პომიდორი სილამაზისთვის, კრემი ხელებისთვის, კანის მკვებავი პროდუქტები

პომიდორი სილამაზისთვის, კრემი ხელებისთვის, კანის მკვებავი პროდუქტები,,სარკე”, აზა გაგოშიძე

პომიდორი სილამაზისთვის

მდიდარი ვიტამინური შემადგენლობის წყალობით, პომიდორი სახის ფერს აუმჯობესებს, ნაოჭებს ასწორებს და კანს აახალგაზრდავებს.

საშუალო ზომის პომიდორი გახეხეთ, ნახევრი კვერცხის გული, ცოტა ფქვილი ან სახამებელი დაუმატეთ და ყველაფერი კარგად აურიეთ. ნიღაბი სახეზე 20 წუთი დაიდეთ, შემდეგ ჯერ თბილი, მერე გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

დამატენიანებელი კრემი ხელებისთვის

1 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 ს.კ. არაყი და 4 ს.კ. გლიცერინი აურიეთ. შიგ კარტოფილის ფქვილი თანდათან იმდენი ჩაუმატეთ, რომ კრემის კონსისტენციის ნარევი მიიღოთ.

კრემი ხელის მშრალ კანს მშვენივრად ატენიანებს, წვრილ ბზარებსა და ნახეთქებს აშუშებს.

ის ვარ, რასაც ვჭამ

კრემები კანზე გარედან ზემოქმედებენ, პროდუქტები, რომლითაც ვიკვებებით, შიგნიდან ახდენენ გავლენას. ზოგიერთი მათგანი კანს შიგნიდან აახალგაზრდავებს.

ესენია:

ცხიმიანი თევზი: მდიდარია ა და დ ვიტამინებით, ცხიმმჟავა ომეგა 3-ით, რომელიც კანს ბრწყინვალებას ანიჭებს.

ნარინჯისფერი და წითელი ბოსტნეული (სტაფილო, წიწაკა, პომიდორი): მათ შემადგენლობაში არსებული ანტიმჟანგავი ბეტა-კაროტინი კანის განახლების პროცესში მონაწილეობს.

თხილეული: შეიცავს უნიკალურ ელემენტ კოენზიმ 10-ს, რომელიც აღდგენით პროცესს აჩქარებს.

მჟავე ხილი: ფორთოხალი, კივი, გრეიფრუტი შეიცავს ცე ვიტამინს, რომელიც კოლაგენის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს.