აჩი ფურცელაძე: ,,ვანო ჯავახიშვილი პასუხს მიიღებდა გასიებულ თავში”

აჩი ფურცელაძე: ,,ვანო ჯავახიშვილი პასუხს მიიღებდა გასიებულ თავში",,სარკე”, ლელა დევდარიანი

მომღერალი აჩი ფურცელაძე 3 წლის წინ რუსეთიდან საქართველოში რომ ბრუნდებოდა, ვერ წარმოედგინა, თავის სამშობლოში სამსახურს თუ ვერ იშოვიდა. ეგონა, რომ მისთვის ტელევიზია-რადიოს კარები თავისუფლად გაიღებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

აჩი ფურცელაძე:

-ძალიან მინდა რადიო “ფორტუნაში” მუშაობა, სადაც 5 წელი გავატარე. როცა დღევანდელ დირექტორს ვუთხარი, რომ დაბრუნება მინდოდა, მიპასუხა, დავფიქრდებიო. მეწყინა. არ მეგონა, რომ ჩემსავე რადიოში დაბრუნება ასეთი პრობლემა იქნებოდა.

იმდენად შეიცვალა ხალხი, ვინც ტელევიზიას და მედიას განაგებს, რომ… ან საერთოდ არ იციან, ვინ ვარ, ან ინტერესი არ აქვთ, თავიანთი ტელეკომპანიის ,,გარდერობი” განაახლონ. ერთი და იგივე სახეები სამ სხვადასხვა გადაცემაში რომ არიან, არასწორია.

– რატომ იკავებენ თავს თქვენს მიღებაზე?

– როცა ჩამოვედი, ერთმა მეგობარმა მითხრა, ტელევიზიაში ჯერ არავინ მიგასუნინებს, რუსეთის სუნი აგდისო. გავიგე, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ, რადგან მოსკოვში ვცხოვრობდი, ამიტომ პოლიტიკური ნიშნით რომ მიყურებ, სისულელეა. 3 წელია აქ ვარ, რუსეთის სუნი აღარ ამდის, ქართველი ვარ და მაკეთებინეთ, რა, ჩემი საქმე! გულგატეხილი ვარ. ერთადერთი, რაც გულს მიმაგრებს, ის არის, რომ ელე მყავს და ამით ბედნიერი ვარ.

– თქვენი ცოლი, ელენე დუმბაძე, თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსია. პანდემიის დროს როლები ხომ არ გაცვალეთ და ის ხომ არ უზრუნველყოფდა ოჯახს ფინანსურად?

– ასე გამოვიდა. შემიძლია ვთქვა, რომ ელეზე ვარ დამოკიდებული. 13 წლიდან ჩემ მიერ გამომუშვებული ფული მაქვს.  2-3 თვეა სახლში ვზივარ (ინტერვიუ ჩაწერილია ზაფხულში) და ოჯახში შემომტანის ფუნქცია ელეს აქვს. დიდი ჯილდო მივიღე ელეს სახით.

– ,,დარჩი სახლში” – ამ ვიდეორგოლს ქილიკი მოჰყვა. რა რეაქცია გქონდათ?

– ჩემი ფრაზა მერე აიტაცეს, ხან ვანო ჯავახიშვილმა იხუმრა. კიდევ კარგი, ზედმეტი არ მოუვიდა, თორემ იცოდა, რომ პასუხს მიიღებდა გასიებულ თავში! პირველი არ ვარ, ვინც ამას ამბობს და თვითონაც სულ ,,ღადაობს”, რომ გასიებული თავი აქვს.