აბიტურიენტი ვარ, 17 წლის გოგო. იმის ნაცვლად, რომ მობილიზებული ვიყო და ეროვნულ გამოცდებზე ვფიქრობდე, მასწავლებლის მოგერიება მჭირდება, დიახ, მოგერიება, რადგან რასაც ის ჩადის, ამას თავდასხმა ჰქვია. დღე არ გავა, არ გამლანძღოს. უკვე აღარ ვიცი, ამ ქალს რა მოვუხერხო.
2 წლის წინ მის დასთან მივედი მოსამზადებლად. კარგი მასწავლებელია და მისი მადლიერიც ვარ, მაგრამ მეორე წელს სულ ერთსა და იმავე მასალას მამეორებინებდა, წინ ვერ მივდიოდი. მივხვდი, რომ ამ ცოდნით ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩავაბარებდი, ამიტომ წელს მასწავლებელი შევიცვალე და სხვასთან მომზადება დავიწყე.
სკოლაში ვმალავდი, სხვასთან რომ დავდიოდი, მაგრამ ჩემი მასწავლებლის ყურამდე მაინც მივიდა. ერთ დღეს კლასში შემოვიდა და პირდაპირ მითხრა, ჩემმა დამ რითი არ დაგაკმაყოფილა, მაინც რა გინდა, რომ მაგ ცარიელ თავში შეუშვაო. იმდენად აგრესიული იყო, დავიბენი და სიტყვა ვერ შევუბრუნე.
ფსიქოლოგიურ ტერორში ვყავარ. ლაპარაკობს, რა ცუდია ის ადამიანი, რომელიც სხვას ლუკმას აცლის პირიდან. ერთხელ ისიც კი თქვა, ვინც ჩემს ობოლ დისშვილებს ლუკმა გამოაცალა, არმად შეერგოსო.
მის დას ქმარი გარდაცვლილი ჰყავს და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ყველაფერი მესმის, მაგრამ ამის გამო მე რატომ უნდა დავიჩაგრო?!
მის გაკვეთილებზე შესვლა აღარ მინდა, მაგრამ ვიცი, ნიშანს გამიფუჭებს და მედლის გარეშე დამტოვებს. ამიტომ ჯერჯერობით ვუძლებ, მაგრამ ბოლომდე ასე ვერ იქნება და ჩემს სიტყვას აუცილებლად ვიტყვი, რაც ძალიან არ მოეწონება. სანამ ამას გავაკეთებ, ჯობია, ან თავად მიხვდეს თავის შეცდომას და ჩემი ბულინგი შეწყვიტოს, ან დირექტორმა ჩვენს კლასში შემოსვლა აუკრძალოს. არჩევანი მათზეა.
სარკის მკითხველი

