“ძმამ და რძალმა მშობლიურ სახლში მისვლა ამიკრძალეს”

"ძმამ და რძალმა მშობლიურ სახლში მისვლა ამიკრძალეს"17 წლის ვიყავი, როცა რაიონიდან თბილისში წამოვედი და მას შემდეგ სულ შრომაში ვარ. თავიდან მშობლები მეხმარებოდნენ, მერე მუშაობა დავიწყე და საკუთარ თავს ვპატრონობდი.

სურვილი მქონდა, ქმარი და შვილები მყოლოდა, მაგრამ არ გამომივიდა. ერთი მამაკაცი მიყვარდა, ცოლად უნდა გავყოლოდი, მაგრამ სხვა ქალში გამცვალა. ამის შემდეგ სიყვარულზე წარმოდგენა შემეცვალა. გადავწყვიტე, გრძნობებს არ ავყოლოდი და მხოლოდ ჩემს მშობლებსა და ძმაზე მეფიქრა.

მოხუც მშობლებს თავიდან ბოლომდე მე ვუპატრონე. ავად როცა იყვნენ, მათი მოვლა საკუთარ თავზე ავიღე და მიცვალებულებიც მე გავაპატიოსნე. მერე ჩემს ძმაზე გადავდექი, ხან მუშაობდა, ხან – არა, ამიტომ სულ გვერდით ვედექი, უამრავ რამეს ვუკეთებდი. მშობლების სახლი ორჯერ გავარემონტე, ახალი ავეჯი შევიძინე, ეზოსაც მივხედე.

თბილისში ვცხოვრობ. ბოლო პერიოდში ხშირად ვხდები ავად და რაღაცნაირად ჩემი დედიკოს და მამიკოს სახლში მისვლა მინდება. თითქოს იქ სხვა ენერგიით ვივსები და კარგად ვხდები. გაზაფხულზე პანდემია რომ დაიწყო, ჩემი მშობლების სახლს მივაშურე. იქ მიწაზე ვმუშაობდი და საოცარი ენერგია მქონდა. მერე დავბრუნდი თბილისში, მაგრამ თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა თუ არა, ისევ იქითკენ გავრბოდი.

მშობლიურ სახლში სიარულს რომ მოვუხშირე, ძმამ და რძალმა ცხვირი ამიბზუეს. ბოლოს საყვედურებზე გადავიდნენ. ვუთხარი, რომ ჩემი მშობლების სახლში ვიყავი და პლუს, ძალიან ბევრი ვიშრომე, იქ თითქმის ყველაფერი მე გავაკეთე.

აი, ამ სიტყვების მერე ჩემ გარშემო ნამდვილი ქარიშხალი დატრიალდა. ძმამ და რძალმა მითხრეს, თბილისის სახლის ყიდვაში მშობლები დაგეხმარნენ და მათ ბევრად მეტი შენ გაგიკეთესო. დედამ თავისი დანაზოგიდან მართლაც მომცა ფული, მაგრამ ის თანხა იმდენი იყო, რომ მხოლოდ მისაღები ოთახის ავეჯი მომივიდა.

გადავირიე! ვუთხარი, ამას როგორ მიბედავთ, მთელი ცხოვრება თქვენ შეგალიეთ, ამდენი პატივი გეცით და ყველაფერი წყალში ჩამიყარეთ-მეთქი. იცით, რძალმა რა მითხრა? სხვა არავინ გყავდა და ფულს ხომ არ გადაყრიდი, ავი ხარ თუ კარგი, ბოლოს მაინც ჩემი შვილების საპატრონო იქნებიო. ისე შევყევით ლაპარაკს, ბოლოს მითხრეს, აქ აღარ მოხვიდეო.

წარმოიდგინეთ, რა მაკადრეს! ძმისშვილები მართლა შვილებივით გავზარდე, ვასწავლე, გზაზე დავაყენე. მერე უცხოეთში წავიდნენ, ცოლებიც მოიყვანეს და ახლა მამიდა აღარც ახსოვთ. თურმე როგორი ამაო ყოფილა ყველაფერი. იმას, რასაც ახლა ვგრძნობ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ! არ ვიცი, ჩემებს რა დავაკელი, რომ ასე მომექცნენ.

სარკის ერთგული მკითხველი