“მაზლის ცოლი მეუბნება, სახე დაგიჭკნაო”

"მაზლის ცოლი მეუბნება, სახე დაგიჭკნაო"ბოროტ ადამიანებს რა გამოლევს დედამიწაზე, ჰოდა, ჩემი მაზლის ცოლიც ერთ-ერთი მათგანია. ვითომ სათნო ღიმილის უკან დიდ ბოროტებას მალავს.

ყოველთვის ვცდილობდი, განზე ვმდგარიყავი. არასოდეს მაინტერესებდა მისი ცხოვრება, გარდერობი, კოსმეტიკა. რაც მქონდა, ყველაფერი მაკმაყოფილებდა, მისი რაღაცებისკენ თვალი არასოდეს წამგორებია.

პედაგოგი ვარ. ჩემს ხელში ბევრმა მოსწავლემ გამოიარა. ბავშვებს სახლშიც ვამზადებდი, დარჩენილ დროს ქმარსა და შვილებს ვუთმობდი,  სხვა რაღაცებისთვის არც მეცალა. სიმართლე რომ გითხრათ, არც მაინტერესებდა, ვის რა ეცვა და ვის რამდენი წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდა.

მაზლის ცოლს არასოდეს უმუშავია. გარეთ მხოლოდ მაშინ გადიოდა, რამის ყიდვა თუ სურდა ან სალონებში თუ იყო წასასვლელი. მის ცხოვრებაში არასოდეს ჩავრეულვარ, მაგრამ მას როგორც შეეძლო, ისე მკბენდა ნათესავებთან. სულ იმის კომპლექსი ჰქონდა, რომ მე მასწავლებელი ვიყავი, თვითონ – უდიპლომო და ამის კომპენსაციას ჩემი დამცირებითა და ჩემზე ჭორაობით იღებდა.

ორი თვის წინ ნათესავის ქორწილში ვიყავით. თვითონ საგანგებოდ მომზადებული და გამოპრანჭული მოვიდა, მე ის ჩავიცვი, რაც მქონდა. ნათესავებმა ძალიან თბილად მიმიღეს, მომიკითხეს, ბავშვების ამბები გამომკითხეს. ჩემს რძალს კომპლიმენტები დააკლდა, ამიტომ ჯავრი ჩემზე იყარა და ხალხის გასაგონად მითხრა, ვაიმე, სახე როგორ დაგიჭკნაო.

ეს სიტყვები ეკალივით მომხვდა გულზე. ვერაფერი ვუთხარი, მაგრამ მთელი საღამო ჩამშხამდა. სახლში რომ მოვედი და სარკეში ჩავიხედე, ჩემი თავი მართლა მობერებული მეჩვენა. ამ დღის მერე ვეღარ ვიშორებ ფიქრს, რომ დავბერდი და ჩამოვჭკნი. ეს ისეთი საშინელი შეგრძნებაა, ვერ გადმოგცემთ! ასეთი არასოდეს ვყოფილვარ, ასე მტკივნეულად გარეგნული ნაკლი არასოდეს განმიცდია, ახლა კი არ ვიცი, რა მემართება.

რძალმა მიზანში გაარტყა, მწარე სიტყვები ისეთ დროს და ისეთ სიტუაციაში მითხრა, რომ სამუდამოდ მომშხამა. ახლა ჩემს ფიქრებს ვებრძვი, რომ ცუდი შეგრძნებებისგან გავთავისუფლდე.

“სარკის” მკითხველი