,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე
,,როცა განგება გამოცდას გიწყობს, მას მშვიდად უნდა შეხვდე”, – ამბობს მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე და ყოველთვის ცდილობს, რეალობა ისეთი მიიღოს, როგორიც არის. ასე მოიქცა პანდემიის დროსაც. ოჯახის წევრებისთვის კარგი განწყობის შესაქმნელად კი კულინარიულ აფეთქებებს აწყობდა და ახალ-ახალ რეცეპტებს ქმნიდა.
– არ გიჭირდათ თავის მოვლა სახლის პირობებში, როცა სალონები და ესთეტიკის ცენტრები დახურული იყო?
– მედიტაციაზე გადავერთე. სუნთქვითი და გაწელვითი ვარჯიშები არაჩვეულებრივია, ძალიან კარგი შედეგი მოაქვს. მაქვს პერიოდები, როცა რაღაც საკვებზე უნდა გავგიჟდე. უზომოდ ვჭამ, შემდეგ ისევ ჩემი კვების რეჟიმს ვუბრუნდები და წონაშიც ვიკლებ.
– როგორია თქვენი დიეტა თუ კვების რეჟიმი, რითიც წონაში იკლებთ?
– დიეტებს არ ვცნობ! დღეში სამჯერ ვჭამ და ცოტ-ცოტას. პურსა და დესერტზეც არ ვამბობ უარს, მაგრამ ზომიერად ვიღებ.
– როგორ იმოქმედა სტრესმა და სახლებში გამოკეტვამ მეგობრულ ურთიერთობებზე?
– უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. ერთგულები უნდა ვიყოთ როგორც ჭირში, ასევე ლხინში.
ჩემს ცხოვრებაში დრო და დრო იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მეგობრებად ვთვლიდი, მაგრამ როგორც კი ცოტას წავიბორძიკებდი, მაშინვე შემომეცლებოდნენ ხოლმე. ერთ შანსს ყოველთვის ყველას ვაძლევ, მაგრამ თუ იგივე შეცდომა გაიმეორა, ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. შეცდომა ღმერთმა აპატიოთ, მაგრამ ჩემგან შორს იქნებიან.
ძალიან ბევრის მოთმენა შემიძლია, მაგრამ თუ გადავირიე, მერე იქ მთავრდება ყველაფერი. ზოდიაქოთი ვერძი ვარ, ცეცხლის ნიშანი და ცეცხლივით ავენთები ხოლმე.
– ,,ცეცხლოვანი ხასიათი” ოჯახში კონფლიქტის მიზეზი არ ხდება?
– ოჯახი სრულიად სხვა სამყაროა, წმინდა ადგილია. ვინმეს უნახავს ოჯახი, სადაც კონფლიქტი არ არის, სადაც შეცდომებს არ უშვებენ? თუ კამათობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უბედურები ხართ. გიყვარს? უნდა მიხვიდე, დაელაპარაკო, გაარკვიო, რა მოხდა და რატომ. შემდეგ გამოსავლის პოვნაც ადვილია.
ადამიანი უმადური არ უნდა იყოს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვაა. ერთმანეთის პატივისცემას თუ ვისწავლით, ბედნიერები ვიქნებით.
– არაერთი ტრაგედია გადაიტანეთ, და და ძმა დაკარგეთ, მაგრამ მაინც ახერხებთ, იყოთ პოზიტიური. ეს თანდაყოლილი ნიჭია თუ დროთა განმავლობაში შეიძინეთ?
– ყოველთვის ასეთი ვარ. სამყაროში არსებობს კარგი და ცუდი ენერგია, მთავარი ისაა, რომლის მხარეს დადგები. უნდა ეცადო, ყველაფერს კარგი კუთხით შეხედო. რასაც ვერ შეცვლი, მიიღო ისეთი, როგორიც არის.

