ზაზა აბაშიძე: ,,ჩემი მომავალი ცოლი ჯერ ჩემი მოსწავლე იყო, შემდეგ – ჩემი სტუდენტი”

ზაზა აბაშიძე: ,,ჩემი მომავალი ცოლი ჯერ ჩემი მოსწავლე იყო, შემდეგ - ჩემი სტუდენტი",,სარკე”, ია ქუთათელაძე

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, ბავშვობიდან ჯადოსნურ სამყაროში იზრდებოდა. უმრავლესობისთვის საოცნებო და მიუწვდომელი მსახიობები, რეჟისორები, ზოგადად კინოსამყაროს ხალხი მისთვის ჩვეულებრივი მეზობლები იყვნენ, რომლებთანაც ყოველდღიური შეხება ჰქონდა.

მიუხედავად ახლო ურთიერთობისა, არც მას და არც მის თანატოლ და თანაშეზრდილ ეზოს მეგობრებს უმცროსუფროსობის ეტიკეტი არასოდეს დაურღვევიათ, პირიქით, ყოველივე საუკეთესო უფროსი თაობისგან ისწავლეს. მთლად ისეთები ვერ გავხდით, როგორებიც ჩვენი მშობლები იყვნენ, მაგრამ ურიგოები ნამდვილად არ ვართ, თავს უშანგიჩხეიძელებს ვუწოდებთო – გვითხრა ზაზა აბაშიძემ, რომელმაც პროფესიულ თემებთან ერთად, რა თქმა უნდა, თავისი გამორჩეული ოჯახის საინტერესო ისტორიებიც გაგვიზიარა.

– ბატონო ზაზა, სანამ უშუალოდ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მუშაობაზე, დღევანდელობაზე საუბარს დავიწყებდეთ, ვერაფრით ავუვლი გვერდს თქვენს ცნობილ ოჯახს. გაიხსენეთ მშობლები, ბავშვობა, თქვენი ეზო.

– გავიზარდე თბილისში, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე, ე.წ. კინომსახიობთა სახლში, სადაც ცხოვრობდნენ: რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ოთარ კობერიძე, ლია ელიავა, ზინა კვერენჩხილაძე, დინარა ჟორჟოლიანი, დავით რონდელი, კონსტანტინე პიპინაშვილი, ხოტივარების დინასტია, გიორგი კალატოზიშვილი, ფელიქს ვისოცკი, კინოდოკუმენტალისტი შალვა ჩაგანავა. ფაქტობრივად კინოსტუდია “ქართული ფილმის” მიერ გადაღებული ყველა ფილმის შემქმნელები ჩვენი მეზობლები იყვნენ.

ეზოს ბავშვებისთვის მათთან ურთიერთობა დიდი სკოლა იყო. საინტერესო ხელოვანები გამორჩეულად კეთილშობილი ადამიანები იყვნენ. საოცარ ისტორიებს ყვებოდნენ. ვუსმენდით და პატივს ვცემდით.

ჩემი მეგობრები იყვნენ: გოგი მარგველაშვილი – დღეს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, ვახტანგ ვისოცკი – არქიტექტორი, დათო კაკაბაძე – ჟურნალისტი, მასმედიის აკადემიის რექტორი, ლევან თუთბერიძე – რეჟისორი, ნანა კობერიძე – ოთარის და ლიას ქალიშვილი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მაკა მეძმარიაშვილი – შესანიშნავი მხატვარი, რომელიც ნაადრევად გარდაიცვალა, ლელა ანჯაფარიძე, რომელიც ასევე გარდაიცვალა, მიშა კალატოზიშვილი – რეჟისორი (აღარც ის არის ცოცხალი), ბუბა ხოტივარი – რეჟისორი…

ერთი სიტყვით, შეიძლება მთლად ისეთები ვერ გავხდით, როგორებიც ჩვენი მშობლები იყვნენ, მაგრამ ურიგოები ნამდვილად არ ვართ. დღემდე ვმეგობრობთ და თავს უშანგიჩხეიძელებს ვუწოდებთ.

ვსწავლობდი თბილისის 23-ე სკოლაში, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო, თუმცა ვერ დავიტრაბახებ, რომ წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. ბევრი სამიანი მყავდა, მხოლოდ ისტორია, ქართული, გეოგრაფია მიყვარდა და კარგადაც ვსწავლობდი.

– და ისტორიის სიყვარულმა განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი.

ჩემი სამოსნობის ატესტატით ჩაბარების შანსი თითქმის არც ერთ ფაკულტეტზე არ მქონდა. ვიფიქრე, მამის ავტორიტეტი გამომეყენებინა და თეატრალურზე ჩამებარებინა, მაგრამ დოდომ კატეგორიულად ამიკრძალა. ალბათ მსახიობობა არც ჩემი მოწოდება იყო.

იმ დროს იყო ლიმიტები, ანუ სპეციალური საგზური სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში. ასეთი ლიმიტით ჩავაბარე მოსკოვის ისტორიულ-არქივმცოდნეობის ინსტიტუტში, სადაც წელიწადნახევარი ვისწავლე. დღეს ბევრი წამყვანი ისტორიკოსი და არქივმცოდნე, რომლებიც დღეს ცნობილები არიან და რუსეთის წამყვან ინსტიტუტებში მუშაობენ, ჩემი კურსელია.

ამან ძალიან შემიწყო ხელი საქმიანობაში. ჩემი ლექტორი იყო ნატალია ბასოვსკაია, რომელსაც ახლა “ეხო მასკვის” ეთერში ისტორიულ თემებზე მიჰყავს გადაცემები. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო გადაცემა გააკეთა თამარ მეფესა და მისი ეპოქის საქართველოზე.

ჩემი ოთხი თანაკურსელი მუშაობს ძველი აქტების არქივში და სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, სადაც 1700 ქართული დოკუმენტია დაცული. აქედან 75 პროცენტი ქართველ მეცნიერებს არათუ შესწავლილი, ნანახიც არ აქვთ. ასევე – პეტერბურგის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია ბევრი ქართული ხელნაწერი და ისტორიული დოკუმენტი, რომელთა მნიშვნელობა ძალიან დიდია. ეს არის ქართველ მეფეთა მიმოწერები, მასალები დიდი ემიგრაციის, რომელიც რუსეთში იყო.

გვინდა, ჩვენი მეცნიერები მივავლინოთ, რომ ეს დოკუმენტები შეისწავლონ. რამდენი უცნობი ფაქტი წამოტივტივდება, ისტორიული მოვლენების ახლებურად დანახვა გახდება შესაძლებელი. დღეს მოდაშია, რომ თუ რუსეთთან ურთიერთობაზე რამეს იტყვი, მაშინვე რუსეთუმეს იარლიყს მოგაწებებენ, არადა ჩვენი ქვეყნის ისტორიის სრულყოფისთვის ამ დოკუმენტების მეცნიერულად შესწავლა აუცილებელია.

– მოსკოვიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რატომ გადმოხვედით?

– საქართველოში გადმოსვლა ჯანმრთელობის პრობლემებით იყო გამოწვეული. ბავშვობიდან ბრონქიტი მაწუხებდა და ცივი ჰავა ვერ ავიტანე. ერთი წლის განმავლობაში ფილტვების ანთება ორჯერ მქონდა. ექიმებმა მოსკოვის დატოვება მირჩიეს.

მოსკოვში ყოფნას უკავშირდება ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია. ეს გოგონა ჩემი კურსელი, ლენა ფესუნენკო იყო – ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, იგორ ფესუნენკოს, ქალიშვილი. ალბათ ეს გრძნობა ძალიან ძლიერიც არ იყო, უფრო გატაცება გახლდათ.

თბილისში დაბრუნების შემდეგ ეს ურთიერთობა შეწყდა, თუმცა მეგობრობა შევინარჩუნეთ. დღეს მას კარგი ოჯახი აქვს. ცნობილი მომღერლის, ანდრეი მაკარევიჩის, მეუღლე იყო. ახლა საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტში მუშაობს.

– როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ?

– თბილისის უნივერსიტეტი ევროპა-ამერიკის უახლესი ისტორიის სპეციალობით დავამთავრე და კათედრაზე დავრჩი. ქალბატონმა მარიკა ლორთქიფანიძემ ყველა სპეცკურსი გამატარა, რაც საჭირო იყო საქართველოს ისტორიის სპეციალისტად ჩამოყალიბებისთვის.

1980 წლიდან 2005 წლამდე უნივერსიტეტში ვმუშაობდი, შემდეგ საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ვიყავი. ამჟამად “ჯიპაში” ვასწავლი და ეროვნულ ხელნაწერთა ცენტრის დირექტორი ვარ.

– როგორც ისტორიკოსს, მინდა, გკითხოთ, რა დოზით და როგორი ხარისხით ისწავლება სკოლებში საქართველოს ისტორია.

– ამ მხრივ წინ ვერ წავედით. საქართველოს ისტორიის ძალიან კარგი სახელმძღვანელო იყო ჯავახიშვილი-ჯანაშია-ბერძენიშვილის ავტორობით, რომელიც შეცვალა მესხიასა და გუჩუას შედგენილმა საქართველოს ისტორიამ. ეს შედარებით მცირე მოცულობის წიგნი იყო და მოსწავლეებს სრულ ცოდნას ვერ აძლევდა.

კარგი სახელმძღვანელოს შექმნა ძალიან ძნელია, რადგან ბავშვებს მარტო მშრალი ისტორიული ფაქტების აღწერა ვერ დააინტერესებთ. წიგნი უნდა იყოს საინტერესო, პოპულარული ენით დაწერილი, იოლი წასაკითხი. ილია ჭავჭავაძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, ივანე ჯავახიშვილი ამბობდნენ, რომ არ შეიძლება ისტორიის მითოლოგიზაცია, ანუ გადამეტებულად აღტაცებული მონათხრობი ისევე აზიანებს ისტორიას, როგორც უფერულად გადმოცემული ამბები.

გარკვეული დოზა მითების, ლეგენდების უნდა იყოს. ეს შელამაზება აუცილებელია, რომ ყმაწვილებს ისტორიის სიყვარული გაუღვიძო. თავის დროზე ქალბატონმა მარიკა ლორთქიფანიძემ მიაღწია იმას, რომ თითქმის ყველა ფაკულტეტზე საქართველოს ისტორიის მოკლე კურსი იკითხებოდა. დღეს ესეც აღარ არსებობს, რაც ძალიან ცუდია.

როგორ უნდა მოსთხოვო ეთნიკურად სხვა ერის წარმომადგენელს, იცოდეს საქართველოს ისტორია, როცა თავად შენ, ქართველი მოიკოჭლებ ამ საკითხში?!

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ისტორია, რომ ქვეყნის მართვის დროს გაითვალისწინონ ისტორიის გაკვეთილები, დაშვებული შეცდომები თუ წარმატებული აღმასვლები; უნდა იცოდნენ ისტორიული გეოგრაფია, ისტორიული საზღვრები დროსა და სივრცეში,  ტოპონომიკა, რომელიც ძალიან ბევრს გაძლევს.

მაგალითად, ტერიტორიას, რომელსაც სამხრეთ ოსეთს უწოდებდნენ, შიდა ქართლი ერქვა, რაც ძირძველი სამაჩაბლო იყო. მომავალ თაობას აფხაზეთის, სამაჩაბლოს ისტორია უნდა ვასწავლოთ. ხშირად უნდა ვუმეოროთ, რომ ეს მიწა ჩვენია, ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილია, თორემ ისევე დაავიწყდებათ და შორს დარჩებათ, როგორც დაგვავიწყდა ტაო-კლარჯეთი და საინგილო.

– როგორია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მდგომარეობა ამჟამად?

– ეს არის უმთავრესი ჰუმანიტარული პროფილის დაწესებულება, არამარტო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, არამედ საცავი და მუზეუმი, სადაც დაცულია უნიკალური ხელნაწერები, უძველესი ფოლიანტები, V-VI საუკუნეების პალიმფსესტები. მარტო შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” 160-ზე მეტი ხელნაწერია.

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული ყველაზე დიდი პრობლემა საცავების საკითხია. ახლა თითქოს გადაწყდა, რომ ეზოშივე ცალკე შენობა აშენდეს ყველა ტექნიკური თუ ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით. ეს თუ შესრულდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

ამჟამად მთავარ შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პანდემიას რომ ხელი არ შეეშალა, დამთავრებული იქნებოდა. კეთდება თანამედროვე სამკითხველო დარბაზი და ახლებურად მოწყობილი მემორიალური კაბინეტები.

– წარმატებებს გისურვებთ! თქვენი ოჯახის წევრებზეც ვისაუბროთ, გაგვაცანით ისინი.

– ჩემი მეუღლე, ნინო ჩიკვილაძე, ისტორიკოს-ეთნოგრაფია. ჩემი მოსწავლე იყო, როცა 53-ე სკოლაში პრაქტიკანტად მივედი სრულიად ახალგაზრდა. შემდეგ კი ისტორიის ფაკულტეტზე ლექციებს ვუკითხავდი. გამორჩეული ყურადღება არ მიმიქცევია. მეოთხე კურსზე იყო, როცა ექსკურსია მოაწყვეს და მეც მათთან ერთად ვიყავი. მაშინ დავუახლოვდით ერთმანეთს. შემდეგ შეხვედრები დავიწყეთ, ერთიმეორე კარგად გავიცანით და 6-7 თვეში დავქორწინდით.

გვყავს სამი შვილი და სამი შვილიშვილი. სულ ახლახან გაჩნდა მესამე შვილიშვილი – კირა აბაშიძე. ღვთის წყალობით, ბედნიერი ოჯახი გვაქვს.

ჰო, კიდევ, ძალიან მიყვარს ძაღლები. ვოცნებობ, სოფელში სახლი შევიძინო, პენსიაში გავიდე, ჩემი ძაღლები წავიყვანო, მშვიდ გარემოში ვიმუშაო და დავისვენო.

– დავიწყეთ ოჯახიდან და მინდა, გთხოვოთ, მიამბოთ რომელიმე ეპიზოდი ბატონი დოდოს ცნობილი ისტორიებიდან.

– დოდო ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. ბევრს ვარჯიშობდა და აღნაგობაც შესაფერისი ჰქონდა. მოჩხუბარი არ იყო და თავისი ძალის დემონსტრირებას არ ახდენდა არც მთვრალი, არც ფხიზელი. უყვარდა ქეიფი, მეგობრები, თამადობა. მსახიობი მეგობარი ცოტა ჰყავდა, მათ შორის განსაკუთრებით უყვარდა ეროსი მანჯგალაძე, შოთა გაბელაია და გურამ ლორთქიფანიძე.

სახლში განმარტოება უყვარდა, სიჩუმე, სიმშვიდე. ბევრს კითხულობდა. წიგნის გარეშე ერთი დღე არ არსებობდა მისთვის. სხვადასხვა შინაარსის წიგნებს არჩევდა, განსაკუთრებით პოეზია უყვარდა – გალაკტიონი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდშვილი, ბლოკი, ესენინი, მაიაკოვსკი. შექსპირს კითხულობდა მუდამ, ალბათ რაიმე როლის შესრულებაზე ოცნებობდა, ვერ გეტყვით…

ახლა ერთ ამბავს მოგიყვებით: 1948 წელს დოდო და მისი მეგობარი შოთა სალუქვაძე ფუნიკულიორის რესტორნის ვერანდაზე ისხდნენ. გვერდით მაგიდასთან შეყვარებული ახალგაზრდა წყვილი იჯდა, მათ გვერდით კი – 6-7 სამხედრო. ომი ახალი დამთავრებული იყო და სამხედროებს დიდი პატივით ექცეოდნენ.

სამხედროები უკვე შეზარხოშებულები იყვნენ და ამ გოგოს არ ასვენებდნენ, ხან საცეკვაოდ იწვევდნენ, ხან ცუდად ეხუმრებოდნენ. ბიჭი მარტო იყო, იცოდა, ყველას ერთად ვერ მოერეოდა და ძალიან შეწუხებული იჯდა. დოდოს შოთასთვის უთქვამს, ახლა ამათ სათითაოდ დავუვლიო. შოთა აჩერებდა, არ გინდა, დოდო, თავი შეიკავეო.

წყვილი წასასვლელად მოემზდა. თურმე ერთი სამხედრო წამოდგა და გოგონას ისევ წაეპოტინა. დოდომ არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ დაარტყა ისე, რომ კაცი 4 მეტრზე გადაფრინდა და დაეცა. სანამ წამოდგომას მოახერხებდა, დოდო მილიციამ დააპატიმრა.

ეს ნაცემი სამხედრო აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის გმირი, რაიხსტაგზე დროშის ამტანი მელიტონ ქანთარია, რომელსაც მთელ საბჭოთა კავშირში, მათ შორის – თბილისშიც ხელისგულზე ატარებდნენ. თურმე მელიტონი ყვიროდა, ციმბირში დაგალპობ, გარეთ გამოსვლას არ გაღირსებო.

დოდოს დედამ ქვეყანა შეძრა, მაგრამ მელიტონი ვერავინ დაითანხმა დოდოს გამოშვებაზე. ჩარიეს ყველა ცნობილი მეგრელი – კონსტანტინე გამსახურდია, დემნა შენგელაია, არნოლდ ჩიქობავა, აკაკი ხორავა, ილია ვეკუა, მაგრამ არა და არა, არავის ხათრი დაიდო.

ბოლოს სთხოვეს ჟორჟიკა მდივანს, რომელიც ფილმ ,,ბერლინის დაცემის” სცენარის ავტორი იყო. ჟორჟიკა მდივანი და აკაკი ხორავა ავიდნენ სასტუმროში, სადაც მელიტონი ცხოვრობდა. თურმე ზუსტად ამ დროს გაიღო ნომრის კარი, ქანთარია გამოვარდა, მათ გვერდი აუარა და კიბეებზე ამომავალ წვერმოშვებულ, საკნიდან ახალგამოყვანილ დოდოს ჩაეხუტა, თან უთხრა, ბიჭო, ვერ მითხარი, ყვაყვას თუ იცნობდიო.

ყვაყვა იყო ზუგდიდელი ჯიბგირი, რომელსაც პატარა დუქანი ჰქონდა ზუგდიდში და მელიტონთან მეგობრობდა. დოდოს მეგობარმა ბიჭებმა ყვაყვა საიდანღაც გამოძებნეს და ასე დაიხსნეს.

გავიდა დრო. ერთხელ ილია ვეკუა, დამიანე გოგოხია, ჟორჟიკა მდივანი და მელიტონ ქანთარია ერთად იყვნენ რესტორანში. თურმე ილია ვეკუამ მელიტონს უთხრა, ბიჭო, ვინ იყო ეს ყვაყვა, ცოტნე დადიანის გარდა მთელი სამეგრელო მოგიყვანეთ, მაგრამ მხოლოდ მისმა სიტყვამ გაჭრაო. მელიტონმა უპასუხა, რას ამბობ, ილია, ყვაყვა ზუგდიდელი ჯიბგირია, კაი ბიჭია, დუქანში პატივი აქვს ნაცემიო.

– დაბოლოს, ბატონო ზაზა, როგორ დავასრულოთ ჩვენი ინტერვიუ?

– ერთი რამ მინდა გითხრათ: მე, როგორც ისტორიკოსი, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ანალიზს ხშირად ვაკეთებ და ვხედავ, რომ საქართველო უამრავი დაბრკოლების და საფრთხის პირობებში გადარჩა და მაინც წინ მიიწევს.

უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გეორაფიული მდებარეობა და ისტორიული როლი კავკასიაში. როგორც გრიგოლ რობაქიძე ამბობდა, ხელი არ უნდა ვკრათ აღმოსავლეთს. ევროპა მშვენიერია და საქართველოში უნდა შედგეს მათი ქორწილი. დიახ, აღმოსავლური სიბრძნით და დასავლური ღირებულებებით ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ კავკასიის კულტურული ცენტრი და წარმატებული, ღონიერი ქვეყანა.