ირმა კუსიანი: “მაია ასათიანისა და მისი შვილის პორტრეტებს რომ ვხატავდი, ვტიროდი”

ირმა კუსიანი: "მაია ასათიანისა და მისი შვილის პორტრეტებს რომ ვხატავდი, ვტიროდი"“ეს არ ვიცი, რა არის ჩემთვის… რაღაც სხვა ემოციაა. ჩემი საყვარელი მხატვარია ირმა კუსიანი, რომელსაც ვთხოვე ჩემი და ნუცას პორტრეტის დახატვა. ოღონდ მინდოდა, ამ ნახატზე ერთად ვყოფილიყავით და არ მინდოდა, რომ ნუცა წარსულში ყოფილიყო და, რომ ვუყურებ, ასე მგონია, ჩემი შვილი სახლშია.

ამ სურათის წინ ჯდომა ჩემთვის კატასტროფაა, მაგრამ ვზივარ და ვუყურებ, რადგან ჩემი ცხოვრება ეს არის და სხვა არაფერი. უცნაური ნახატია – დილით სხვანაირია, საღამოს სხვანაირი, მზის სინათლეზე სხვანაირი და ჩემი შვილიც სხვანაირია ამ სხვადასხვა სინათლეზე. მეც ვუყურებ და ველაპარაკები”, – ასე გადმოსცა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა თავისი ემოცია გადაცემა “პროფილში” მხატვარ ირმა კუსიანის მიერ შესრულებულ ნახატზე, სადაც თვითონ და მისი გარდაცვლილი შვილი, ნუცა მახვილაძე არიან გამოსახული.

ირმა კუსიანი “სარკესთან” ყვება, რომ პირველად შეუკვეთეს გარდაცვლილი გოგონას პორტრეტი, რომელიც, როგორც ცოცხალი, ისე უნდა წარმოეჩინა. ამიტომაც ეს ნახატი ისეთი ემოციებით შეასრულა, რომლებიც მანამდე არ გამოუცდია.

– მაია ასათიანმა თქვა თქვენ ნახატზე, უცნაური ნახატია, დილით სხვანაირია, საღამოს სხვანაირი და ჩემი შვილიც სხვანაირია ამ სხვადასხვა სინათლეზეო…

– მაია ასათიანისნაირი ადამიანები ძალიან იშვიათად შემხვედრიან ცხოვრებაში. ძალიან ძლიერი პიროვნებაა. სულ სხვანაირს ვხედავდი ეკრანზე და სულ სხვა ვნახე რეალურ ცხოვრებაში.

მაიამ დამირეკა და მითხრა, ძალიან მომწონს თქვენი ნამუშევრები და მინდა ასეთი ნახატიო. შევხვდი და დავილაპარაკეთ. მითხრა, მინდა, როგორც ცოცხალი, ისე იყოს ჩემი შვილი და თან ჩემთან ერთადო. ვეცადე, გადმომეცა ეს განწყობა.

მაია რომ ამბობს, სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირიაო, ამას ქმნის ის ფონი, რომელიც ნახატს აქვს. ოქრო ანათებს სხვადასხვაგვარად სურათს. დღის შუქზე სხვაგვარია, საღამოს – სხვანაირი. მე მიყვარს ოქროს გამოყენება ნახატებში. ამას ოქროს ფურცლები, ვარაყი ჰქვია.

მანამდე არ მქონია ასეთი შინაარსის შეკვეთა და არ იყო მარტივი. თან ვტიროდი და თან ვხატავდი. იმდენად შევიგრძენი ეს ტრაგედია…

– მძივია უწყვეტი ნახატზე. დედაშვილობის უწყვეტი ერთობის სიმბოლოა ალბათ…

– დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ნუცა აღარ არის, მაინც სულ ერთად არიან. როდესაც ხატვა დავიწყე, მაიას ქერა თმა ჰქონდა და ისეთი დავხატე, როგორიც იმ წუთას იყო.

– ხომ არ ესწრებოდა კიდეც ხატვის პროცესს?

– არა. რამდენიმე ფოტო მქონდა მისი და ნუცასი. უზომოდ საინტერესო ადამიანია და ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი. რაღაც სხვანაირად ღრმა ადამიანია. ზედმეტად კეთილია და ძლიერი. იმხელა ძალა ჩანს მასში, იშვათად თუ შემხვედრიან ცხოვრებაში მსგავსი ძლიერი ადამიანები.

 რუსუდან ადვაძე, სარკე