არსენ გვენეტაძე: “კიბოგადატანილს ორგანიზმში ნახევარი ორგანოები არ მაქვს”

არსენ გვენეტაძე: "კიბოგადატანილს ორგანიზმში ნახევარი ორგანოები არ მაქვს"პროფესორი, ცნობილი გინეკოლოგი და სიცოცხლისადმი უსაზღვრო პოზიტივიზმით სახელგანთქმული პიროვნება, არსენ გვენეტაძე, პოპულარობით უკვე დიდი ხანია გასცდა სამედიცინო სფეროს და ბედნიერების ელჩად ითვლება. მან დაამარცხა სიმსივნე და მას შემდეგ ცხოვრების პრიორიტეტებიც შეცვალა.

– ბატონო არსენ, როდის გადაწყვიტეთ, რომ ბედნიერებაზე ასე ხმამაღლა დაგეწყოთ ლაპარაკი და ერთგვარად კეთილი ნების ელჩი გამხდარიყავით?

– ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე, რაც კიბო დავძლიე, თუმცა კონკრეტულ თარიღად, როდესაც ხმამაღლა დავიწყე ბედნიერებაზე ლაპარაკი, რომ ეს ემოცია გადამდები ყოფილიყო სხვა ადამიანებისათვის, 2017 წელს მივიჩნევ. მაშინ შვეიცარიაში ჩარლი ჩაპლინის მუზეუმში ვიყავი. იმდენად აღფრთოვანებული გახლდით ამ პიროვნებით, ბევრი კარგი იდეა მომივიდა თავში, მათ შორის ის, რომ  ჩემს ქვეყანაში ადამიანებს ბედნიერების აღქმის და შემეცნების გახსნა სჭირდებათ საკუთარ თავში.

დავბრუნდი თუ არა თბილისში, მაშინვე დავიწყე ამაზე მუშაობა. შევხვდი ჩემს მეგობარ სკულპტორ ლევან  ვარდოსანიძეს და ასე შეიქმნა ბედნიერების პირველი ქანდაკება-მონუმენტი.

– რაც ბედნიერებაზე დაიწყეთ ლაპარაკი, ამით თქვენ გარშემო, ადამიანებში იმატა ბედნიერების განცდამ?

– კი და სწორედ ამაშია ყველაზე მეტი აზარტი. მახარებს, რომ ჩემი სახელი  საზოგადოებაში ბედნიერებასთან ასოცირდება. კახეთში მივდიოდი, გზაზე გავაჩერე მანქანა ყავის დასალევად და იქაც კი მითხრეს, თქვენ ხომ ბედნიერების ელჩი ხართო. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს უცხოეთიდან, გვინდა, თქვენს აქტივობებში ჩავერთოთო.

– საერთოდ არაფერზე ნერვიულობთ, ყველანაირ ნეგატივს იცილებთ თავიდან?

– იმაზე, რასაც არაფერი ეშველება, ნერვიულობა რისი მომცემია?! რისი შეცვლაც შემიძლია, ამ პროცესშიც არაფრის მომცემია ნერვიულობა, რადგან გამოსავალს ვერ ვპოულობ ხოლმე. ცხოვრება არ უნდა გავირთულოთ. 95 პროცენტით ვაკონტროლებ ჩემს თავს, რომ ყოფით და ბევრ სხვა პრობლემაზე არ ვინერვიულო.

– როგორ მკურნალობთ თავს, თუ ცუდ ხასიათზე გაიღვიძეთ?

– საკუთარ თავს ვუყურებ სარკეში, ვუღიმი და ვეუბნები, რომ ბედნიერია ცხოვრება. კიბოგადატანილს ორგანიზმში ნახევარი ორგანოები არ მაქვს და ამ დროს დილით რომ იღვიძებ, ბედნიერებაა, აბა, რა!

– სიმსივნესთან ომში რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი – მედიცინამ, განწყობამ თუ კიდევ სხვა რამემ?

–  დროული მოქმედება იყო მთავარი, რადგან სიმსივნე შორს არ იყო წასული. კიბომ ცხოვრება მაპოვნინა. გავაცნობიერე, რომ შეიძლება დადგეს ხვალინდელი დღე და აღარ ვიყო, ამიტომ რაც შემიძლია, გავაკეთო დღეს, ვაკეთებ დღეს და არასდროს ვიტოვებ საქმეს ხვალისთვის.

 ავთო ჩიტიძე, სარკე