,,გზაზე კაფანდარა გოგო მიდიოდა…” – მწარე რეალობა ნინი ციცქიშვილის ცხორებიდან

,,გზაზე კაფანდარა გოგო მიდიოდა..." -  მწარე რეალობა ნინი ციცქიშვილის ცხორებიდან,,გზაზე კაფანდარა გოგო მიდიოდა”, ნინი ციცქიშვილი

„ფიქრები მომეძალა. მე ისევ სარკეს მივაშურე,

ჩემი სულისა და ხორცის მკურნალს“

…გზაზე კაფანდარა გოგო მიდიოდა. ისე მიდიოდა, თითქოს მიწაზე ფეხსაც არ აბიჯებდა, საოცარი სიმსუბუქით მიდიოდა. ქუჩის მეორე მხარეს ნაცნობი მზერა შენიშნა. ეს დედის მზერა იყო. გოგომ გაუღიმა, ხელი აუწია და მისკენ გაემართა. დედამ თავისი ერთადერთი გულში ჩაიკრა. ქალს თვალები ცრემლით, ხოლო გული სევდით ჰქონდა სავსე, მაგრამ შვილს რომ რაიმე შეემჩნია, ამას არ დაუშვებდა.

დედა-შვილმა ხელიხელჩაკიდებულებმა განაგრძეს გზა. გოგო ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების მზერამ შეაკრთო.

-რატომ მიყურებენ ასე? – ჰკითხა დედას გაუბედავად.

ქალმა დაამშვიდა და უპასუხა, რომ ყურადღება არ მიექცია. გოგოს ახლა სხვამ გააყოლა თვალი, რამაც კიდევ უფრო მეტად გააღიზიანა. დედას დარდი დღითიდღე ემატებოდა, მაგრამ ხელის ჩაქნევას არ აპირებდა. ექვსთვიანი ბრძოლა ხომ შეიძლებოდა მალე დასრულებულიყო, იმედის მცირეოდენი ნაპერწკალი ყოველთვის არსებობდა.

კაფანდარა გოგოს კი ისევ კაფანდარა უნდოდა ყოფილიყო. ოცდათვრამეტი, ოცდათვრამეტი – ჯიუტად იმეორებდა მისი გონება. წონის დეფიციტი რომ ჰქონდა, დიდი ხანია იცოდა, მაგრამ თავისი თავი ასეთი მოსწონდა.

აკვიტებულ ოცდათვრამეტს გულისტკენისა და პობლემური დღეების უსასრულობა მოჰყვა. ბევრი უტაქტო ნათქვამი, ბევრი მწარე სიმართლე იგემა გოგომ, მაგრამ იმას ვერ ეგუებოდა, რომ მისი გადაწყვეტილება არ იყო ჭეშმარიტი და ამდენი „შრომა“ ფუჭი აღმოჩნდებოდა.

-ავადმყოფს ჰგავხარ, – ეუბნებოდა ერთი.

-ბიოლოგიის კაბინეტში რომ ჩონჩხი დგას, იმას უფრო ჰგავს, – ამბობდა მეორე.

-არა, მაკარონს ჰგავხარ, – აზრს გამოთქვამდა მესამე.

არასასურველი შედარებები გულს უკლავდა გოგოს, მაგრამ პოზიციები არ ეთმობოდა.

მისი სიგამხდრე ყურადღების ცენტრში მოექცა და მინიშნების ობიექტი გახდა. ყოველივე ამას მტკივნეულად აღიქვამდა კაფანდარა გოგო, რეალობიდან გამორკვევასაც ცდილობდა, საკუთარ თავთან ჭიდილს მისცემოდა და მოთმინებით ელოდებოდა, როდის გაიმარჯვებდა მისი პირადი „მე“.

სანატრელმა დღემ აღარ დაიგვიანა. იგი გოგოს ცხოვრებაში მთელი სრულყოფილებით შემოვიდა და საკუთარ სხეული დაანახვა. კაფანდარას მადლიანმა, ახალგაცნობილმა უფროსმა მეგობარმა საკუთარი ხელი ჩასჭიდა, ფეხზე წამოაყენა და სწორი გზა მიანიშნა. გოგო ამ გზას გაჰყვა და მას შემდეგ გამრუდება აღარც უცდია…

როცა ადამიანის წონა თითით საჩვენებლი ხდება, იქნება ეს ზედმეტი თუ მცირე, ორივე ძნელად შესაგუებელია. დაცინვა ორივე შემთხვევაში მწარეა და არამართებული მისით მანიპულირება. ზოგი მეტისმეტ სიგამხდრეს ნაკლადაც არ მიიჩნევს, მაგრამ ის, რაც სხვა ადამიანებისაგან განსხვავებულს გაგხდის, ის, რაც სხვა ადამიანებს უარყოფით ემოციებს აღუძრავს და საცოდაობის გრძნობას გაუღვივებს, უდიდესი ნაკლია და მას არ უნდა მისცე განვითარების უფლება. იგი უნდა მოაშთო, საძირკველი გამოუნგრიო და ფარდა დროულად ახადო.

გოგომ აკვიატებულ ოცდათვრამეტს უარი სტკიცა, მისი ორმაცდახუთით ჩანაცვლება მოისურვა. მისი ფიქრი და ოცნება სიკეთით, სილაღით, მომავლის რწმენით აივსო…

გზაზე ახლაც მიდის კაფანდარა გოგო. ახლაც მიდის, მაგრამ ავადმყოფი კაფანდარა კი არა, ჯანსაღი, ბედნიერი და გამარჯვებული…

ნინი ციცქიშვილი, 16 ოქტომბერი