40 წელს გადაცილებულმა მარტოხელა ქალმა, მარიკომ, ორჯერ ნახა სიმბოლური სიზმარი: ერთხელ – ახალგაზრდობაში, მეორედ – მოწიფულ ასაკში.
მარიკო:
– სიზმარში ნანახი ბიჭი შემიყვარდა. 16 წლის ასაკში მესიზმრა. სიზმარში ფილმს იღებდნენ. გოგოს როლის შემსრულებელს ეძებდნენ და მომაკვლიეს. სახლში მომაკითხეს და წამიყვანეს.
შეყვარებული ბიჭი უნდა მოსულიყო ჩემთან და მისთვის მონოლოგი წამეკითხა. მოიყვანეს ბიჭი, საშინლად არ მომეწონა. მორიგ კადრში უნდა ეკოცნა. ბიჭი აღარ დაელოდა და ნაადრევად გამოიწია საკოცნელად. ზიზღით ხელი ვკარი.
უცებ გადასაღებ მოედანზე შემოხტა ერთი ბიჭი კამერით ხელში, ჩემი პარტნიორი ძირს დასცა, კამერა რეჟისორს მიუგდო და მოედნიდან გამიყვანა.
უეცრად გავფრინდით. სადღაც ბუნებაში მდელოზე მოვხვდით. ვკითხე, ასე რატომ მოიქეცი-მეთქი. მიპასუხა, გადაგარჩინეო და თვალებში ჩამხედა. საოცრად ლამაზი, ლურჯი, ღრმა თვალები ჰქონდა. გული ამიფრთხიალდა. ბიჭმა გამიღიმა და გზა მიჩვენა, იქით უნდა წახვიდეო, თვითონ კი სხვა მიმართულებით წავიდა. ვეცადე, დავდევნებოდი, მაგრამ რაღაც ძალამ არ გამიშვა. ბიჭი თვალს მიეფარა თუ არა, ის გზაც გაქრა. დარჩა მხოლოდ ბილიკი, ჩემი სავალი გზა, რომელზეც ბიჭმა მიმითითა.
მერე ის ბიჭი ჩემს გრძნობებში. მართლა შემიყვარდა.
ამის მერე, ვისთანაც შეიძლებოდა რაღაც მქონოდა, ყველას ვიწუნებდი. შეყვარებული არ მყოლია. მერე ავარიაში მოვყევი და ლამის ნაწილებად დავიშალე, ძლივს ამაწყვეს. ჩავიფიქრე, თუ გადავრჩები, ცხოვრებას შევცვლი-მეთქი.
– რა შეცვალეთ?
– გადავწყვიტე, ცალკე გავსულიყავი საცხოვრებლად. ბევრი ვეძებე და ბოლოს ერთ ბინაზე შევჩერდი. შვილმკვდარი დედა ცხოვრობდა. დიდი ხნის წინ ვაჟი ჰყავდა გარდაცვლილი. პირველად რომ შევედი ამ ბინის სანახავად, კედელზე იმ გარდაცვლილი ბიჭის ფოტოები ეკიდა. სპორტსმენი ყოფილა, ავარიით დაღუპულა წლების წინ. ამან ვერ შემაფერხა ბინის ყიდვაში, ზოგადად კი მძიმე აურიან ბინებს გავურბოდი. ფაქტია, რომ რაღაცამ მიმიზიდა.
– ბინას როგორ მოერგეთ?
– თავისუფლება კარგი რამეა, როგორ არ მოვერგებოდი. ერთ ღამეს ახალ სახლში სიზმარი ვნახე: თითქოს ჭერი გაიხსნა და ცა გამოჩნდა. ცაზე კი ბიჭის სახე გამოისახა. გამიღიმა და გაუჩინარდა. იმ გარდაცვლილი ბიჭის ფოტოს ჰგავდა, ვისი ბინაც ვიყიდე. ეს სახე ამეკვიატა და ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი სიზმრის გმირს დავუკავშირე, რომელსაც ივიკო შევარქვი. მართლაც ჰგავდა თვალებით და მზერით. ფოტოგრაფიით ყოფილა გატაცებული, ესეც დაემთხვა ნაწილობრივ.
– ამ ყველაფერს როგორ ხსნით?
– ვფიქრობ, რომ შეიძლება ის იყო ჩემი ბედი. ბიჭი თითქმის ჩემი კბილა იყო, ცოტა უფროსი. პირველად რომ მესიზმრა, წინა წლის გარდაცვლილი იყო მაშინ. სიზმარი სიმბოლურად აღვიქვი. ისიც ავტოავარიით დაიღუპა თავის დროზე. მეც ავარია შემემთხვა მოგვიანებით. სიზმარშიც ხომ ერთად გავფრინდით, მერე მდელოზე მიმატოვა, თავისი გზით წავიდა, მე კი ჩემს სავალ ბილიკზე მიმითითა… ასე აეწყო ჩემი ცხოვრებაც იმ სიზმრის სცენარივით.
ნინია კახიძე, სარკე

