ზურაბ ანთელავა: ,,მეშინია, შეიძლება პურიც ვეღარ ვიყიდოთ”

ზურაბ ანთელავა: ,,მეშინია, შეიძლება პურიც ვეღარ ვიყიდოთ",,სარკე”,  რუსუდან ადვაძე

მსახიობ ზურაბ ანთელავას კარანტინში  თვენახევრის გატარება სრულიად მარტოს მოუწია, მაგრამ კორონაპანდემიას წამითაც არ შეუშინებია. ამბობს, რომ ვირუსს მისი ძლიერი იმუნიტეტის იქით შეეშინდება. სულ მოძრაობაშია, რამდენიმე თეატრში მუშაობს, ხან  თბილისში ცხოვრობს, ხან სამეგრელოში, ხან კახეთში. ახლა თელავშია.

ზურაბ ანთელავა სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” ბიზნესმენ კვაზი მანტკავას როლს ასრულებდა. კარგა ხანია, გადაღებაზე აღარ მიუწვევიათ და ჯერ არ იცის, მისმა გმირმა ამოწურა თუ არა თავისი ეკრანული სიცოცხლე (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).

ზურაბ ანთელავა: კორონას ამბებმა ზუგდიდში მომისწრო, მაგრამ მაშინ მკაცრი ზომები არ იყო მიღებული და წამოვედი თბილისში, სადაც გარკვეული საქმეები მქონდა მოსაგვარებელი. დედაქალაქშიც მაქვს სამუშაო. ზუგდიდის თეატრშიც ვარ, სიღნაღის თეატრშიც, სოხუმის თეატრშიც. ზუგდიდში ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში კონსულტანტ-რეჟისორიც ვარ.

წელს ამ ცენტრში ძალიან სერიოზული და მასშტაბური გეგმები გვქონდა, დიდი ღონისძიებები უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ ყველაფერმა უკან დაიხია. კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, მანუჩარ სამუშიას, უნდოდა, ზურაბ ანჯაფარიძის იუბილე გადაეხადა და მერე მისი სახელობის ფესტივალი დაეარსებინა.

თანხებიც კი მოძიებული იყო და მეგრულ ფოლკლორზე აწყობილი დრამატურგიული მასალა უნდა მოგვემზადებინა, დრამატურგიული სპექტაკლი უნდა გვეჩვენებინა მეგრულ ფოლკლორსა და პოეზიაზე. ეს სასწაული იქნებოდა –  პლასტიკაში, ცეკვით უნდა წარმოგვეჩინა. კორონავირუსმა კი ძალიან ჩაგვარტყა. თეატრებშიც ხომ ყველგან ყველაფერი გაჩერდა.

თბილისში ჩავედი და ყველაფერი ჩაიკეტა. დავრჩი მარტო. თვენახევარზე მეტი მარტო ვიყავი.

– თქვენი ოჯახი სად იყო?

– თელავში. იქ საკუთარი სახლი გვაქვს. ჩემი ბიჭი, შალვა, ყოველდღე მირეკავდა და გარეთ გასვლას მიკრძალავდა. მეუბნებოდა, თუ გახვალ, ნიღაბი გაიკეთე, სპირტი მოისვიო… ყველა დაგვატერორა. იქ,  თელავში, დედამისსა და დეიდამისს არ უშვებდა გარეთ, კანონი დაიცავითო. მართალიც იყო.

ამ ვირუსმა ჩემში ბევრი რამის გადაფასება მოახდინა, ბევრი რამ გავაანალიზე, ბევრ კითხვაზე ვეძებე პასუხი,  წიგნებს მივუბრუნდი. წიგნი გაძლევს საშუალებას, შენი ფანტაზია სასწაულად გაიხსნას.

სხვა დროს თბილისში დღეში 12 კილომეტრამდე დავდიოდი ფეხით. დიღმის მასივიდან სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრამდე ფეხით მივდიოდი და მოვდიოდი. კორონას დროს თბილისში ყოფნისას კი, სახლიდან რომ არ გავდიოდი, ჩავიხუთე, სახსრები “ჩაიჟანგა”.

ის თვენახევარი ძალიან გამიჭირდა და წონაშიც მოვიმატე. ახლა თელავში ვარ და ვმოძრაობ ეზოში, რაღაცეებს ვაკეთებ. კაცის საქმე კარგად მეხერხება. მე ხომ 11 წელი ესპანეთში სარემონტო-სამშენებლო კომპანიებში ვმუშაობდი.

რამდენიმე დღეში სიღნაღში ვაპირებ წასვლას, რეპეტიციები უნდა დავიწყოთ. თუმანიშვილის თეატრშიც მიმიწვია ნუგზარ ბაგრატიონმა და იქაც კორონამ გაგვაჩერა.

სიღნაღში გვეწყება რეპეტიციები. კანონის მიხედვით, 10 კაცზე მეტი არ უდა იყოს სცენაზე, 2 საათზე მეტი არ უნდა გავჩერდეთ. ახლა, ივნისში, სიღნაღის თეატრი, წესით, მაიამიში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე უნდა ყოფილიყო. ამ მაიმუნმა კორონამ კი ეს გეგმაც ჩაგვიშალა…

ჩემი აზრით, ამ ვირუსს ნიღაბი არ შველის, პირიქით, სუფთა ჰაერი გვინდა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ადამიანს თუ ფეხები სუსტი აქვს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ვითარდება და ამის შედეგად ყველა უბედურება იწყება ორგანიზმში. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ფეხით ბევრი იაროს. ადამიანმა დღეში ოთხკილომეტრნახევარი მაინც უნდა გაიაროს, რომ ენერგია ჰქონდეს.

ამ წესს თითქმის ყოველთვის ვასრულებ. რომ დადიხარ, კარგად სუნთქავ; როცა სუნთქავ, ფილტვები ძლიერია და ვერავითარი ვირუსი მოერევა.

დიდი მნიშვნელობა აქვს, რითი იკვებები, როგორ სუნთქავ, ორგანიზმს რითი აძლიერებ. აუცილებელია ცოცხალი ბოსტნეული, ხილი. დაყარე ქინძი და ოხრახუში სახლში და გაიარე, გამოიარე, თითო ღერი გაღეჭე კანფეტის მაგივრად. ახლა ხილი შემოვიდა, მაგრამ რა ფასი აქვს?! ხორცის ფასი ღირს!

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში შიმშილია. მგონია, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით უფრო დიდი გაჭირვებაა. პანდემიამ სულ დაანგრია ეკონომიკა, მაგრამ აქ კიდევ სხვა რაღაც ხდება – საწვავი  ყველგან გაიაფდა საქართველოს გარდა. რას ჰგავს ეს?!

ადრე ხომ გვეუბნებოდნენ, დენის გადასახადიდან თუ სხვა რაღაციდან 1 ლარი ვიღაცის ჯიბეში მიდისო, ნახევარი ბარკალიც ვიღაცის ჯიბეში მიდისო, ყველაფერს იპარავენო. ახლა ხომ აღარ არიან ის “მომპარავები”, საზოგადოებამ მათზე ხომ თქვა უარი და ახლა ვის ჯიბეში მიდის ის ლარი?!

ახლა აცხადებენ, საქართველოში საშუალო ხელფასი 1400 ლარიაო. ვის აქვს 1400 ლარი ხელფასი, დამანახეთ! სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 500 ლარი მაქვს ხელფასი. სახელმწიფომ ახლა პანდემიის გამო კულტურას 20 მილიონი ჩამოაჭრა. ახლა ზაფხულია და ცოტა იოლია თავის გატანა. იცით, როგორ მეშინია შემოდგომა-ზამთრის პერიოდის?! შეიძლება პურიც ვეღარ ვიყიდოთ. მაგალითად, გერმანიამ, პირიქით, ამ პანდემიის დროს კულტურას დამატებით მილიარდზე მეტი გამოუყო.

იმასაც ამბობენ, რომ 1-2 თვე შეიძლება თეატრებმა ხელფასი ვეღარ აიღონ, რადგან ის ჩამოკლებული 20 მილიონი ყველაზე უნდა გადანაწილდეს. თეატრებში ახალგაზრდა, ნიჭიერ მსახიობებს ისედაც 350 ლარი აქვთ ხელფასი. მათ რომ 100-150 ლარი კიდევ დააკლო, რითი შეინახონ ოჯახები?!

ლონდონის დაბომბვის წინ ჩერჩილმა იკითხა, რატომ მოაჭერით კულტურას თანხაო. იმიტომ, რომ ომში ვართო, უპასუხეს. ომს მოვიგებთ, მაგრამ თუ კულტურა მოკვდება, ომს აღარავითარი მნიშვნელობა ექნებაო, უთხრა ჩერჩილმა. ჩვენი სახელმწიფო ასე თუ მიუდგება და განსაზღვრავს  პრიორიტეტებს, ყველაფერი ფეხზე დადგება.

დღეს თელავში ვარ, ხვალ – სიღნაღში, ზეგ – ზუგდიდიში, სულ მოძრაობაში ვარ და ავტომანქანა და საწვავი მჭირდება, ამიტომ საწვავის ფასი მადარდებს. იმიტომ ვმოძრაობ ამდენს, რომ თავი შევახსენო ყველას – იქნებ  ვინმეს სჭირდება ჩემი ასაკის მსახიობი.

– ,,ჩემი ცოლის დაქალებში” მნიშვნელოვან პერსონაჟს თამაშობთ. გააგრძელებს თქვენი გმირი თამაშს თუ ამოწურა თავი?

– არ ვიცი, ეგ დევდარიანის ქალს ჰკითხეთ. მის გონებაში რა ხაზი იხარშება და რა როგორ ყალიბდება, არავინ იცის. ის გადაღებები გადასარევი იყო. ეს პროექტი ორიგინალური და უნიკალურია, რადგან ქვეყანაში არ დარჩა ამ დარგის პროფესიონალი, რომელიც ამ სერიალში არ მოხვდა. მთელმა ქვეყანამ ნახა, რამდენი ნიჭიერი ადამიანი დადის ჩვენ გარშემო.

– როგორია მილიონერი კვაზის როლში ყოფნა მაშინ, როცა რეალურ ცხოვრებაში თვეში 500 ლარს უნდა დასჯერდეთ?

– ეჰ, კარგია მილიონერობა და რამდენ რამეს გავაკეთებდი თეატრისთვის! მაყურებელს უნდა დააჯერო, რომ შენ ,,ისძძ ხარ. შენც უნდა დაიჯერო და შენეული უნდა გახადო ის მილიონერი. კვაზი ვითომ უკანასკნელი თანამედროვე ფეოდალის სახეა. ჩემს გმირს დიდი მცდელობა ჰქონდა, ოჯახური ტრადიციები შეენარჩუნებინა, მაგრამ…

ტრადიციები უნდა განახლდეს და, თუ არ პასუხობს თანამედროვეობას და აფერხებს განვითარებას, მასზე უარი უნდა თქვა.  კვაზის ცხოვრებას რომ ვაანალიზებ, ის კაცი მართლა სწორ გზაზე იდგა. უნდოდა, ტრადიციები  შეენარჩუნებინა, მაგრამ თანამედროვე ხრიკებმა და არასწორმა წინააღმდეგობებმა ოჯახურ-გვაროვნული სიძლიერე დაუნგრიეს.

ჩრდილქვეშ ერთ ეპიზოდშიც კი არავინ დაუყენებია, არავისთვის დაუცინია და ზემოდან არ დაუხედავს. პირიქით, თითოეულთან თავისებური დამოკიდებულებით ცდილობდა, არავის ეგრძნო თავი დამცირებულად.

ოჯახის სიმყუდროვე, სიწმინდე და განვითარება უნდოდა. რაც ჰქონდა, უნდოდა, შვილსა და შვილიშვილს ჰქონოდა. ვინ შეუშალა ხელი და ვინ დაუნგრია ეს ილუზია? თუთაშხიამ რომ თქვა, ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო, ისე მოხდა. ვინც ფეხზე დააყენა, მათ შემოუტრიალეს ცხოვრება.

“ფეისბუქზე” წავიკითხე, რატომ არ ეშინია არწივს, გამხმარი ხის ტოტზე რომ ზისო. იმიტომ ზის გამხმარ ტოტზე, რომ თავისი ფრთების იმედი აქვს. ადამიანს, პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. როდესაც შენი თავის რწმენა, ძალა და იმედი გაქვს, არ შეიძლება ეს სხვამ არ დაინახოს და არ მოუნდეს მასაც, რომ ისეთივე ძლიერი და მართალი საქმე აკეთოს, როგორსაც შენ აკეთებ. მერე მასთან ერთად გაერთიანდები და ასე წავა საქმე წინ. ასე რომ, საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს, რომ სხვასაც ჰქონდეს შენი იმედი.

– არ გაგიჭირდათ თვენახევარი მარტო ყოფნა? კერძების კეთება თუ გეხერხებათ?

– კი და „ფეისბუქზე“ ვაზიარებ კიდეც იოლად გასაკეთებელი კერძების რეცეპტებს. ხორცეულის მომზადება კარგად მეხერხება. ღომი, ელარჯი, გებჟალია, ნიგვზიანი კერძები…

– ამ ყველაფერს აკეთებთ?

– აბა, რა?! გურმანი ვარ და კეთებაც მეხერხება. საჭმელებს ვამზადებდი და გეახლებოდით.

– თქვენი ერთი ვაჟი მსახიობია. მეორე რას საქმიანობს?

– შალვა მსახიობია, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრშია. ლევანი 28 თებერვალს წავიდა ესპანეთში და იქ გაიჭედა, თუმცა მოაგვარა თავისი საქმეები. რაღაც გეგმები აქვს. ლევანს საერთაშორისო ურთიერთობები და სამართლის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ პიარმენეჯერად მუშაობს კვების ობიექტებსა და სასტუმროებში. ორგანიზების ნიჭი აქვს და კომპანიის ჩამოყალიბება შეუძლია.

ესპანეთშიც ამ კუთხით უნდა მუშაობა. იქ მე კარგი მეგობრები მყავს, მეგრელი ცოლ-ქმარი და მათთან არის. შემოგვთავაზეს, მარტო რომ არ იყოს, ჩვენთან იცხოვროსო და იქ არის. მუშაობაც დაიწყო. აკრძალვები მოიხსნა და რესტორნები ამუშავდა. ცოტა ხანს დარჩება, სანამ აქ არ გამოჩნდება კარგი სამსახური. საქართველოშიც რაღაც კონკურსებში  მონაწილეობს და, უკეთესი ვარიანტი თუ იქნა, რა თქმა უნდა, მაშინვე ჩამოვა. ესპანური, ინგლისური რუსული ენები კარგად იცის.

– როგორ დასახლდით თელავში?

– თელავში ვცხოვრობდი, აქ ავიდგი ფეხი. აქაური ქალი შევირთე და ეს სახლი ჩემი სიმამრისეულია. სულ გასული ვიყავი ხან იქ, ხან – აქ და რამდენი ხანია, მე და ჩემი მეუღლე ამდენ ხანს ერთად არ ვყოფილვართ. კორონამ გაგვაერთიანა.

ჩემი მეუღლე ახლა პენსიონერია. 25 წელი იმუშავა ისტორია-ფილოლოგიის პედაგოგად. ჩემი ცოლის დაც პედაგოგი იყო, 40 წელი იმუშავა ამ სფეროში. ახლა ორივე პენსიონერია და ცხოვრობენ მამისეულ სახლში. მეც, როგორც კი მოვახერხე, ჩამოვქანდი.

ერთად უფრო იოლია გაჭირვებისა და სიძნელის გადატანა, ვიდრე ცალ-ცალკე. მარტო ცხოვრება ძნელია.

დავდივარ და ვახსენებ თავს რეჟისორებს, რომ იქნებ რამენაირად დავკავდე. რეჟისორს უნდა შეახსენო თავი.  ნუგზარ ბაგრატიონს გავახსენდი აგერ, მაგრამ…

სიღნაღში რომ  მოვრჩები საქმეს და ზუგდიდში წავალ, გორში გავივლი, დავენახვები. მერე ჭიათურაში გავივლი, მერე – ქუთაისში და ასე შევახსენებ თავს ყველას. ჭეშმარიტება მოძრაობაში იბადება.

– ,,ჩემი ცოლის დაქალებმა” ალბათ ბევრ რეჟისორს შეახსენა თქვენი თავი.

– დიახ, ასე იყო. ამ სერიალმა ძალიან შემიწყო ხელი. ,,არაჩვეულებრივ გამოფენაშია”, რომელიმე გამოფენაში მიიღე მონაწილეობა, თორემ ზოგს მკვდარი ჰგონიხარო. ბევრს გაახსენდა, რომ ზურაბ ანთელავა ისევ არის.

– თანაც შესანიშნავ ფორმაში…

– დიახ, ფიზიკურადაც მაგარ ფორმაში ვარ. ყოველ დილა-საღამოს დავდივარ ფეხით 2-2 საათი და ეს საკმარისია კარგად ყოფნისთვის. ჯერ 66 წლის ვარ და სულ ვამბობ, 80 წლამდე ახალგაზრდა ვარ, მანამდე არ დავბერდები-მეთქი. 80 წლის რომ გავხდები, მერე ვიტყვი, რომ ასაკი შემომეპარა.