ჩემმა ძმამ ცოლად რომ მოიყვანა, ჩემი რძალი სილამაზით არ ბრწყინავდა და არც მოვლა ეტყობოდა. სოფელში გაზრდილი, ჯანსაღი გარეგნობის გოგო იყო. ბავშვი რომ გააჩინა და ბაღში მიიყვანა, იქ სხვა ბავშვების დედები გაიცნო, თბილისელი გოგოები და მათ სტანდარტებზე აეწყო.
ცდილობდა, ყველაფრით მათ დამსგავსებოდა. ისე შეიცვალა, გაოცებულები ვუყურებდით. ბოლოს კრედიტი გამოიტანა, რომ სახიდან ცხიმი თუ რაღაც მოეშორებინა. ამის გამო მამაჩემმა საყვედური გამოთქვა, მას ჩემი ძმაც აჰყვა და ოჯახში სერიოზული ჩხუბი ატყდა.
რძლის არგუმენტი იყო, ორ ბავშვს ვზრდი, ოჯახს ვუვლი და იმის ღირსი არ ვარ, თავს მივხედოო. გავიდეს გარეთ და იმუშაოს, თითოეულ წამწამს რომ ჩასჩერებია და სხეულზე ყველა ბეწვს დასდევს. ჩემმა ძმამ ულვაშებმოშვებული მოიყვანა და ახლა ბოტოქსების გარეშეც არ დაიწუნებს.
ვურჩიე, აღარ ევლო პლასტიკურ ქირურგებთან და ხმას აღარ მცემს.
ამას წინათ დედაჩემის აფთიაქი დავათვალიერე და ძალიან გავბრაზდი, როცა ექიმის მიერ გამოწერილი წამლის ნაცვლად ქართული წარმოების იაფფასიანი მედიკამენტი ვნახე. მისი რძალი ფულს გელებსა და ბოტოქსებში უშვებს და დედაჩემმა წამლის ეკონომია რატომ უნდა გააკეთოს?!
ამ ყველაფერს რომ ვამბობ, თურმე ცუდი მული ვარ და ლამაზი რძლის მშურს. ასე ნამდვილად არ არის. არც მშურს და არც მისი და მისი ქმრის საქმეებში ჩავერეოდი, ცალკე რომ ცხოვრობდნენ და ჩემს მშობლებს არ აწუხებდნენ. სანამ ჩემს დედ-მამასთან ერთად არიან, თავს ყოველთვის მივცემ უფლებას, ვუთხრა, რომ პლასტიკურ ქირურგებთან სირბილს სჯობია, საკუთარ და ოჯახის ჯანმრთელობას მიხედოს.
სარკის ერთგული მკითხველი

