მედეა კეიდია: ,,სამი დღე ხილვა მქონდა”

მედეა კეიდია: ,,სამი დღე ხილვა მქონდა",,სარკე”, ნანა კობახიძე

მხატვარ მედეა კეიდიას ,,ანგელოზები” მრავალი ცნობილი თუ უცნობი ადამიანის პირად კოლექციას ამშვენებენ. მხატვარი მათ ლოცვის და ზიარების შემდეგ ქმნის.

ის პროფესიით ჟურნალისტია. ხატვა მოულოდნელად, 36 წლის ასაკში დაიწყო. თუ რამ განსაზღვრა მისი დადგომა შემოქმედებითი გზაზე, ამის შესახებ თავად გვიამბობს.

მედეა კეიდია:

-36 წლისას გამეხსნა ახალი კარი, რომელსაც ფერების კარს, სამყაროს კარს ვეძახი. 3 ღამე მქონდა ხილვა და ამის შემდეგ ხატვა დავიწყე. ეს იყო უფლის საჩუქარი ჩემი ძიებისა და ძალისხმევისთვის, ღმერთმა შემიბრალა და არ დამტოვა. მადლობა უფალს! მანამდე არაფერი დამიხატავს.

– ალბათ არაერთი განსაცდელიც გქონდათ…

– იყო საცდურები, განსაცდელები. ამით უფალს სურს, გამოგცადოს, გამოგწვრთნას, რომ გადალახო და უკეთესი გახდე. ,,უფალო, აწვიმე გულსა ჩემსა ცვარი მადლისა შენისა” – ეს ჩემი საყვარელი ლოცვაა. მნიშვნელობა არ აქვს, რა საქმიანობას მოჰკიდებს ხელს, უფალთან თავმიდებული ადამიანი უსაზღვროდ ბედნიერი და კმაყოფილია. ღმერთს როცა იპოვი, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება.

-ქვეყნის ფარგლებგარეთ წმინდა ადგილები მოილოცეთ. განსაკუთრებული რა შემთხვევა გახსენდებათ?

– მეუღლესთან ერთად გავემგზავრე იმ ტაძრის მოსალოცად, სადაც წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეულია დაბრძანებული. წინასწარ გამაფრთხილეს, ბერძნები არ ხსნიან სარკოფაგსო.  ტაძარში სანთლები და ხატები შევიძინეთ. სადაც სარკოფაგია, იქ ცალკე საკურთხეველია გაკეთებული. მოულოდნელად მღვდელმა გახსნა სარკოფაგი, სადაც წმინდანის ნეშტი ძვირფას ლუსკუმაშია დასვენებული. ტაძარში სულ 2-3 კაცი ვიყავით. მყისვე მივეახლეთ წმინდანს. სიხარულისგან გონება დამებინდა. როგორ ვემთხვიე, რა გავაკეთე, არ მახსოვს.

სასტუმროში რომ დავბრუნდით, მეუღლემ მითხრა, ასეთი ფაჩუჩები შენც ხომ გაქვს სახლშიო (წმინდანის ფაჩუჩებზე). რა ფაჩუჩები-მეთქი, ვკითხე. როგორ, ამხელა მანძილი გამოიარე ამის გამო, ნუთუ არ ემთხვიეო. რაც იქ ვიყავით, ყოველდღე დილა-საღამოს დავდიოდით ტაძარში, მაგრამ სარკოფაგი არ გაუხსნიათ, მიახლოებაც ვერ შევძელით…

წამოსვლის დღეს ბოლო ჯერზეც გავისეირნეთ ქალაქში. ერთი საათიღა გვქონდა დარჩენილი აეროპორტამდე. შევედით ტაძარში და კვლავ მოხდა სასწაული: მღვდელმა სარკოფაგი გახსნა და ფაჩუჩებსაც ვემთხვიე. ეს ისეთი სასწაული იყო წამოსვლის წამს!.. მოძღვარიც ჩამეხუტა და დამლოცა.

სასულიერო პირებმა გვითხრეს, წმინდანი რომ წასულია და დადის, მაშინ სარკოფაგის ბოქლომს ფიზიკურად ვერ ვაღებთო. მოგეხსენებათ, სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩები ცვთება და ამით ხვდებიან, რომ წმინდანი დადის. ამ დროს იგი გაჭირვებულებს შეეწევა.