,,სარკე”, ნანა ჯანაშია-კუხიანიძე
დოქტორი ლალი დათაშვილი ,,სარკესთან” საუბრობს:
– ღვთისმშობლის ხატებს შორის ყველაზე ცნობილია ოდიგიტრია, ანუ გზის მაჩვენებელი. მას ერთ ხელში უჭირავს უფალი, სულ ერთია რომელში, მარჯვენაში თუ მარცხენაში. მეორე ხელით კი მიგვანიშნებს უფალზე, როგორც ცხოვრების გზაზე. ანუ ღვთისმშობელი გვიჩვენებს, აი, ეს არის ცხოვრება, ანუ მაცხოვარი და ამის გზით უნდა ვიაროთ.
მეორე ტიპია ელეუსა ანუ მოალერსე დედა. ესაა ხატი, როდესაც ღვთისმშობელს მიხუტებული ჰყავს მაცხოვარი. მას ორივე ხელით უფალი უჭირავს.
– რას გვეტყვით ხატზე ,,შენ ხარ ვენახი”?
– ეს არის ,,შენ ხარ ვენახი” დემეტრეს საგალობლის მიხედვით, მაგრამ ზოგადად ეს საგალობელი ,,შენ ხარ ვენახი ახლად აყვავებული” ეყრდნობა სახარების ცნობილ ფრაზას – მე ვარ ვენახი და მამაჩემი მოქმედია, ანუ როდესაც უფალი ეძახის თავის თავს ვენახს. ეს ხატიც გზის მაჩვენებელია.
– როგორ განვასხვავოთ მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობელი სხვა ხატებისაგან?
– საერთოდ მსწრაფლშემსმენლები ძირითადად არიან გვირგვინიანები. თუმცა არსებობენ უგვირგვინო მსწრაფლშემსმენლებიც.
– რა ძალა აქვს ამ ხატს?
– მართალმლოცველის შვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდვა თვითონ აიღოს და მიუტევოს.
– სამხელიანი ღვთისმშობლის ხატზე რას გვეტყოდით?
– ეს არის ოჯახის დამლოცველი და დიდი სასწაულების ჩამდენ ხატად ითვლება. იოანე დამასკელს რომ ხელი მოჰკვეთეს, ღვთისმშობლის ხატთან ილოცა და უთხრა, ალბათ ასე იყო საჭიროო და ხატთან ჩაეძინა.
როცა გაიღვიძა, მარჯვენა ხელი ისევ ჰქონდა. მადლიერების სიმბოლოდ გააკეთა მარჯვენა ხელი და ღვთისმშობელს მიართვა. ამის შემდეგაა ხატი ორი მარჯვენით და ერთი მარცხენით.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”

