“არ გავთხოვდი, რადგან სულ ისეთ კაცებს ვუნდოდი ცოლად, ღიპზე რომ ღვინის ჭიქას იდგამენ”

"არ გავთხოვდი, რადგან სულ ისეთ კაცებს ვუნდოდი ცოლად, ღიპზე რომ ღვინის ჭიქას იდგამენ"მარიამი მარტოხელაა და თავის პრობლემებზე “სარკესთან” საუბრობს.

– აქტიური ქალის პირადი ცხოვრება რატომ ვერ აეწყო?

– შინაურები მეუბნებიან, წუნია ხარო. ფიქრობენ, რომ ამიტომაც ვერ შევქმენი ოჯახი. იქნებ ასეცაა, მაგრამ ხომ უნდა შეგხვდეს სათანადო ადამიანი, ვისთანაც დაოჯახებას გადაწყვეტ? რატომღაც უმეტესად ისეთი კაცები მხვდებოდნენ, ღიპზე რომ იდგამენ ღვინის ჭიქას და ეს ვაჟკაცობა ჰგონიათ… არ შემიძლია კაცის სმის ატანა.

მაინცდამაინც ლოთებს არ ვგულისხმობ. ქეიფის მოყვარული კაცებიც არ მხიბლავს. ვერც სიგარეტის მწეველებს ვეგუები. არსებობენ ისეთი კაცებიც, მე რომ მომწონს, მაგრამ ისინი სხვა ქალების ქმრები არიან.

– შეგიძლიათ კონკრეტული შემთხვევა გვიამბოთ?

– წარსულში ერთი ბიჭი იყო, დაახლოებით ჩემი ასაკის, პარალელურ ქუჩაზე ცხოვრობდა. სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობდით და სკოლაში მიმავლებს საერთო ქუჩა უნდა გადაგვეკვეთა. ერთმანეთს გზაჯვარედინზე ვხვდებოდით, თუმცა დიდად ყურადღებას არ ვაქცევდით. დამამახსოვრდა იმით, რომ მას თავისი უმცროსკლასელი დაიკო მიჰყვებოდა გვერდით, მე კი ჩემი პატარა ძმა დამყავდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ თვალი არ მომიკრავს. მერე სავარჯიშო დარბაზში შევხვდი და ვიცანი.

ვერ ვიტყვი, რომ ჩემში რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა მის მიმართ. უბრალოდ ადამიანური დამოკიდებულების საკითხი იყო.

– ის ადამიანი დაოჯახდა?

– დიახ, არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს, კარგი მეოჯახე გამოდგა. მისი ცოლი ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა.

– ახლა არავინ ჩანს?

– არის ერთი კაცი. ცუდი პიროვნება არ ჩანს. ასე თუ ისე, დასაქმებულია. მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობს. მეუღლეს წარსულში გაეყარა, როგორც ამბობს, ცოლის მიზეზით. შვილები არ ჰყავს. მონდომებულია, რომ ჩემთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომ ერთად დავბერდეთ.

– თავს რა მიზეზით იკავებთ?

– მარტოხელობას მიჩვეულისთვის ცხოვრების დაკავშირება სხვა ადამიანთან ძალიან რთულია. მიყვარს მეგობრების ჩემს სახლში დატოვება, მაგრამ 3-4 დღის შემდეგ კვლავ მარტოობის სურვილი მძლევს, შინაგანად ვითრგუნები სხვისი პრობლემებით. უპრობლემო ხომ არავინაა, მით უფრო ჩვენს ასაკში. სიყრმის მეგობართან რომ ვერ ვძლებ რამდენიმე დღეზე მეტს, უცხო კაცს როგორ შევეგუები?! რა სიკეთე უნდა გამიკეთოს ისეთი, რომ ახლო მეგობარზე წინ დავაყენო?

– იქნებ ეს ბოლო შანსია?

– ბედი რომ იყოს, განწყობაც სხვაგვარი მექნებოდა. რაკი სურვილი არ მაქვს, ესე იგი არ არის ჩემი ბედი,  ხომ გაგიგიათ ანდაზა – სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი.

 ნანა კობახიძე, სარკე