,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე
ჟურნალისტ გიგა ბენიას ნაამბობი ფილმის სცენარს ჰგავს რომელიღაც შორეულ ქვეყანაზე, სადაც ბავშვები წიგნებს პერანგებში მალავენ, რომ არ წაართვან, სადაც სკოლაში ,,კომისია” დადის იმის შესამოწმებლად, რომელ ენაზე იღებენ განათლებას და ა.შ.
სამწუხაროდ, გიგა არც შორეულ ქვეყანაზე გვიყვება და არც უცხო ადამიანებზე. ის საქართველოს ულამაზესი კუთხიდან – აფხაზეთიდან არის. სკოლა გალში დაამთავრა, უმაღლესი განათლება კი თბილისში მიიღო. გიგა ახლა ტელეკომპანია ,,ფორმულას” ჟურნალისტია.
– მოგვიყვეთ, რა ხდება საქართველოს უმშვენიერეს კუთხეში.
– ნამდვილად უმშვენიერესი მხარეა, თუმცა მხოლოდ ბუნებით, რითიც ჩვენ საუკუნეებია ვამაყობთ. სხვა მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ წლების განმავლობაში თითქმის არაფერი გაკეთებულა. განადგურებული საბჭოური ინფრასტრუქტურაა ის, რაც იქ ჩასულ ადამიანს შეუძლია ნახოს.
საბჭოურ ინფრასტრუქტურასთან ერთად მენტალიტეტიც საბჭოურია შემორჩენილი. იქ აკრძალულია ისეთ თემებზე საუბარი, როგორებიცაა ქალთა უფლებები, ოჯახში ძალადობა. არაფერს ვიტყვი ლგბტ თემსა და ადამიანების უფლებებზე. არ შეიძლება, რომ იქ ბიჭმა საყურე გაიკეთოს ან გოგომ – პირსინგი.
აფხაზს, რუსს თუ სხვა ეროვნების ადამიანებს შეუძლიათ, საჭესთან მთვრალები დასხდნენ, ქართველმა კი წესის დაცვის შემთხვევაშიც ,,გაიშნიკს” ფული უნდა გადაუხადოს.
სკოლაში ხშირად დადიოდა ე.წ. კომისია, რომელიც გვამოწმებდა, ქართულად ხომ არ ვსწავლობდით. ქართულ სახელმძღვანელოებს ხან იატაკქვეშ ვმალავდით, ხან საპირფარეშოში ვყრიდით, თუ ვერ მოვასწრებდით, პერანგის ქვეშაც ვინახავდით.
– დარჩნენ ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს?
– არასოდეს მომისმენია სოხუმში მცხოვრები ადამიანებისგან, რომ აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდება. მათთვის ჩვენი ქვეყანა ოკუპანტია, ნამდვილი აგრესორი ქვეყანა, რუსეთი კი – მათი ,,გადამრჩენელი”.
-როგორ გასწავლეს საქართველოს ისტორია?
– საქართველოს ისტორიის წიგნი სკოლაში მორიგეობით დაგვქონდა მხოლოდ მათ, ვინც სკოლასთან ახლოს ვცხოვრობდით, მალე რომ მივსულიყავით და ნაკლები შანსი ყოფილიყო იმის, ვინმეს გავეჩერებინეთ და წიგნები ენახა.
ერთხელ ეს მართლაც მოხდა და მათ ამის შესახებ გაიგეს. იმ დღიდან ჩვენს სკოლაში ქართულად არაფერი ისწავლება. ამის შემდეგ მე, პირადად, შევდიოდი უმცროს კლასელებთან და საქართველოს ისტორიის შესახებ ვუყვებოდი.
სამწუხაროდ, რუსულმა პროპაგანდამ გალში მცხოვრები ზოგიერთი ჩემი თანატოლი ქართველი დააჯერა, რომ მეგრელები ქართველები არ ვართ და საქართველომ საკუთარი ენა წაგვართვა. ზოგიერთებს ისიც დააჯერეს, რომ აფხაზური გვარები აქვთ და აფხაზებად ჩაწერეს.

