,,თამარ მეფის გამზირზე საცვლის ამარა იდგა, მისი ფართხუნა შარვალი კოჭებთან ჩაჩაჩულიყო” – ნოველა

,,თამარ მეფის გამზირზე საცვლის ამარა იდგა, მისი ფართხუნა შარვალი კოჭებთან ჩაჩაჩულიყო" - ნოველა,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე, ,,იღბლიანი დღე”

მხიარული გოგო იყო ნათია. საშუალოზე დაბალი, ჩასუქებული, თეთრი, მკვრივი კანით. ზამთარ-ზაფხულ მკერდზე მოშიშვლებული დეკოლტე მისი სავიზიტო ბარათი იყო. ბოლო ერთ წელიწადში ორჯერ მოასწრო გათხოვება. ორივე მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა. ამის გამო ალბათ უნდა ენერვიულა, მაგრამ ნათიამ არ იცოდა დარდი. გათენებიდან დაღამებამდე მუშაობდა, ხალისობდა, ბოლომდე იხარჯებოდა, ლაპარაკობდა შეუსვენებლად, თქვენ წარმოიდგინეთ, ძილშიც კი.

ის დღეც ლაპარაკით დაიწყო. ჯერ კარგად გაღვიძებულიც არ იყო, უფროსმა რომ დაურეკა და შეახსენა, საკონსულოში შეხვედრაზე არ დაიგვიანოო. აბაზანისკენ გაიქცა და იქიდან გამოსული გზადაგზა ისწორებდა ტანსაცმელს. საცხოვრებელ კორპუსს კარგა მანძილზე იყო გაცილებული, როცა გაახსენდა, რომ ის კატალოგები, რომლებიც კონსულის თანაშემწისთვის უნდა ეჩვენებინა, შინ დარჩა.

პლატფორმიანი ფეხსაცმლითა და ფართხუნა შარვლით, რომლის რეზინიც წელში ისე უჭერდა, რომ სუნთქვა უჭირდა, შინ დაბრუნდა. ნაბეჭდი ქაღალდების დიდ შეკვრას ხელი დაავლო და ქუჩაში გავარდა. ტაქსი გააჩერა და ფონიჭალიდან თამარ მეფის გამზირისკენ მიმავალ გზაზე ხმამაღლა ფიქრობდა, როგორ ჩამოეყალიბებინა სათქმელი ისე, რომ პოტენციური შემკვეთი მათი სარეკლამო ბუკლეტებით დაეინტერესებინა.

კონსულის თანაშემწე ინგლისურად საუბრობდა, მათ შეხვედრას აუცილებლად თარჯიმანი დაესწრებოდა, რადგან ნათიამ უცხო ენაზე მხოლოდ ორი სიტყვა იცოდა, ერთი მადლობას ნიშნავდა, მეორე კი უცენზურო იყო, ის, ფილმებში რომ მოუკრავს ყური, მაგრამ ახლა ვერ გაიხსენა. ან რაში სჭირდებოდა, გინება კონსულის თანაშემწესთან.

მანქანა საკონსულოს მიუახლოვდა, ნათია ტაქსიდან გადავიდა და აჩქარებული ნაბიჯით დაცვას საკუთარი გვარ-სახელი უკარნახა. ახალგაზრდა ბიჭმა ანკეტაში მისი პირადი ნომერი ჩაინიშნა და კონსულის თანაშემწის კაბინეტამდე მიაცილა. თარჯიმანი უკვე კართან ელოდებოდა და შეხვედრაც მალევე დაიწყო.

სწრაფად და ხელების მოშველიებით საუბრობდა სარეკლამო სააგენტოს თანამშრომელი და დროდადრო დეკოლტეს პირს ისწორებდა, მაისურის ყელი ჯიუტად მიიწევდა ქვევით და ნათიას ქათქათა მკერდი მეტი და მეტი სითამამით გაიელვებდა ხოლმე ჰალსტუხიანი უცხოელის ცხვირწინ.

ნათია საუბარს მორჩა. თანაშემწე საზურგეს მიეყრდნო, ქვედა ტუჩი გადმობურცა და მხრები ზემოთ აჭიმა: ,,რატომაც არა? საკონსულოსთვის ხუთი ათასი ტირაჟი დაბეჭდეთ”.

როცა თარჯიმანმა ნათიას თანაშემწის სიტყვები უთარგმნა, ქალი მადლიერების ნიშნად ფეხზე წამოდგა, ორივე ხელი მოშიშვლებულ მკერდზე მიიბჯინა და ხმამაღლა წამოიძახა:

– ფაქ იუ, მისტერ ბრაუნ, ფაქ იუ!

თარჯიმანს ფერი დაეკარგა, სახე ეცვალა კონსულის თანაშემწესაც. ნათიამ უხერხულად გაიღიმა, ვერ მიხვდა, რა დააშავა, მაგრამ მალევე გაუნათდა გონება, გადატკეცილი შუბლიდან ოფლმა გამოჟონა, მაგიდაზე გაშლილ კატალოგებს წამოავლო ხელი და ისეთი სისწრაფით გაიჭრა დერეფანში, კონსულის თანაშემწეს რომც მოენდომებინა, ხმასაც ვერ დააწევდა.

,,თენქ იუს” ნაცვლად სულ ,,ფაქ იუ” ვეძახე”, – იმეორებდა გულში და 80 კილოს გადაცილებული ქალი შურდულივით მიქროდა გასასვლელისკენ. ის იყო, საგუშაგო პუნქტს გვერდით ჩაუქროლა და შეაზანზარა, რომ მდევარიც აჰყვა. დაცვის თანამშრომლებმა იფიქრეს, უთუოდ რაღაც მოიპარა და გაქცევა უნდაო. ქალი კი უკანმოუხედავად მირბოდა, გულზე ცარცის ფურცელზე დაბეჭდილი კატალოგები მიეკრა და ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. როცა დაცვის თანამშრომლები წამოეწივნენ და საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, კონსულის თანაშემწე ჯერ კიდევ გაოცებული ატრიალებდა ხელებს, რა ვაწყენინეო, უკვირდა.

სავარაუდოდ, შეთანხმება ჩაიშალა, მაგრამ ნათიას ახლა ეს ყველაზე ნაკლებად ადარდებდა, ერთი სული ჰქონდა, ტაქსი გაეჩერებინა და შინ დაბრუნებულიყო.

ბორდიურთან გაჩერდა და მოძრავ მანქანებს შორის ტაქსის დაუწყო ძებნა. სწორედ ამ დროს ტკაცუნის მსგავსი ხმა გაიგონა და ენით აუწერელი შვება იგრძნო. ტაქსიც გამოჩნდა, ნაბიჯის წინ გადადგმა დააპირა, მაგრამ ფეხებში რაღაც მოედო და ლამის წააქცია. ნათიამ დაიხედა… თეთრმა ფეხებმა შემოანათეს და შეამჩნია, რომ თამარ მეფის გამზირზე საცვლის ამარა იდგა, მისი ფართხუნა შარვალი კოჭებთან ჩაჩაჩულიყო.

,,რეზინი გაწყდა!” – გაუელვა თავში და სიწითლე, რომელიც ყურებიდან დაიძრა, მუცელში ცეცხლივით მოედო.

კატალოგები მიწაზე დაყარა და შარვალი ამოიწია. ნათიას ესმოდა, როგორ უსიგნალებდნენ მანქანებიდან, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია. რეზინგამწყდარი შარვალი ცალი ხელით დაიჭირა და ახლა კატალოგების ასაღებად დაიხარა, მაგრამ სრიალა ქსოვილი ისევ კოჭებთან ჩაცურდა, კატალოგები კვლავ მიწაზე დაყარა და ისევ შარვალს ჩაეჭიდა. ეს ჭიდილი ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა, ერთ გულისხმიერ ადამიანს მანქანა რომ არ გაეჩერებინა.

– მგონი, დახმარება გჭირდებათ.

– ნამდვილად! – წამოიყვირა შარვალჩამძვრალმა ქალმა და მოკლე ნაბიჯებით გაიქცა მანქანისკენ.

– სად წაგიყვანოთ? – იკითხა მძღოლმა, როცა ქალი მისი სალონის უკანა სავარძელზე მოკალათდა.

– მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ აქაურობას მომაშორეთ, – ამოიგმინა ნათიამ. როგორც კი შარვალი საბოლოოდ გაისწორა, კატალოგების თვლა დაიწყო. მათი დაკარგვის კონსულის თანაშემწეზე მეტად ეშინოდა.

-ჯობია, სახლში წახვიდეთ, – კაცი უკან ხედვის სარკეში უყურებდა უცხო მგზავრს და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა, – ყველას გვქონია უიღბლო დღეები, – მამაკაცს სანდომიანი ღიმილი ჰქონდა და სახეზე ნაიარევი ემჩნეოდა.

– რეზინი გამიწყდა, კონსულის თანაშემწეს ვაგინე და ერთი კატალოგიც დამეკარგა, მგონი, – დეკოლტეს ისწორებდა სარეკლამო აგენტი და მძღოლისკენ წინა სავარძლებს შორის მიიწევდა. ნათიას უნდოდა, ახლოდან დაენახა კაცი, რომელმაც გადაარჩინა.

– დღის დასაწყისისთვის ცუდი არაა, – გაიცინა მამაკაცმა, – მე ერთხელ კანალიზაციის ჭაში ჩავვარდი, თან ის გოგონა მახლდა გვერდით, რომლის გაცნობაზეც მთელი წელი ვოცნებობდი. იქიდან რომ ამომიყვანეს, ჩემი ტანსაცმელი საზოგადოებრივი საპირფარეშოსავით ყარდა.

– იმ გოგონამ მიგატოვათ? – ინტერესით იკითხა ქალმა.

– აღარ მინახავს. რა აზრი ჰქონდა, წარმოგიდგენიათ ალბათ, ჩემს დანახვაზე ყოველთვის რაც გაახსენდებოდა.

– ხო, – ჩაილაპარაკა ნათიამ და იმაზე დაფიქრდა, მის დანახვაზე რა გაახსენდებოდა უცნობს.

კაცმა სარკეში გახედა ქალს და ეშმაკურად გაეღიმა.

– ეს მშვენიერი მოგონება იქნება.

ნათია წამოწითლდა და რამდენიმე წამს ხმა აღარ ამოუღია. სიჩუმე მობილურის ზარმა დაარღვია. ნათიას თანამშრომელი ურეკავდა, გოგონა სიხარულით კიოდა.

– ფრედი ჩამოდის, ღამე აეროპორტში უნდა დავხვდე, დამეხმარე, გთხოვ!

– მაგარია, – გაუაზრებლად უპასუხა ნათიამ, – სახლში მივდივარ და დაგელოდები.

ფრედი ნათიას თანამშრომლის ჯერ კიდევ უნახავი ფრანგი თაყვანისმცემელი იყო. მათ ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს და რამდენიმე თვის განმავლობაში მუდმივი მიმოწერა ჰქონდათ. ყველა ფიქრობდა, რომ სოფოსა და ფრედის ურთიერთობა უიმედო იყო, მაგრამ ამ ვარაუდმა არ გაამართლა. კაცი თბილისში მოფრინავდა, რომ შეყვარებულისთვის ცოლობა ეთხოვა.

– ჩემთან აბაზანა გაფუჭდა, თორემ არ შეგაწუხებდი, – ბოდიში მოიხადა სოფომ, როცა ნათიას უგუნებობა შეატყო, – თანაც მინდა, აეროპორტში შენ გამომყვე.

– რა თქმა უნდა, გამოგყვები, – უპასუხა ნათიამ და როცა ტელეფონი გათიშა, ისევ მძღოლის სავარძლისკენ გადაიხარა.

ქალს ხასიათი ერთბაშად გამოუკეთდა და მოუნდა, მძღოლისთვის სოფოსა და ფრედის სიყვარულის ამბავი მოეყოლა. გზა ფონიჭალამდე მოკლე არ იყო, მთელი ამ დროის განმავლობაში ნათია შეუსვენებლად ლაპარაკობდა, იცინოდა. დამშვიდობების წინ ახალგაცნობილებმა ტელეფონის ნომრები გაცვალეს. კაცი ნათიას კატალოგების ბინამდე მიტანაშიც დაეხმარა და, როცა ქალმა კარი მიიკეტა, უცნობ მამაკაცზე თითქმის შეყვარებული იყო.

ახლა მხოლოდ დასვენება და ოცნება სჭირდებოდა, თუმცა ნახევარი საათიც არ იყო გასული, როცა ფრანგების საპატარძლო მის ბინაში შეიჭრა და მთელი სახლი ყირაზე დააყენა. გარდერობიდან ტანსაცმელი გადმოყარა, ხან კაბებს ისინჯავდა, ხან მაისურებს, ვერ გადაეწყვიტა, რა უნდა ჩეცვა პირველ შეხვედრაზე. შემდეგ აბაზანაში შევიდა.

ნათია სოფოსგან არეულ ნივთებს ალაგებდა, თან აღელვებული ჩანდა. ,,სიმპათიურია, – ფიქრობდა თავისთვის და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, – მადლობა კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადო”, – მამაკაცთან დარეკვის მიზეზის პოვნას ცდილობდა, მაგრამ ნომრის აკრეფა არ დასცალდა, სოფოს კივილმა სახლის კედლები გააყრუა.

ნათია შეშინებული შევარდა აბაზანაში და დაინახა, რომ სოფოს ქერა დალალები წყალს მიჰქონდა, საპატარძლო შიშველი და ნახევრადგამელოტებული იდგა. ნათიას ლამის ენა ჩაუვარდა, ახლაღა გაახსენდა, რომ თაროზე ორი წითელი ფლაკონი ჰქონდა, ერთში თმის დამარბილებელი ესხა, მეორეში – საეპილაციო სითხე.

– ეგ ფლაკონი არ უნდა გეხმარა, – თავზე ხელი იტაცა ნათიამ და სოფოს მიუახლოვდა, რომელიც თითებს შორის გაბლანდულ თმას დასჩერებოდა.

– ახლა რა ვქნა? – ტიროდა გამელოტებული სოფო და ფეხებს აბაზანაში აბაკუნებდა.

სასაცილო დასანახი იყო უთმო პატარძალი. ნათიას რატომღაც კონსულის თანაშემწე გაახსენდა და კანალიზაციაში ჩავარდნილი ,,ჟოფრეი”. ახლა ერთი გულიანი გაცინება ქვეყანას ერჩია, მაგრამ მიხვდა, რომ ამის დრო არ ჰქონდა…

თვითმფრინავის ჩამოფრენამდე რამდენიმე საათი კიდევ იყო დარჩენილი. ნათიამ ტაქსი გამოიძახა და მეგობართან ერთად თბილისის სალონების ნახევარი შემოიარა. სხვა გამოსავალი არ იყო, პარიკი უნდა ეყიდათ ისეთი, რომელიც სოფოს გამხდარ, გაფერმკრთალებულ სახეს მოუხდებოდა. არჩევანი ისევ ქერა დალალებზე შეაჩერეს. საპატარძლომ მაკიაჟიც გაიკეთა და შინ დამშვიდებულები დაბრუნდნენ. ახლა უკვე შეეძლოთ, ცოტა დაესვენათ და შემდეგ აეროპორტში წასულიყვნენ ფრედის დასახვედრად.

ამასობაში გარეთ ღრუბლები შეიყარა, ქარმა აშალა მიწაზე გაფენილი ფოთლები და ცოტა ხანში ისეთი თავსხმა დაიწყო, ცოტაც და ქუჩები დაიტბორებოდა.

– ტაქსი რომ არ მოვიდეს? – ხელახლა დაეტყო შფოთვა საპატარძლოს, ნათიას კი მისი გამხნევების ძალა აღარ ჰქონდა. გულაღმა გაშხლართულიყო საწოლზე და ჭერზე გაჩენილ ლაქებს ითვლიდა.

არც ერთი შეტყობინება ახალგაცნობილი, მომხიბვლელი მამაკაცისგან, ამაზე ფიქრი სევდას ჰგვირდა. თავსხმა წვიმის მიუხედავად, ტაქსი მაინც მოვიდა. სოფო მღელვარებისგან კანში ვეღარ ეტეოდა…

– თვითმფრინავი ათ წუთში დაეშვება, – უთხრეს სოფოს ცნობათა ბიუროში.

– მოწევა მინდა, – ჩაილაპარაკა და პირველი თვითონ გავიდა დარბაზიდან. ნათია უკან გაჰყვა.

მეგობრებმა სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოასწრეს ღია სივრცეში, რომ ქარმა კიდევ ერთხელ მძლავრად შემოუბერა და ისე ჰაეროვნად აიტაცა სოფოს პარიკი, გოგონებმა თვალის შევლება ძლივს მოასწრეს. ქარმა ქერა დალალები ჰაერში რამდენჯერმე დაატრიალა და სიბნელეში გადამალა. პატარძალი ისევ უთმოდ დარჩა.

…როცა პარიზიდან ჩამოფრენილ მგზავრებს შორის სოფომ საქმრო ამოიცნო, უხერხული ღიმილით გაემართა მისკენ. ნათიას ამის ყურება არ შეეძლო, თვალებზე ხელი აიფარა, მაგრამ თითებს შორის მაინც აპარებდა მზერას. ფრედმა ჩემოდანი დადო, სოფოს მიუახლოვდა, თავზე ხელი გადაუსვა, გაიცინა და რაღაც ხმამაღლა უთხრა. ნათიამ ვერაფერი გაიგო, მან ხომ ინგლისურად ორი სიტყვა იცოდა მხოლოდ, თუმცა მიხვდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. შეყვარებულმა სოფო გულში ჩაიკრა და აკოცა.

ნათიამ მხოლოდ ახლაღა იგრძნო, რომ ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. გარეთ გავიდა, თვალით სკამი მოძებნა, მასზე ირიბად გადებული ჯოხი გვერდით მოისროლა და ჩამოჯდა.

– კაბა დაგესვრებათ, სკამი შეღებილია, – ზურგიდან ჩაესმა კაცის ხმა და მაშინვე ფეხზე წამოხტა, მაგრამ თეთრ მოსასხამს უკვე ყავისფერი ზოლები ემჩნეოდა.

– თქვენ?! აქ?! – როცა ნათიამ კაცს შეხედა, თვალებში ბედნიერება გაუკრთა.

– კი, იღბლიანი დღეა, უკვე მეორედ შევხვდით ერთმანეთს…