62 წლის შერონ სტოუნი: ,,კაცები უკეთესები გახდნენ”

62 წლის შერონ სტოუნი: ,,კაცები უკეთესები გახდნენ'',,სარკე”, თათია ბოჭორიძე

ჰოლივუდის 62 წლის ვარსკვლავი, შერონ სტოუნი, დღესაც ისეთივე პოპულარულია, როგორიც 30 წლის ასაკში იყო და დღესაც პრიალა ჟურნალების საყვარელი სტუმარია. პანდემიის პერიოდში მსახიობმა ჟურნალისტ ნელი ჰოლმსს ინტერვიუ მისცა.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– ჰმ… ვცდილობდი, მამაკაცებს შევხვედროდი, მაგრამ, როგორც ამბობენ, ქიმია ვერ შედგა. ვირტუალურად, ,,ფეისბუქით”  ამას ვერ იგრძნობ. კეთილი მომავლის იმედი მაქვს.

– ბოლო დროს არავის ხვდებოდით?

– აი, ამაზე კომედიის გადაღება შეიძლება. სახლში თავს მოდუნების უფლებას ვაძლევ, ვწრუპავ მარტინის და უცებ მახსენდება: ,,ჯანდაბა, მე ხომ პაემანი მაქვს ,,ზუმში!”. მინდა, გითხრათ, რომ კარანტინში გამოკეტილმა კაცებმა დახვეწეს თავიანთი კულინარიული უნარები და შედარებით უკეთესები გახდნენ – მათთან ლაპარაკი შეიძლება. ვისაც სხვა რამ აქვს გონებაში, ლურჯუკანალიან მაიმუნებს ჰგვანან!

– შერონ, მოგვიყევით წიგნზე, რომელსაც ახლა წერთ.

– წიგნების ბაზრობაზე ვიყავი და შევხვდი ადამიანს, რომელიც ავღანეთში იბრძოდა და ცხოვრება მიუძღვნა იმ ადამიანებზე ზრუნვას, რომლებსაც სახე დაუმახინჯდათ დაბომბვების შედეგად. ამან შთამაგონა, დამეწერა წიგნი, რომელიც მალე გამოვა.

– ნორმალური ცხოვრება გენატრებათ?

– როგორ გითხრათ… გარეთ გასვლა მენატრება, მაგრამ, მეორე მხრივ, პაპარაცები  თავისუფლად სეირნობის საშუალებას ადრეც არ მაძლევდნენ ხოლმე. ბოლო 20 წელია, ჩაკეტილი ვცხოვრობ, როგორც მონაზონი. ასე რომ, კარანტინისთვის კარგად ვიყავი მომზადებული.

– თქვენ ერთ-ერთ ინტელექტუალურ ქალად ითვლებით მსოფლიოში. გიჭირთ ჰოლივუდში ცხოვრება?

– იცით, როცა ადამიანების სისულელეების გამო ძალიან გამიჭირდება ხოლმე, გავდივარ ჩემი სახლის აივანზე და ვყვირი. ყველაზე საკვირველი ისაა, რომ მეზობლები მშვენივრად მიგებენ და არ ჩივიან.