83 წლის მეეზოვე: ,,ხშირად უთხარით ერთმანეთს, თუ რა მნიშვნელოვნები არიან”

83 წლის მეეზოვე: ,,ხშირად უთხარით ერთმანეთს, თუ რა მნიშვნელოვნები არიან'',,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

მეეზოვე ლუბა ლისენკოს მძიმე ცხოვრება აქვს გავლილი. მეორე მსოფლიო ომის დროს როსტოვში მის სახლს ბომბი დაეცა და დედამისი შეიწირა. გოგონა ბებიამ და პაპამ გაზარდეს. შემდეგ ქმართან ერთად აფხაზეთში დასახლდა, მაგრამ იქიდან ომს გამოექცა. მას შემდეგ წყალტუბოში ცხოვრობს და დასუფთავების სამსახურში მუშაობს.

ქალბატონი ლუბა 83 წლის არის და მისი ოცნება საკუთარი ჭერი და შვილიშვილების და შვილთაშვილების თავმოყრაა.

– ქალბატონო ლუბა, რამდენი ხანია, რაც წყალტუბოს დასუფთავების სამსახურში მუშაობთ?

– როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვცხოვრობდი. 1994 წელს ომს გამოვექეცით.

წყალტუბოში სამსახური შემომთავაზეს. იმ დროს მეეზოვედ მუშაობას არ კადრულობდნენ, მაგრამ სამარცხვინო არაფერი იყო.

მას შემდეგ მე და ჩემი ქმარი ერთად ვმუშაობდით, მერე შვილიც მეეზოვე გახდა. 2013 წელს ქმარი გარდამეცვალა, 2015 წელს – შვილი და ამის შემდეგ რძალმაც ჩემთან ერთად დაიწყო მუშაობა. დღემდე ასე ვართ და ვეხმარებით ერთმანეთს.

– როდის იწყება თქვენი სამუშაო დღე?

– დილის 4 საათზე ვიღვიძებ, ვიცვამ, წამლებს ვსვამ, ცოცხს ვიღებ და გავდივარ. ხან 10 საათამდე ვმუშაობ, ხან 11-მდე. შემდეგ სახლში მივდივარ, ვისვენებ და საღამოს ისევ სამსახურს ვუბრუნდები. ბევრი დაავადება მაქვს, მაგრამ ნელ-ნელა მაინც ვმუშაობ. უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია. ღმერთი მაძლევს ძალას.

მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ადამიანებმა ხშირად უთხრან ერთმანეთს, თუ რა მნიშვნელოვნები არიან.

ჩემი ოცნებაა, სახლი მივიღო. მინდა, ცოტა ხნით მაინც ნორმალურ პირობებში ვიცხოვრო.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”