,,ცუდი დედამთილობა გავუწიე იმ რძალს, რომელიც ამას არ იმსახურებდა”

,,ცუდი დედამთილობა გავუწიე იმ რძალს, რომელიც ამას  არ იმსახურებდა",,სარკე”

თქვენს ჟურნალში ადამიანები ხშირად თავს იმართლებენ, მე ასე კარგი ვარ და სხვები ცუდად მომექცნენო. მე კი მინდა, ჩემს ცუდ საქციელზე მოგიყვეთ. გითხრათ, როგორ საშინლად ვექცეოდი ადამიანს, რომელიც ამას არანაირად იმსახურებდა.

ორი ბიჭის დედა ვარ. კახეთში ვცხოვრობ და მეც კახელი ვარ. პირველი რძალი ჩვენი კუთხიდან მოვიყვანე. ჩემი შვილი და ის თანაკლასელები იყვნენ, ბავშვობიდან ვიცნობდი და შვილივით მივიღე. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ რძალდედამთილობას შორის ზღვარი წავშალე, ქალიშვილივით მიყვარდა.

პირველ შვილზე მშობიარობა გაურთულდა და ისეთ დღეში ჩავვარდი, ექიმებს დედა მე ვეგონე, მუხლებში ვერ ვიმართებოდი, ვიკეცებოდი. დიდი დრო დამჭირდა, რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. რძალს უანგაროდ ვუკეთებდი ყველაფერს, არ ვითხოვდი, რომ მისგან იგივე მიმეღო. რაღაცნაირად ამოვიჩემე, მიყვარდა და მორჩა.

მეორე ბიჭმა, უმცროსმა, რომ გამომიცხადა, ცოლი მომყავსო, ისტერიკა დამემართა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მის შეყვარებულს ვიწუნებდი, იმერლობა იყო. ვამბობდი, რომ რძალი ჩემი კუთხიდან მსურდა, მაგრამ შვილმა არ დამიჯერა და ცოლად მაინც მოიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ნათქვამი მქონდა, უმცროს ბიჭთან უნდა ვიცხოვრო-მეთქი, სწორედ ის გავუშვი ცალკე და უფროს შვილთან და რძალთან დავრჩი.

უმცროს რძალს უცხოსავით ვექცეოდი. დედ-მამა და დედმამიშვილები შორს ჰყავდა –  იმერეთში. ვერც ოჯახის საქმეებში უწყობდნენ ხელს და ვერც ბავშვების გაზრდაში. ვხედავდი, როგორ უჭირდა ამდენი საქმის კეთება, მაგრამ არ ვეხმარებოდი. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ ბავშვებიც კი არასოდეს დამიტოვებია. როცა სადმე წასვლა სჭირდებოდა, შვილებს მეზობელთან ტოვებდა და ამას მშვიდად ვუყურებდი.

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქმარი გარდამეცვალა. არასოდეს მიმუშავია და შვილების ხელის შემყურე გავხდი. უფროსი რძალი თუ მანამდე პატივს მცემდა, როგორც კი დავქვრივდი, ჩემ მიმართ შეიცვალა. მაგრძნობინა, რომ ოჯახის თავი თვითონ იყო და უნდა ჩავჩოჩებულიყავი. ყველაფერში უკან დამწია და თანდათან სიტყვის თქმის უფლებაც ჩამომართვა.

გასულ შემოდგომას ჩემი ობოლი ძმისშვილი დაქორწინდა. მამამისი ჩემს შვილებზე თან იყო გადაყოლილი. პირველი რძალი რომ მოვიყვანე, ბრილიანტის ბეჭედი ცალკე აჩუქა, ცალკე ფული მომცა, რომ რძლისთვის ქურქი მეყიდა.

ძმისშვილის ქორწილისთვის მზადება და საჩუქარზე ფიქრი რომ დავიწყე, უფროსმა რძალმა გამომიცხადა, პენსიით რაც მოგივა, ის უყიდეო. ვკითხე, შენ რომ ქურქი და ბეჭედი წამოგაცვა, ხომ არ დაგავიწყდა-მეთქი. მიპასუხა, მაშინ სხვა დრო იყო, თანაც შენს ძმას ფული თავზე ეყარაო. ჩემმა შვილმაც უსინდისოდ მითხრა, ნუ ეყიდა მერე, ვინ დააძალაო.

ბანკში წავედი, რომ სამი თვის პენსია წინასწარ გამომეტანა და საჩუქარი ისე მეყიდა. იქ უმცროსი რძალი შემხვდა. გაიგო, რისთვისაც ვიყავი მისული და გადაირია. იქიდან გამომიყვანა და თავის სახლში წამიყვანა. მითხრა, მე და შენმა შვილმა უკვე ვუყიდეთ საჩუქარიო და ბრილიანტის ბეჭედი გამომიტანა.

ცრემლები წამსკდა, ამხელა ქალი ხმამაღლა ავქვითინდი. რძალმა მითხრა, როგორ იფიქრე, რომ არაფერს ვუყიდდით, ჩემი ქმარი შენი ძმის გაზრდილია, მამასავით უყვარდაო. უმცროსმა ბიჭმა საერთოდ გადამრია. 1000 ლარი გამომიტანა, ჩემს ბიძაშვილს მიუტანე და უთხარი, რომ ქორწილში გამოიყენოს, დასჭირდებაო. ფრენა-ფრენით, ამაყად წავედი ძმის ოჯახში და ფული მივუტანე.

მერე უმცოსმა რძალმა უფრო საოცარი რაღაც გააკეთა. ქორწილში ჩასაცმელ ტანსაცმელზე არც მიფიქრია. ვამბობდი, ქვრივი ქალი ვარ, რაღა დროს ჩემი გამოპრანჭვაა-მეთქი. მითხრა, ქმრის გასვენებაზე რომ ტანსაცმელი გეცვა, იმით ხომ არ წამოხვალო და, ფეხსაცმლიდან დაწყებული კოლგოტით დამთავრებული, ყველაფერი მიყიდა.

თქვენ გგონიათ, უმცროს შვილს მეტი ფული აქვს, ვიდრე უფროსს? არა, სულ პირიქით. ჩემი ქმრის შეძენილი ქონებიდან ყველაზე მეტი უფროს შვილს ერგო. უკეთესი სამსახურიც მას აქვს, ვიდრე უმცროსს, მაგრამ სინდის-ნამუსი უმცროსს უფრო აწუხებს, ვიდრე მის ძმას.

ორივე შვილი ერთნაირად გავზარდე, მაგრამ თურმე დიდი მნიშვნელობა იმას ჰქონია, მამაკაცის გვერდით როგორი ცოლი დგას. უფროსმა რძალმა ჩემი ძველი ჭურჭლის კომპლექტი დაიჭირა ხელში და ქორწილში ისე მივიდა. უმცროსმა რძალმა კი ბევრი რამ მოაკლო საკუთარ თავს და შვილებს და ქმრის ბიძის ოჯახს ღირსეული პატივი სცა.

ცუდია, რომ ახლა, ამ გვიან ამეხილა თვალი. ჭკუა კი ვისწავლე და უმცროსი შვილის ოჯახს რაც დავაკელი, მინდა, ყველაფერი ავუნაზღაურო, მაგრამ იმ გულისტკენას რას ვუშველი, რაც რძალმა ჩემ გამო იწვნია? მართალია, არ მაგრძნობინებს, მაგრამ მე ხომ ვიცი, როგორ ცუდად ვექცეოდი.

ღმერთს იმას ვთხოვ, იმდენი ხანი მაცოცხლოს, რომ ჩემი შეცდომის გამოსწორება შევძლო.

,,სარკის” ერთგული მკითხველი