თემურ ცაგურია: “მინდა საქართველოში ცოლ-შვილი ჩამოვიყვანო”

თემურ ცაგურია: "მინდა საქართველოში ცოლ-შვილი ჩამოვიყვანო"მომღერალი თემურ ცაგურია, რომელიც 30 წლის წინ აშშ-ში წავიდა, წელს საქართველოში ჩამოვიდა. ის ცდილობს, უვიზოდ ცხოვრების უფლება მოიპოვოს და ოჯახიც ჩამოიყვანოს.

– როგორ შეეგუეთ და ააწყეთ ცხოვრება ოკეანის გაღმა, უცხო ქვეყანაში?

– ამერიკაში დარჩენას არ ვგეგმავდი, წლების შემდეგ დაბრუნებას ვფიქრობდი, მაგრამ შემოვრჩით.

მერილენდის შტატში, ქალაქ როქვილში დავსახლდით. ვაშინგტონამდე 20 წუთის გზაა მეტროთი. თითქმის ვაშინგტონში ვცხოვრობთ. ამერიკაში ადაპტაცია ძალიან გამიჭირდა, სანამ ენას ვისწავლიდი და ორ სიტყვას გადავაბამდი…

– კმაყოფილი ხართ თქვენი ამერიკული ცხოვრებით, შვილებმა გაიკაფეს გზა?

– შვილებმა ნორმალურად აიწყვეს ცხოვრება. ჩემმა გოგომ, მარიამ (მარიამმა), სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მარტო ხატვით ძნელია ამერიკაში თავი გაიტანო, ამიტომ სტილისტადაც მუშაობს.

ვაჟი ვიქტორი კი სახელმწიფო სამსახურის მენეჯერია, კამერებს ამონტაჟებენ. დაოჯახებულია, მისგან ერთი შვილიშვილი მყავს.

– რატომ გაჩერდით ფოთში?

– ზღვა ჩემი სულის ნაწილია, ცურვა ძალიან მიყვარს. ფოთელია ჩემი უფროსი შვილი მარინა, რომელიც პირველი მეუღლისგან მყავს. მისი დედაც ფოთში ცხოვრობს. მეც შორიახლოს დავსახლდი, რომ შვილმა და შვილიშვილებმა ჩემთან იარონ. ერთოთახიანი ბინა ვიქირავე ზღვისპირას. შვილიშვილი მღერის, ერთად ვმღერით ხოლმე.

– ამერიკიდან ჩამოსულს როგორი დაგხვდათ საქართველო, რა ცვლილებები დაინახეთ?

– 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს 3-ჯერ ჩამოვედი და სულ სხვა საქართველო დამხვდა. საქართველო აღდგა, უკვე შემიძლია, მოწინავე ქვეყნებს შევადარო. იგრძნობა, რომ ეს არის სახელმწიფო, სადაც კანონი კანონობს.

– ცნობილია, რომ სიმღერა “მწყემსურმა” საქართველოს მომავალ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაგაკავშირათ.

– საქართველოს ფილარმონიას ჰქონდა ასეთი პროგრამა –  ორკესტრის მსახიობებს ქართველი მწყემსებისთვის უნდა გაგვემართა კონცერტები დაღესტანში, სხვადასხვა ადგილას, ცხვარს მიერეკებოდნენ საზამთრო იალაღებზე.

იმ დროს ზვიად გამსახურდია გადასახლებაში იმყოფებოდა დაღესტანში, ყიზლარში. მას არ გამოუტოვებია არც ერთი ჩვენი კონცერტი, ავტობუსშიც ჩემ გვერდით იჯდა, ვსაუბრობდით. არ დამავიწყდება ის სიყვარული, რასაც უბრალო ადამიანები, მწყემსები მის მიმართ გამოხატავდნენ, რომელთაც საქართველოს თავისუფლება სანუკვარ ოცნებად ჰქონდათ ქცეული.

ზვიადს, როგორც ხატს, ისე უყურებდნენ. ერთად ვუსხედით მწყემსების სუფრას. ჩვენს კონცერტებზე ზვიადის ქართული სული ტრიალებდა.

პოლიტიკაში არ ვერევი, ჩემი პოლიტიკა ჩემი სიმღერებია. რამდენჯერაც პოლიტიკაში წასვლა  შემომთავაზეს, უარი ვთქვი. ზვიადმაც მითხრა, ჩემ გვერდით იყავიო. ვუპასუხე, ზვიად, ჩემს საქმეს უკეთ ვაკეთებ-მეთქი. დამეთანხმა, მართალი ხარო.

 ნანა კობახიძე, სარკე