,,რძლის ვალების გადახდას ვეღარ ავუდივარ”

,,რძლის ვალების გადახდას ვეღარ ავუდივარ"ჩემმა ბიჭმა სანამ ცოლი არ მოიყვანა, მანამდე არც მეგონა, ასეთი გოგონები თუ არსებობდნენ. რძლის საქციელს რომ ვუყურებდი, თავიდან მეგონა, ახალ ოჯახს ეჩვეოდა და მენტალური პრობლემები ამიტომ ჰქონდა. უცნაურ საქციელს ადაპტაციის პერიოდს ვაბრალებდი. ძალიან დიდხანს ვცდილობდი, მისი საშინელი ქცევების გამართლება მომეძებნა, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ ამას აზრი არ აქვს. ის ისეთი დაიბადა, როგორიც არის და არც შეიცვლება, რადგან ვერ ხვდება, რომ რამეს აშავებს.

იცით, რას ვემდური? მაღაზიებში ვალებს იღებს. ყიდულობს ყველაფერს – ბავშვის წინდიდან დაწყებული თავისი ზიზილ-პიპილებით დამთავრებული. მის გარდერობში ტანსაცმელი აღარ ეტევა. ჩემი გარდერობიც მას დავუთმე, პლუს, სათავსოებიც მისი ნივთებით არის გამოჭედილი, მაგრამ მაინც არაფერი ჰყოფნის. სულ იმაზე წუწუნებს, რომ რაღაც ახალი სჭირდება და ეს ,,საჭირო” ნივთები არასოდეს ილევა.

ჩემი შვილი ძალიან ნერვიულობს და ამის გამო ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად მოსდით. ვცდილობ, რძლის პრობლემები ისე მოვაგვარო, შვილმა არ გაიგოს. რძალს აშკარად მკურნალობა სჭირდება, რადგან უკვე ავადმყოფურად იქცევა. როგორ შეიძლება, მაგალითად, 100 ცალი თმის სამაგრი გქონდეს და მაინც ახალს ყიდულობდე?! ასე ყოველდღე როგორ იცვლება მოდა?!

დედამისს შევჩივლე. მან კი შემომიმიბღვირა, ბავშვია და იმიტომ, ახლაა ლამაზი, ახლა უხარია და ქმარმა უნდა მიხედოსო. ზუსტად ვიცი, მისი შვილი ასეთი იქნება სიბერეშიც, ვალების აღებას არ მოეშვება. ღმერთს ვეხვეწები, მოთმინებამ არ მიღალატოს და ისე არ მოვექცე, რისი ღირსიც არის.

სარკის მკითხველი