“პირველი ქმარიც გავაღმერთე და მეორეც, მაგრამ ორივემ მიმატოვა”

"პირველი ქმარიც გავაღმერთე და მეორეც, მაგრამ ორივემ მიმატოვა"25 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. არ მიყვარდა, მოტყუებით წამიყვანა და ისეთი გარემო შექმნა, იძულებული გავხდი, დავრჩენილიყავი. რადგან არ მიყვარდა, სიყვარულის სწავლა დავიწყე. გამოვიგონე, რომ ის საოცარი ადამიანი იყო და შევიყვარე. ჩვენ შორის პრობლემები რომ გაჩნდა, მაშინ უკვე ძალიან მიყვარდა. მისთვის უამრავი რამ გავაკეთე, სულ ვცდილობდი, ძლიერი საყრდენი ვყოლოდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. სხვა ქალი შეიყვარა და თანაც პირდაპირ გამომიცხადა, რომ ჩემთან ცხოვრება აღარ სურდა.

ჩემი ოჯახისთვის ბრძოლა რომ დავიწყე, დედამთილი განზე დადგა. ერთ დღეს ძალიან ვტიროდი და იმის ნაცვლად, როგორც ქალს, ქალი შევცოდებოდი, მითხრა, ასე იცის ბიჭზე აკიდებამო. განმარტება რომ მოვთხოვე, რას ნიშნავდა, აკიდება, მიპასუხა, ჩემს შვილს ერთ ღამეში მოაწონე თავი და გამოეკიდეო. მოტყუებით რომ წამიყვანა ცოლად, თურმე ეს აკიდება ყოფილა.

ჩემი ქორწინება ვერ გადავარჩინე, ქმარი სხვასთან წავიდა. ამის მერე საშინელი დღეები დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. აღარავის ვენდობოდი, ადამიანების სიტყვის აღარ მწამდა.

ქმართან გაშორებიდან 6 წლის მერე კი გავიცანი კაცი, რომელიც ძალიან დათრგუნული, განადგურებული იყო. მას ცოლმა დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. სახლიდან გაიპარა და დაიკარგა. კარგა ხანს არ იცოდნენ, სად იყო. მერე გაიგეს, რომ თურქეთში იყო წასული. იქიდან დაბრუნდა, ქმრისგან ბიჭი წაიყვანა, გოგო კი მამასთან დატოვა და ისევ გადაიხვეწა.

ერთნაირმა წარსულმა დაგვაახლოვა და დავქორწინდით.

მისი შვილი საკუთარი შვილივით მივიღე. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ერთ დღეს ჩემი ბედნიერება თავზე ჩამომემხო. ქმარი თავის ყოფილ ცოლს შეურიგდა.

ჩემს ტკივილსა და ცრემლებზე ქმრის ნათესავებისგან იგივე პასუხი მივიღე, რაც წლების წინ დედამთილისგან – აეკიდე და, აბა, რას ელოდიო.

ანა ლაშხელი ონიანის სიტყვებს ვიტყვი: “მივხვდი, რომ შეგიძლიათ იოცნებოთ, მაგრამ ფრთებს ცაში ნუ დატოვებთ, მიწაზე დანარცხება მტკივნეულია”.

სარკის ერთგული მკითხველი