,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
მსახიობი ნოდარ სიმსივე კორონაპანდემიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საყვარელ გოგონაზე, სალომე მურცხვალაძეზე, დაინიშნა. ნოდარ სიმსივემ სახელი იმით გაითქვა, რომ დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით გადაღებულ სერიალ ,,ჰეროკრატიაში” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, როლი ითამაშა. ამჟამად სპორტული კომენტატორიც გახლავთ. ,,იმედზე” და სპორტულ ონლაინტელეკომპანია ,,სეტანტაში” ამ კუთხით მუშაობს. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ეს საქმე მოსწონს.
– რამდენი ხნის წინ გაიცანით სალომე და როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?
– ალბათ 2 წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ეს ის ადამიანია, როგორიც მინდოდა, მთელი ცხოვრება გვერდით მყოლოდა. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. სულ ვამბობდი, ან მთელი ცხოვრება მარტო ვიქნები, ან გვერდით მეყოლება ისეთი ადამიანი, ვინც გამამდიდრებს, გამაბედნიერებს და სიყვარულში შემეჯიბრება-მეთქი. ჩვენ ზუსტადაც რომ ვეჯიბრებით ერთმანეთს სიყვარულში. ისეთი ადამიანი რომ არ შემხვედროდა, როგორიც არის სალომე, მარტო დავრჩებოდი. მერჩივნა, მარტო ვყოფილიყავი და თავი ციხეში არ ჩამესვა, არც ვინმე გამეუბედურებინა, რომელსაც მხოლოდ ცოლის სტატუსი უნდა ჰქონოდა.
– რომელი საქმე უფრო მოგწონთ – სპორტული კომენტატორობა თუ მსახიობობა?
– სპორტული კომენტატორობა ჩემთვის ყველაფერია. ,,ჰეროკრატიაში” რომ არა ჩემი ემოციურობა და გულწრფელობა, რაც შინაგანად მაქვს, ვერ ვითამაშებდი იმ როლს, როგორც ვითამაშე. ის ადამიანიც ემოციურია და ამ ემოციებმა გამატანინა მე ის როლი.
არ შეიძლებოდა ,,ინაუგურაციაზე” ფლეგმა და მოთენთილი ვყოფილიყავი და ტემპორიტმი არ მქონოდა. ავტომატის ჯერივით იყო. სააკაშვილის როლი მსახიობისთვის ძალიან საინტერესო გასაკეთებელია და ბევრ მსახიობს ვუსურვებ ასეთ საინტერესო როლს.
ამონარიდები ივნისში გამოქვეყნებული ინტერვიუდან

