,,სარკე”, აზა გაგოშიძე
ერთმა ენამოსწრებულმა პიროვნებამ არამეცნიერული, მაგრამ სწორი განსაზღვრება მისცა ეჭვიანობას: ,,ეს არის საკუთრების, უნდობლობისა და მარცხის გრძნობების ნარევი, ამასთან სიყვარულის გრძნობის არსებობა სრულებით არ არის აუცილებელი”.
ბევრი ქალი ამაყობს იმით, რომ ეჭვიანი ქმარი ჰყავს და ამას სიყვარულის დასტურად თვლის. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ სასიხარულო არაფერია, ვინაიდან ეჭვიანობა გამოწვეულია უსასიამოვნო მოტივებით.
მარცხის გრძნობა
დაბალი თვითშეფასება – ეს ეჭვიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. შესაძლებელია, ამაში ბრალეულია ფსიქოლოგიური ტრავმები ან, უბრალოდ, კაცი დარწმუნებული არ არის ცოლის სიყვარულში. ასეთი რამ ხდება, თუ ქალი თავშეკავებულია გრძნობების გამოხატვაში და იშვიათად ეუბნება: ,,მიყვარხარ”. მამაკაცი მისი დაკარგვის შიშს თავიდან ვერ იშორებს.
საკუთარი თავში დარწმუნებული მამაკაცი არ ეჭვიანობს, ვინაიდან იცის: ქალი ასეთი შესანიშნავი კაცის ღალატს არ გაივლებს. თავდაჯერებული კაცები ცოლებს არ აიძულებენ, იატაკამდე დაშვებული ქვედატანი ატარონ, არ დაადანაშაულებენ, თუ სხვა მამაკაცი დაჟინებულ მზერას მიაპყრობს. პირიქით, ლამაზი, ჭკვიანი ცოლით ამაყობენ.
უნდობლობის გრძნობა
თუ მამაკაცი თავად ღალატობს ან პრინციპში თავისი ღალტის შესაძლებლობას უშვებს, მაშინვე ფიქრს იწყებს იმაზე, რომ მეორე ნახევარსაც შეუძლია გვერდზე გაიხედოს. ასეთი კაცების უმეტესობა ეჭვიანები არიან. შეუძლიათ, საყვარლის საწოლიდან ცოლს დაურეკონ და სკანდალი მოუწყონ.
ეჭვიანობის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს საკუთრების მოჭარბებული გრძნობა, როდესაც მამაკაცი თავის ქალს აღიქვამს, როგორც საგანს, რომელსაც უპირობოდ ფლობს. დაახლოებით ასე რეაგირებენ სამი წლის ბავშვები, როდესაც ვინმე მათ სათამაშოს აიღებს: “ხელს ნუ ახლებ, ეს ჩემია!”.

