“დედამთილის ნათესავმა, ტრადიციულმა ოჯახის კაცმა, გამაუპატიურა”

"დედამთილის ნათესავმა, ტრადიციულმა ოჯახის კაცმა, გამაუპატიურა"მომავალ წელს 60 წლის გავხდები. 2 შვილი და 5 შვილიშვილი მყავს. დღემდე ვმუშაობ, ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი მაქვს, მაგრამ ბედნიერი მაინც არ ვარ. ეს კი იმ ტრავმის გამოა, რაც ახალგაზრდობაში გადავიტანე.

ერთი შვილის დედა ვიყავი, როცა ნაძირალა კაცმა გამაუპატიურა. ის ოჯახის ახლობელი იყო, ჩემი დედამთილის ნათესავი. მათი რძალი რომ გავხდი, იმ ნაძირალამ დიდი ყანწით მადღეგრძელა. ლაპარაკობდა ქართულ ოჯახზე, ქართველ ქალზე, დედაზე, სამშობლოზე…

ჩემს ოჯახში დაფასებული იყო, ცოლ-შვილთან ერთად ხშირად მოდიოდა და ჩვენც  დიდ სუფრებს ვუშლიდით. ჩემი ქმარი და მამამთილი საუკეთესო ღვინოს ასმევდნენ და საუკეთესოდ უმასპინძლდებოდნენ.

ერთხელ სახლში მომადგა. მარტო მე ვიყავი შინ. ბავშვი დედამთილს და მამამთილს ჰყავდათ წაყვანილი, ჩემი ქმარი სხვა ქალაქში იყო საქმეზე. ეს ყველაფერი კარგად იცოდა და ზუსტად დაგეგმა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. ისე მოვიდა, თითქოს ჩემებთან რაღაც საქმე ჰქონდა.

რა თქმა უნდა, სახლში შემოვიპატიჟე და, როგორც მიჩვეული ვიყავი, სუფრის გასაშლელად მზადება დავიწყე, თან მამაჩემთან დასარეკად მოვემზადე, რომ მოსულიყო და სუფრასთან მასთან ერთად დამჯდარიყო. ტელეფონისთვის რომ გავედი მისაღებ ოთახში, დამეტაკა, პირზე ხელი ამაფარა და სხვა ოთახში შემათრია. პირზე ისე მიჭერდა ხელს, რომ ვერ ამოვისუნთქე, გონება დამებინდა, თან იატაკზე დამაგდო და თავიც გამიტეხა.

იმ დღეს იმ მხეცის მსხვერპლი გავხდი, გამაუპატიურა. ჩემები სახლში რომ დაბრუნდნენ, საწოლზე მისვენებული დავხვდი. მოვიტყუე, რომ სველ იატაკზე ფეხი ამიცურდა, ძირს დავვარდი, თავი იატაკს დავარტყი და გონება დავკარგე.

ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ წარმოვიდგინე, როგორ ვკლავდი, როგორ მეხვეწებოდა შებრალებას, მაგრამ არ მეცოდებოდა. რა თქმა უნდა, ამას არ და ვერ გავაკეთებდი, რადგან მასავით მხეცი ვერ გავხდებოდი.

მინდა, ყველა ქალს ვუთხრა, მოძალადეებს ხელს ნუ დააფარებთ, ამხილეთ, უჩივლეთ. მე რომ ასე მოვქცეულიყავი, ის თავისუფლად ვეღარ ივლიდა, სუფრის თავში არავინ დასვამდა და არავინ მისცემდა უფლებას, ოჯახის სიწმინდის სადღეგრძელო დაელია.

“სარკის” მკითხველი