“ჩემი ქორწილის დღეს მეგობარი დამეღუპა, დედამთილმა კი ცეკვა მაიძულა”

"ჩემი ქორწილის დღეს მეგობარი დამეღუპა, დედამთილმა კი ცეკვა მაიძულა"ჩემი ქორწილის დღეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ჩემი უახლოესი მეგობარი, ძმასავით შეზრდილი ადამიანი, ავარიაში დაიღუპა.

იმ დილით თავის საქმეზე მიდიოდა და ის საშინელება ამ დროს მოხდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ცოტათი მეც ვარ დამნაშავე. იმ დღეებში სულ ჩემს საქმეებზე დარბოდა და იქნებ თავისი საქმე იმ დღისთვის მოიტოვა, მერე იჩქარა, რომ ქორწილზე დროულად მოსულიყო და ეს ავარიაც შეემთხვა.

მისი გარდაცვალების შესახებ რომ გავიგე, გონება დავკარგე. ჩემთვის უმძიმესი იყო იმის გაცნობიერება, რომ ცოცხალი აღარ იყო. ვთქვი, რომ ქორწილი აღარ შედგებოდა და მის დასატირებლად გავიქეცი.

ქმრის ოჯახმა და გარკვეულწილად ჩემმა მშობლებმაც მაიძულეს, რომ ქორწილზე უარი არ მეთქვა. დამითანხმეს, რომ სტუმრებს რესტორანში შევხვედროდი.

სუფრა და ღვინო თავისას შვრება და ცოტა ხანში ჩემი მწუხარება არავის ახსოვდა. არ მინდოდა, მეტირა, მაგრამ ზოგჯერ ცრემლები თავისით წამსკდებოდა ხოლმე და დარბაზიდან გავდიოდი.

დედამთილი მოვიდა და ძალიან გაბრაზებულმა მითხრა, უფლებას არ მოგცემ, ჩემი შვილი ამოიჭამო და ამ უბედნიერეს დღეს იტირო, ყველაფერი ჩაუშხამო. ახლა მუსიკოსები დაუკრავენ, შენც ადგები და იცეკვებო.

მის ნებას დავყევი და ვიცეკვე. პატარძალმა რომ იცეკვა, სტუმრებმაც აღარ შეიკავეს თავი და ბევრი იმხიარულეს, იმღერეს, იცეკვეს.

მეგობრებმა და დაღუპული მეგობრის ოჯახმა შემომითვალეს, გაგვიკვირდა შენი უგულობა, რანაირად იცეკვე და იმხიარულე, როცა შენი უახლოესი ადამიანი გაციებული იწვა, შენ ვინ ყოფილხარო.

ორჯერ დავორსულდი, მაგრამ ორივე შვილი დავკარგე. მეორედ თითქმის 9 თვის ვიყავი, როცა ჩემი შვილის გულისცემა შეწყდა. შეიძლება ეს იმის ბრალია, რა სტრესიც გადავიტანე. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ დაღუპული მეგობრის ოჯახისგან წამოსულმა უარყოფითმა ენერგიამ გამანადგურა.

“სარკის” მკითხველი