დავით სოკოლოვი მწვავე ინფარქტით კლინიკაში წევს – ,,დამეხმარეთ, გთხოვთ, გადარჩენა რეალურია”

დავით სოკოლოვი მწვავე ინფარქტით კლინიკაში წევს - ,,დამეხმარეთ, გთხოვთ, გადარჩენა რეალურია''ტელედიქტორი დავით სოკოლოვი მწვავე ინფარქტით მეორედ მოხვდა საავადმყოფოში. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ავრცელებს.

„ყველა რესურსი ამოიწურა და მინდა, ვთხოვო დახმარება სახელმწიფო სტრუქტურებს, რა დახმარება ეკუთვნის 83 წლის ადამიანს პენსიის და საყოველთაოს გარდა, რომ საავადმყოფოს და მკურნალობის ხარჯები დაფაროს. არც თანხის შეგროვების თხოვნაა ეს და არც ვინმეს ზედმეტად შეწუხების – დათო არ დაუშვებს ამას, რომ გამიგოს. სახელმწიფოს რა დახმარება შეუძლია, ეს მაინტერესებს. წევს რკინიგზის საავადმყოფოში. გონზეა, სიცოცხლით სავსეა, როგორც ყოველთვის და გადარჩენაც სრულიად რეალურია. დამეხმარეთ, გთხოვთ“, – წერს მაკა რაზმაძე.

დავით სოკოლოვი ბევრი წელია, რაც თავშესაფარში ცხოვრობს. მას სამოქალაქო ომის დროს სახლი დაუწვეს. ბატონი დავითი ,,სარკესთან” ყვებოდა:

-მფრინავი იყო ვინმე მაისურაძე, რომელმაც ჩამოაგდო კასრი და ცეცხლი გააჩინა. იქიდან ყველა მეზობელი გასული იყო, მაგრამ ჩემი ცოლი ვერ გამოვიდა. რადგან დედამისი მწოლიარე იყო. მაშინ მე მთავრობის სახლში ვიყავი. ცოლმა დამირეკა, ვიწვითო. გამოვიპარე, იქვე მსხდომ სნაიპერს ვთხოვე, სხვა მიმართულებით გაესროლათ, გამოვიყვანე სიდედრი და ცოლი, მაგრამ სახლიდან არაფერი დარჩა. ჩემი ცოლი მეგობართან წავიყვანე დიდუბეში. ვიღაცას დავუნახივარ და მერე იმ სახლში მიუვარდნენ, ქალები ააწიოკეს. მას მერე მოსაკლავად დამდევდნენ. 1994 წელს შეწყვიტეს ჩემი დევნა და დავბრუნდი. სამსახურზე ფიქრი ზედმეტი იყო, არავინ მიმიღებდა.
დეიდაჩემთან ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდი, რომელიც ანდერძით დამიტოვა. ის ბინა ახლაც მაქვს. გავაქირავე, რომ ამ ჰოსპისში გადასახდელი ფული მქონოდა. აქ თვეში 1.000 ლარს ვიხდი.