,,სარკე”, ნინო მაღალაშვილი
ადრე შეურაცხყოფა სიკვდილით დასჯად აღიქმებოდა. ამის შესახებ წერდნენ ფროიდი და პიტერსონი. თავდაპირველად ადამიანს ლანძღავდნენ, ამცირებდნენ, შემდეგ კი ქვებს ესროდნენ. არსებობდა სასჯელის ასეთი ფორმაც – სამარცხვინო ბოძზე გაკვრა. ადამიანს ჯერ ქვებს ესროდნენ, შემდეგ სასჯელს უმსუბუქებდნენ – აფურთხებდნენ, ლანძღავდნენ და მისი უმწეო მდგომარეობით ტკბებოდნენ.
ამგვარი სასჯელის გადატანა მოუხდა მწერალ ოსკარ უაილდსაც. ის იდგა, გამვლელები კი აფურთხებდნენ და დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ (მას სასამართლოში განსხვავებული სექსუალური ურთიერთობების გამო უჩივლეს). შემდეგ უაილდი საპყრობილეში ჩასვეს, მაგრამ დიდი მწერალი სულიერად გაანადგურა არა პატიმრობამ, არამედ იმ შეურაცხყოფამ, რომელიც მიაყენეს. ყოველდღე, საღამოს ექვს საათზე, ცხარე ცრემლით ტიროდა, რადგან ექვს საათზე დასაჯეს ასე სასტიკად, ამიტომ მწერალს ეს დრო სამუდამოდ ჩაებეჭდა. ამის შემდეგ ფიზიკურად და მორალურად განადგურებულ ოსკარ უაილდს დიდხანს აღარც უცოცხლია.
სახალხო შეურაცხყოფის მსხვერპლი თითქმის ყველა დიდი ადამიანი გამხდარა. ყველა მათგანმა იწვნია დამცირება და საჯარო ლანძღვა-გინება, მაგრამ ისინი დიდ ადამიანებად სწორედ იმიტომაც იქცნენ, რომ ინიციაციას გმირულად გაუძლეს, სულით არ დაეცნენ. მათ აღმოაჩნდათ იშვიათი უნარი, საჯარო თავდასხმები ღირსეულად გადაეტანათ.
ადამიანმა ამ დროს უნდა აჩვენოს თავისი უტეხი ბუნება, ღირსეული პასუხი გასცეს და დახმარების თხოვნაც უნდა შეეძლოს.
თუ მედგრად გაუძლებთ სულიერ და ფიზიკურ ტკივილს, ეს იქნება დასტური იმისა, რომ თქვენ სავსებით შემდგარი, უტეხი ბრძანდებით. ეს ნიშნავს ხელახლა დაბადებას და თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გადაიშლება.
და კიდევ, კარგად დაიმახსოვრეთ: ქვების სროლის მოყვარულები ქვების გროვის ქვეშ თავადვე მოყვებიან.

