გულიანი ფერეიდნელი ქართველის გადასარჩენად 4 000 ლარია საჭირო – ერეკლე ონიკაშვილს სასწრაფოდ გულის ოპერაცია სჭირდება

გულიანი ფერეიდნელი ქართველის გადასარჩენად 4 000 ლარია საჭირო - ერეკლე ონიკაშვილს სასწრაფოდ გულის ოპერაცია სჭირდებაერეკლე ონიკაშვილი 29 წლის ფერეიდნელი ქართველია, ყოფილი კალათბურთელი, ზრდილი, კეთილშობილი, შრომისმოყვარე, ღირსებით სავსე. მამა პედაგოგი ჰყავდა, რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. ერეკლე ფერეიდანში, ქალაქ მარტყოფში (ფერეიდუნშაჰრში), ასაკოვან დედასთან, სათნო ქალბატონთან ერთად ცხოვრობდა, სანთელივით რომ შეჰყურებს თავის ვაჟს. და-ძმა დაოჯახებული ჰყავს. ერეკლე და მისი ოჯახი ფერეიდანში ყოველთვის განსაკუთრებულად, გულითადად მასპინძლობდნენ საქართველოდან ჩასულ სტუმრებს.

ერეკლე, სხვა ფერეიდნელების მსგავსად, საქართველოს, ქართული ენის, ტრადიციების და ყოველივე ქართულის სიყვარულს სისხლხორცეულად ატარებს. ფერეიდანში დაბადებულს და გაზრდილს, საქართველოში დაბრუნების და დამკვიდრების სურვილი სანუკვარ ოცნებად ექცა. რამდენიმე წლის წინ ეს ოცნებაც აისრულა და თბილისში ჩამოვიდა საქართველოზე შეყვარებულ, გულანთებულ თანამოძმეებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღო, აქვე დასაქმდა (ერთ-ერთ კომპანიაში მთარგმნელად იმუშავა პანდემიამდე), მშვენიერ ქართველ გოგონაზეც, სოფიო ბასილაშვილზეც, იქორწინა.

დაავადებამ სიცოცხლის საფრთხის წინაშე დააყენა. სამედიცინო კვლევის თანახმად, აღმავალი აორტის ანევრიზმა აღმოაჩნდა. არ ეხურება სარქველები. სასწრაფოდ ესაჭიროება გულის აღმავალი აორტისა და სარქველების ოპერაცია, რომლის ღირებულებაა 20 500 ლარი. ჯანდაცვამ დაუფინანსა 10 800 ლარი, თბილისის მერიამ _ 1 300 ლარი. მეგობრების, კეთილი ადამიანების შემოწირულობით მოუგროვდა 4 500 ლარი. დარჩენილია 4 000 ლარი. თითოეული წუთი  შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს! თითოეულმა ლარმა შეიძლება განსაზღვროს მისი ბედი!

ერთად დავდგეთ ამ საუკეთესო ახალგაზრდის სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც დიდი სიყვარულით ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის საშენებლად და ჩვენთან ერთად იტვირთა საქართველოს ბედი. შევეწიოთ ერეკლეს!

ერეკლე ონიკაშვილის და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშის ნომრებია:

GE07TB7760145061100097 მიმღები არაშ რაჰიმი

GE87BG0000000161809406 მიმღები სოფიო ბასილაშვილი