაპლინსკაია: ,,ოთარ თაქთაქიშვილი მოვიდა, შუბლზე მაკოცა და მკითხა, რა შემიძლია, გაგიკეთოო" - კორიფეებთან ერთად გავლილი გზა მწვერვალებისკენ_ პანდემიის პერიოდში მაინც აქტიურად ვმუშაობდი. 25 ოქტომბერს შედგა ჩვენი მსოფლიო ვარსკვლავის, გიორგი გაგნიძის საიუბილეო კონცერტი, სადაც ჩემთან ერთად შეასრულა რჩეული ნეოპოლიტანური სიმღერები. ასევე 27 ნოემბერს მონაწილეობა მივიღე მიხეილ იპოლიტო-ივანოვის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალში, სადაც მე და მევიოლინე ქეთევან თავშავაძეს ლაურეატის წოდებები მოგვანიჭეს.

23 აპრილს კი ეროვნული სასახლის საკონცერტო დარბაზში, ფესტივალ ,,თაობის” ფარგლებში გაიმართა სახალხო არტისტის, თამაზ ლაფერაშვილის დაბადებიდან 85  წლისადმი მიძღვნილი კონცერტი. მასში სოლისტებთან ერთად მონაწილეობდნენ ჩემი კლასის მოსწავლეები.

ამ საღამოს საზოგადოება ძალიან სასიამოვნო ამბის მომსწრე გახდა. ინსტრუმენტთან იჯდა თამაზ ლაფერაშვილის შვილთაშვილი, ალექსანდრა ლომინაძე და მისი მუსიკალური შვილიშვილი, გიორგი გაგნიძის ქალიშვილი, მარიამ გაგნიძე.

ვიქტორია ჩაპლინსკაია: ,,ოთარ თაქთაქიშვილი მოვიდა, შუბლზე მაკოცა და მკითხა, რა შემიძლია, გაგიკეთოო" - კორიფეებთან ერთად გავლილი გზა მწვერვალებისკენეს არის სიმბოლური ნიშანი იმის, რომ ტრადიცია გრძელდება და ახალი თაობის მუსიკოსებთან ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, ისინიც თავიანთ სიტყვას იტყვიან მსოფლიოს სცენებზე.

მე სხვადასხვა დროს გაკეთებული მაქვს ზურაბ ანჯაფარიძის, მერი დავითაშვილის, ტატიანა დუნენკოს, თენგიზ ამირეჯიბის, გივი ხატიაშვილის ხსოვნის საღამოები. მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვავიწყდეს ჩვენი ფესვები, რომელზეც უნდა აღიზარდოს ახალი თაობა და სწორედ ამის დასტური იყო თამაზ ლაფერაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი. ჩემი მიზანია, ამ ახალგაზრდებმა იცოდნენ, საიდან მოდიან.

ფოტოებზე: დები _ ვიქტორია და გალინა ჩაპლინსკაიები; გიორგი გაგნიძე, ანზორ ერქომაიშვილი, ვიქტორია ჩაპლინსკაია; მაესტრო თამაზ ლაფერაშვილი და ქალბატონი ვიქტორია; გიორგი გაგნიძე, მარიამ გაგნიძე, ალექსანდრა ლომინაძე.