მამა შალვა კეკელია: ,,ჯვალო რომ გადავიცვათ, დამშვიდდებიან?! როგორი შესამოსელით ჩავატაროთ წირვა?!”

მამა შალვა კეკელია: ,,ჯვალო რომ გადავიცვათ, დამშვიდდებიან?! როგორი შესამოსელით ჩავატაროთ წირვა?!",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მამა შალვა კეკელიას გარშემო სკანდალები არ წყდება. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ მის შესამოსელს სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც აქცენტი იმაზე იყო გაკეთებული, როგორი ძვირფასი სამოსი აქვს ეკლესიის ერთ-ერთ მოძღვარს მშიერ ქვეყანაში და როგორ უქადაგებს მრევლს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ.

მამა შალვა:

– ,,დოლჩე და გაბანას” და ,,არმანის” შეადარეს. არადა სამების სამკერვალოშია შეკერილი. ეკლესიაში ყველა დღესასწაულს თავისი ფერი აქვს. ბზობას – მწვანეს ვიცვამთ, ღვთისმშობლის მსახურებებზე  – ლურჯს ან ცისფერს… არასოდეს მიყიდია შესამოსელი, მრევლი ყიდულობს.

– შეიძლება ერთი შესამოსელის ფულით ერთი ბავშვის სიცოცხლე გვეხსნა ან ლურჯი შესამოსელით ჩატარებულ ბზობის წირვას არ მიიღებს უფალიო?

– ვინც ჩვენზე გადაცემა გააკეთა, ჩვენზე 30-ჯერ მეტი შემოსავალი აქვთ და სახლებიც უამრავი.  მრავალი წელი ჩემი სახლიც არ მქონდა. მეგობარმა გვაჩუქა. მანამდე არავის ვეუბნებოდი, რომ სხვის სახლში მიწევდა ცხოვრება.

შეგვიძლია ვაჩვენოთ, რამდენ ოჯახს ვეხმარებით, რამდენ ბავშვს ვაჭმევთ, რამდენი ოჯახის ქირას ვუხდით. ისეთები გვეუბნებიან, სიკეთე გააკეთეთო, თავად არავის დახმარებიან. როგორი შესამოსელით ჩავატაროთ წირვა, ჯვალო რომ გადავიცვათ, დამშვიდდებიან?!

– აჩვენეს ვიდეო, სადაც  მოსახლეობას მოუწოდებთ, არ გაიკეთონ ვაქცინა…

– ჟურნალისტმა მკითხა, თუ ვაქცინის გაკეთება სავალდებულო გახდა, რას იზამთო. ვუთხარი, ადამიანს თავისუფალი არჩევანი აქვს და არ შეიძლება ვინმემ რამე დამაძალოს, ასეთ დროს მრევლს ვურჩევ, არ გაიკეთონ ვაქცინა-მეთქი.

ეკლესიას უფლება არ აქვს, ვიღაცას უთხრას, გაიკეთე ან არ გაიკეთო ვაქცინაო. ამაზე კომპეტენტურმა პირებმა უნდა ისაუბრონ.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”