პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა თავისი ცხოვრების გზას ჟურნალ „სარკესთან“ ერთად გადაავლო თვალი და გაიხსენა მძიმე პერიოდი, როდესაც მეუღლის მხარდაჭერა მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა, როცა მისი შვილი, ბექა მოკლეს.
-მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: „რისთვის?“. ჩემი თავი გადავამოწმე და ჩავუღრმავდი, იქნებ, მე დავუშვი სადმე შეცდომა. ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვე და წინაპრებს გადავწვდი. პაპების თაობაზე პასუხისმგებელი ვერ გავხდი, რადგან შორეული წარსულის ბევრი არაფერი ვიცი…
ჩემი ვაჟი ყოველთვის ჩემს გულშია და ჩემს ხვიშიადსაც მხოლოდ ლექსებს ვუზიარებ…
ჩემმა მეუღლემ მაშინვე გაიგო, რომ ჩემთვის უმჯობესი იყო ცხვარში წასვლა, რომ მე ეს გადამარჩენდა, ამიტომ მაჩუქა ეს 12 წელი და თავად მოიკლო. მან თავისი გლოვაც არ დამანახა, ჩემთან ცრემლი არ გადმოუგდია, გულში იწურავდა, მე არ მაჩვენებდა. ღმერთს ვეხვეწები, შემაძლებინოს მისი ამაგის გადახდა. თუ საქმით ვერ მოვახერხებ, ჩემი შემოქმედებით მაინც. იმ ქვეყანაშიც ვალით წავალ და მასზე ლოცვას გავაგრძელებ, – უამბო ,,სარკეს” პოეტმა.
ის შვილის მკვლელობის შესახებ ყვება:
,,ჩხუბს ერიდებოდა. ერთადერთი, რასაც ვერ იტანდა, დედის შეგინება იყო. იმ დონეზე უყვარდა დედა, ამას არც მე მაპატიებდა და ამას შეეწირა კიდეც.
თიანეთში, ჩვენს სოფელში ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ერთმა მათგანმა ჩვენს სოფლელ ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენა. ბექას უთქვამს, ნასვამი ხარ, გეყოფაო. მან შეაგინა… ბექამ სცემა. მერე უთხრა, ხვალ შევხვდეთ და თუ დამნაშავე აღმოვჩნდები, ბოდიშს მოგიხდიო. მეორე დღეს ჩვენი სახლის უკან გადმოვიდა და პირდაპირ იარაღი ესროლა. 23 წლის ბიჭი მომიკლა”.

