ნათია გოგოჭური: “ეჭვიანი არასდროს ვყოფილვარ, ზაზა კი ძალიან ეჭვიანი იყო”

ნათია გოგოჭური: "ეჭვიანი არასდროს ვყოფილვარ, ზაზა კი ძალიან ეჭვიანი იყო"ზაზა კოლელიშვილის მეუღლე, მსახიობი ნათია გოგოჭური თავის ცხოვრებაზე, ოჯახზე, შემოქმედებასა და დღევანდელ პრობლემებზე “სარკეს” უამბობს.

– ქმარი და ოთხი შვილი, არანაირი ძიძა და დამხმარე – როგორ მოახერხეთ ასეთი დიდი ოჯახის გაძღოლა? 

– ჩვეულებრივი ვარ. უბრალოდ, ვცდილობ, სითბო არ მოვაკლო ჩემს ოჯახს, ხშირად ვუთხრა, რომ მიყვარს ისინი, რომ ფასეულები ვართ ერთმანეთისთვის.

– თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ გყავთ ხუთი შვილი.

– ნამდვილად ასეა. ოთხი კი არა, ხუთი შვილი მყავს. მეხუთე ანუ პირველი შვილი ზაზას ქალიშვილი ნინოა პირველი ქორწინებიდან. იგი არასდროს გამირჩევია ჩემი შვილებისგან, ჩვენ დიდი მეგობრები ვართ, ძალიან ჩემიანია და ვიცი, რამე რომ გამიჭირდეს, პირველი ის გაჩნდება ჩემ გვერდით.

– 36 წელია, თქვენ და ზაზა და ცოლ-ქმარი ხართ. რა არის თქვენი ოჯახური სიმყარის საფუძველი?

– მთავარი სიყვარულია. ჩვენ პირველი დღეებიდან უსიტყვოდ შევთანხმდით, რომ ყოველდღე ვუთხრათ ერთმანეთს: “მე შენ მიყვარხარ”. ზოგჯერ რომელიმეს გვავიწყდება და შევახსენებთ: “რამე ხომ არ დაგავიწყდა?” და ერთად ვამბობთ: “მე შენ მიყვარხარ”.

– ეჭვიანობა თუ იყო თქვენ შორის?

– მე არასდროს ვყოფილვარ ეჭვიანი. ზაზა ძალიან ეჭვიანი იყო, მაგრამ 24 საათიანი რეჟიმით მის გვერდით ვიყავი და საკუთარ თავზე ხომ არ იეჭვიანებდა.

– ალბათ ბევრი სახალისო ეპიზოდიც გაქვთ გასახსენებელი.

– ბათუმში ვიყავით, პატარა სასტუმროში ვისვენებდით. ზაზა ნასვამი მოვიდა და წამოწვა, მე ფანჯარასთან ვიდექი და დავინახე, როგორ მოვიდა სასტუმროსთან რამდენიმე შავი მანქანა.

ცოტა ხანში კარზე კაკუნი გაისმა, გავაღე, შავებში ჩაცმული მოხრილი ტიპი დგას და მეუბნება, მურტალოს დაბლა ელოდებიანო. ზაზა წამოდგა და გავიდა. ფოიეში ათამდე შავად შემოსილი ადამიანი დაგვხვდა. დიდებული სუფრა იყო გაწყობილი. ძმაო მურტალო, მეგობარი გამოვიდა კოლონიიდან, ცოტა საბაზრო გვაქვს და შენთან მოვედით, შენი აზრი გვაინტერესებსო. ზაზამაც შეიფერა და, კი, ძმაო, რა ხდებაო.

აქ მივხვდი, რომ უნდა ჩავრეულიყავი. ვამბობ, კი მაგრამ, ზაზა ქურდი არ არის, ის მსახიობია, კარგი მსახიობი, ისე კარგად ითამაშა, რომ თქვენ დაიჯერეთ მისი ქურდობა-მეთქი. უცებ თითქოს გამოფხიზლდნენ, გაიმართნენ და თქვეს, აუ, ძმა, შეგვეშალა, დავაი, წავედითო. წავიდნენ და გაშლილი სუფრა დაგვიტოვეს.

 ია ქუთათელაძე, სარკე