,,განწირული კაცი შველას სთხოვდა, ქართველმა ყველაფერი იღონა, რომ დაეხსნა” – რას იხსენებს გოგა ჩანადირი

,,განწირული კაცი შველას სთხოვდა, ქართველმა ყველაფერი იღონა, რომ დაეხსნა" - რას იხსენებს გოგა ჩანადირი,,სარკე”, ნანა კობახიძე

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ,,სარკესთან” საოცარი ამბავს იხსენებს:

,,ბევრჯერ ვყოფილვარ უბისის მონასტერში. ერთხელაც ფრესკებს ვიღებდი. შემოვიდა ოჯახი. მხცოვანი კაცი ახლდა, მიმითითა სამხრეთ კედელზე ილარიონ ქართველის ფრესკაზე და მითხრა:

– ჩემს ძმასაც ილარიონი ერქვა, გერმანიაში ტყვედ იყო აყვანილი. ყოველდღე მოვდივარ აქ, ვლოცულობ და ილარიონ ქართველს მადლობას ვწირავ.

აი, რა მიამბო: მისი ძმა, ილარიონი, ტყვეობაში ფაშისტებს სიკვდილით უნდა დაესაჯათ. გერმანელებთან ერთად ქართველი ოფიცერი მსახურობდა, რომელიც საბჭოთა ტყვეებთან დაკითხვას აწარმოებდა.

– ქართველი ხარ? – ჰკითხა ილარიონმა.

– ქართველი ვარ, – მიუგო ოფიცერმა.

ერთ დღესაც ილარიონმა დაწერა ბარათი და გერმანელ დაცვას სთხოვა, ქართველი ოფიცრისთვის გადაეცა. დაცვამ კი პირდაპირ ხელმძღვანელობას მიუტანა, რამე საეჭვო არ იყოსო. ქართული ტექსტით დაწერილი ბარათი ვერავინ წაიკითხა. ამიტომ ქართველი ოფიცერი გამოიძახეს.

– რა წერია? – ჰკითხა უფროსმა.

– ტყვე ჯარისკაცი მთხოვს, სიკვდილის წინ მასთან ერთად ქართულად ვიმღერო, – მიუგო ოფიცერმა. არადა სინამდვილეში განწირული ილარიონი შველას სთხოვდა.

ამის შემდეგ ქართველმა ოფიცერმა ყველაფერი იღონა, რომ თანამემამულე დაეხსნა.

– სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩემი ძმა დადიოდა უბისის ტაძარში და ილარიონ ქართველის სახელზე სანთელს ანთებდა. ეს ერთადერთი ფრესკაა საქართველოში ამ დიდი წმინდანის. ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ კი უბისის მონასტერში სიარული თავად დავიწყე, – დასძინა ბერიკაცმა.

ეს ამბავი ემოციურ მეხსიერებაში ჩამრჩა და საფუძვლად დაედო ჩემს ესეისტურ კრებულს ,,წერე ქართულად. ამბები გოგა ჩანადირისგან”. აღნიშნულ ამბავს კი სათაურად წავუმძღვარე: ,,წერე ქართულად – გადარჩები”. სწორედ ქართულმა დამწერლობამ გადაარჩინა ილარიონი.