16 წლის გოგო ვარ, მეგობარი მყავს, რომელთანაც საკმაოდ დიდ დროს ვატარებდი. ერთ დღეს დედაჩემმა მის სახლში გადაღებულ ფოტოზე დივანი დაინახა, მოეწონა და მთხოვა, მეკითხა, სად შეიძინეს. აღმოჩნდა, რომ მამამისმა გააკეთა. ის ავეჯის საწარმოში მუშაობს.
დედა ჩემი მეგობრის დედას დაუკავშირდა და სთხოვა სამზარეულოს ავეჯის აწყობა. იმ კაცს ბევრი შეკვეთა ჰქონდა, მაგრამ ჩემი ხათრით ვიღაცებს უარი უთხრა და ჩვენი სამზარეულოს გაკეთება დაიწყო.
დედაჩემი ყოველდღე ურეკავდა და ხან რის შეცვლას სთხოვდა, ხან რის. ერთხელ დაურეკა და უთხრა, სიმაღლე ვერ გათვალე, კარი თუ ღია დარჩა, ჩემი ქმარი თავს ურტყამსო. ეს კაცი მოვიდა, ის ზომები აჩვენა, რაც დედაჩემმა ჩააწერინა, მერე აზომა და უთხრა, ზუსტად ემთხვევაო. მაინც შარი მოსდო, ხელოსანი შენ ხარ და რჩევა უნდა მოგეცაო.
დედა ამაზე არ გაჩერებულა, გაბრაზებულ გულზე ყველაფერი დაუწუნა, მასალის ხარისხიც კი, რომელიც თავად, საკუთარი ხელით აარჩია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ კაცმა უთხრა, წავიღებ, გავყიდი, ფულს დაგიბრუნებთ და თქვენ სხვა ხელოსანს შეუკვეთეთო. დედამ ესეც იუკადრისა, ასეთი რამ როგორ მაკადრე, ამაზე უკეთესები გადამიყრია და არც ეს დამენანებაო.
მეგობარს ბოდიში მოვუხადე. კი, მითხრა, არა უშავს, უფროსები მორიგდებიანო, მაგრამ ვიცი, გული ეტკინა. მომწერა, ჯობდა, მამაჩემისთვის მეთქვა, თქვენთვის არაფერი გაეკეთებინაო.
ნეტა, მართლა! ამის მერე ჩემს ნაცნობს დედაჩემთან არ გავაკარებ. მეგობარმა რაც უნდა მითხრას, მე რამდენი ბოდიშიც უნდა ვუხადო, ზუსტად ვიცი, ძველებური ურთიერთობა აღარ გვექნება. ამ ყველაფერში დედაჩემია დამნაშავე. მისი მოსაწონი არავინ და არაფერი არსებობს დედამიწაზე, საკუთარი შვილებიც კი!
სარკის ერთგული მკითხველი

