თამრიკო ჭოხონელიძის რძალი: ,,დედამთილი ჩემთვის ასოცირდება სითბოსთან, სიყვარულთან, სიკეთესთან” – ანი იმნაძის ოჯახური და საქმიანი ცხოვრება

თამრიკო ჭოხონელიძის რძალი: ,,დედამთილი ჩემთვის ასოცირდება სითბოსთან, სიყვარულთან, სიკეთესთან" - ანი იმნაძის ოჯახური და საქმიანი ცხოვრება,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,,მთავარ არხზე” ახალი იუმორისტული სერიალი “დიდი ოჯახი” დაიწყო. სატელევიზიო პროდუქტი ყურადღებას ძირითადად იმით იქცევს, რომ იქ ის მსახიობები მონაწილეობენ, რომლებმაც წლების წინ სუპერპოპულარული სერიალი შექმნეს – “შუა ქალაქში”. თუმცა “დიდ ოჯახს” სხვა მსახიობებიც შეურთდნენ და ახლა ტელეპროექტი დიდ გამოცდას გადის, რადგან მას სწორედ სერიალს ,,შუა ქალაქში” ადარებენ.

,,დიდი ოჯახის” ერთ-ერთი ცენტრალური გმირის, მაკას, როლს მსახიობი ანი იმნაძე ასრულებს. ის ხუთ სხვადასხვა თეატრშია დაკავებული და სერიალებში მონაწილეობის გამოცდილებაც აქვს. ანი საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის რძალია – მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გია როინიშვილის ვაჟის, კოკო როინიშვილის, ცოლი გახლავთ.

როგორ უძღვება ახალგაზრდა ქალი რეალურ და ეკრანულ ოჯახებს, ამის შესახებ ის ,,სარკეს” უამბობს (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).

ანი იმნაძე: ეს სერიალი პანდემიამდე დაიგეგმა. როცა შეზღუდვები ნელ-ნელა მოიხსნა, დაგვკავშირდნენ და საქმეს ასმაგად გახარებულები შევუდექით, რადგან ჩვენს პროფესიას დავუბრუნდით.

– რა ნიშნით შეირჩა თქვენი პერსონაჟი?

– დამირეკეს და მივედი იმ როლისთვის, რომელსაც ვთამაშობ. სერიალს ჰყავს კასტინგის მენეჯერი, მაია დობორჯგინიძე, რომელმაც დამირეკა და მერე რეჟისორს შევხვდი.

ამ ჟანრის სერიალში წინასწარ ვერ გათვლი, როგორი იქნება შენი გმირი. სერიალზე მუშაობის გამოცდილება მაქვს, მაგრამ ამ ჟანრში – ნაკლებად. ბევრ რამეს ახლა ვსწავლობ გამოცდილი მსახიობებისგან, რეჟისორისგან. ბევრი კითხვაც მაქვს. დავიხმარე ინტერნეტი, რაღაც ვიდეოებს ვუყურე, რადგან სადაც ვარ, მინდა, ჩემი საქმე მაქსიმალურად კარგად და სწორად ვაკეთო. ჩემი პერსონაჟის რაღაც თვისებებს უკვე ვხედავ, მაგრამ იმედია, ნელ-ნელა დაიხვეწება და ჩამოყალიბდება.

უფრო ხშირად დრამატულ როლებს ვთამაშობ ხოლმე. ხშირად ფილმში ფინალური სცენიდან იწყებენ გადაღებას. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა და თამაშის ხერხიც განსხვავებულია. გმირს ეტაპობრივად ქმნი და ამიტომაცაა ბევრი ისეთი დეტალი, რომლებსაც ვეუფლები.

პერსონაჟები ახლა ყალიბდებიან. ჯერ ჩვენ თვითონაც კიდევ ვეცნობით მათ და მაყურებელი უნდა შეეჩვიოს, შეუყვარდეს. ისედაც მძიმე გარემოა ქვეყანაში და ბოლო დროს ამ ვირუსმა უფრო დაამძიმა, ადამიანებს განტვირთვა სჭირდებათ. იმედი გვაქვს, ეს სერიალი მაყურებლის რაღაც ნაწილისთვის მაინც აღმოჩნდება განტვირთვის გზა.

– ის მსახიობები მონაწილეობენ, რომლებიც “შუა ქალაქში” თამაშობდნენ და ეს ქმნის ერთგვარ მიზიდულობას. თან ,,იმედზე” ახლაც გადის ეს სერიალი და შედარებაც ხდება.

– დიახ და ახალმისულებს გვაქვს პასუხისმგებლობა, ყველაფერი კარგად გავაკეთოთ. ისინი იმ სერიალს დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდნენ და მაყურებელს იმდენად ჰყავს აღქმული იმ პერსონაჟებად… ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი ამ გმირებზე გადმორთონ. კარგი მსახიობები არიან და აუცილებლად შეძლებენ.

ასეთ პროდუქტებს როცა ერთმანეთს ადარებ, დასაწყისი უნდა შეადარო დასაწყისს. სერიალი მაშინაც ასე ვითარდებოდა. საზოგადოების ნაწილის ყურადღება უკვე დავიმსახურეთ და იმედი მაქვს, უფრო მეტი მაყურებელიც გვეყოლება.

ლოგიკურია, რომ დასაწყისში ვერ იქნება ისეთი, როგორიც გვინდა. უცხოურ სერიალებსაც რომ უყურებ, მინიმუმი, 3 სერია გჭირდება, რომ რაღაცებში გაერკვე, ვიღაცის გულშემატკივარი გახდე და ა.შ. ამ ჟანრში კი უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გმირები შენი ოჯახის წევრები გახდნენ, რასაც დრო სჭირდება.

ჩემთვის მთავარი ისაა, რომ სცენარისტი, რეჟისორი თუ მსახიობები ამისკენ არიან მომართულნი და სიყვარულს ვგრძნობ იმ საქმის მიმართ, რასაც აკეთებენ. ხშირად სწორედ ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. რეჟისორი გოჩა კოლხელაურია, რომელმაც “შუა ქალაქში” გადაიღო. მას ბოლომდე ვენდობით და მისი იმედიც გვაქვს.

ამ სერიალს სპექტაკლის პრინციპით იღებენ. მაყურებელი გვყავს ჩვეულებრივად. თავიდან ისე ვნერვიულობდი, სცენის გადაღება რომ დამთავრდა, აღარაფერი მახსოვდა. პირველი სცენის მერე ნერვიულობა შედარებით მოიხსნა.

– როგორი ტიპაჟია თქვენი გმირი და რას უნდა ველოდოთ?

– მასზე ჯერ ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ის არის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰყავს ძალიან კარგი ოჯახი, უყვარს მეუღლე და შვილები, არის თბილი და მოსიყვარულე. მუშაობს. კეთილია და უჭირს, რომ თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვას. დადებითი პერსონაჟია და ვნახოთ, სადამდე მივალთ.

– რამდენად გგავთ რეალურად?

– სიცილი მეც მიყვარს და მაკასაც და, მგონი, მეც კეთილი ადამიანი ვარ.

– თქვენი პერსონაჟის, მაკას, ქმრის როლს მსახიობი გოგა ბარბაქაძე ასრულებს. როგორი პარტნიორია?

– მე და გოგა სერიალ “ტიფლისში” მამა-შვილს ვთამაშობდით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გვერდით გამოცდილი მსახიობი გიდგას. კარგი პარტნიორი ზუსტად ისე გაწვდის რეპლიკას, რომ მას გაყვები, დიალოგი აეწყობა და სცენა შედგება.

– თქვენი ქმარიც თამაშობდა სერიალში “შუა ქალაქში”. აქაც ხომ არ გამოჩნდება?

– ვერ გეტყვით. მე და კოკო ერთმანეთს მუდამ მხარს ვუჭერთ და საუკეთესო შემფასებლებიც ვართ ერთმანეთის საქმიანობის. არ მინდა, კოკომ რამეში დამინდოს და ასეც არის, ერთმანეთს მხოლოდ სიმართლეს ვეუბნებით და ამით ბედნიერი ვარ. მყარად ვგრძნობ თავს, რადგან გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც არაფერს დამიმალავს, არ მოერიდება, შენიშვნა თუ საქებარი რომ მითხრას. მისი აზრი უზომოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.

– ახლა რა გითხრათ?

– პირველ სერიაზე ვერაფერს მეტყოდა. 15-20 სერიის მერე ჩემი გმირი თუ ისეთივე იქნება, როგორიც პირველ სერიაში იყო, მაშინ აუცილებლად მეტყვის რამეს. პირველი სერიით გაკრიტიკება კი უცნაური იქნებოდა.

– ისე, მამაკაცისთვის ალბათ რთული აღსაქმელია, როდესაც მისი ცოლი სხვა კაცის მეუღლის როლს თამაშობს. მით უმეტეს, რომ საზოგადოება ხშირად სერიალის გმირების ცხოვრებას რეალურთან აიგივებს.

– ეს ამბავი კოკოსთვის ახალი არ არის. უკვე მე-11 წელია ერთად ვართ და სერიალებსა თუ თეატრებში ორივეს გვითამაშია სხვა ადამიანების ცოლები თუ ქმრები, შვილები და ა.შ. გახარებულია, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ.

– ფაქტობრივად მთელი ოჯახი “მთავარ არხზე” ხართ დასაქმებული…

– მე მსახიობი ვარ და ბევრ სხვადასხვა არხზეც მითამაშია. ჯერ კოკოთი დაინტერესდნენ და გადაცემა მიჰყავს. მეც ისე მოვხვდი ამ სერიალში, როგორც გითხარით. თამრიკოსაც თავისი რუბრიკა აქვს. ისინი უკვე იქ იყვნენ, მე რომ დამიძახეს სერიალზე.

თამრიკო ჩემი ამბით ძალიან გახა-რებულია. საერთოდ ერთმანეთის წარმატებით მუდამ გახა-რებულები ვართ ჩვენს ოჯახში. თამრიკო მოწინავე რიგებს იკავებს ამ ყველაფერში, მხარს ძალიან მიჭერს.

– როგორი დედამთილია?

– სულ ვამბობ, არ მყავს ისეთი დედამთილი, როგორიც საერთოდ აღიქმება ხოლმე. სიტყვა ,,დედამთილი” ჩემთვის ასოცირდება მეგობრობასთან, სითბოსთან, სიყვარულთან, სიკეთესთან… ეს ყველაფერია ჩვენს ურთიერთობაში და საუკეთესო მეგობრები ვართ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. აშკარად გამიმართლა.

– შვილივით აღგიქვამთ?

– ამაზეც გილაპარაკია და ვთანხმდებით, რომ შვილი იმდენი არსებობს, რამდენიც რეალურად გყავს, თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისაც მათ უთანაბრებ. მისგან არასოდეს მიგრძვნია, რომ უცხო ვარ. იმედი მაქვს, არც ჩემგან განუცდია მსგავსი რამ. მნიშვნელოვანია ერთიანობა, სითბო და, ამას თუ ხედავ, შენ სხვაგვარად ვერ იქცევი.

გაცნობის დღიდან ვგრძნობ თამრიკოსგან სითბოს, სიყვარულსა და თანადგომას. მადლობა მას ამისთვის, ბედნიერი ვარ და ვამაყობ ამით.

– როგორ ჩაიარა პანდემიისა და კარანტინის პერიოდმა თქვენს ოჯახში?

– კოკო სულ მუშოაბდა. მეც ვიმუშავე ონლაინ სპექტაკლზე, რომელიც ორმა სტუდენტმა გააკეთა. ნინო კასრაძესთან, მარიამ ჯოლოგუასთან, ეთო ალექსიშვილთან ერთად ვმუშაობდი ონლაინ რეჟიმში. რეჟისორი დავით თარბა იყო. სპექტაკლი გურამ მაცხონაშვილის პიესის მიხედვით გავაკეთეთ. კარანტინი ასე გადავაგორეთ. ასევე იყო სახლის ლაგება, საჭმელების კეთება, თამაში, კითხვა…

სახლში ყოფნა მიყვარს, მაგრამ, როცა ეს შენი ნების გარეშე ხდება, ძალიან რთულია. საერთოდ იძულებით რაღაცის კეთებაა რთული, მაგრამ ჩვენი და ჩვენი ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობისთვის ასე იყო საჭირო, თუმცა რა გველის მომავალში, არ ვიცით.

ისიც არ ვიცით, რა იქნება თუნდაც სექტემბრისთვის თეატრებში. ამ დარგისთვის თითქოს დრო გაჩერდა. მაისში პრემიერა უნდა მქონოდა. პრემიერაც იქნება, სპექტაკლებიც დაიდგმება, მაგრამ მთავარი კითხვაა: როდის? სამწუხაროდ, ვერანაირ ნაბიჯს ვხედავთ, რომ ამ სფეროზე ვინმე ზრუნავდეს.

მთავარია, ყველაფერი აღდგეს და მე საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს. მუდამ დაკავებული ვარ, რაც ძალიან რთული მისაღწევია, რადგან აქ არის პატარა სივრცე. რომ ამბობენ, თეატრს მაყურებელი არ ჰყავსო, ასე არ არის. ხუთ სხვადასხვა თეატრში ვთამაშობ და მაყურებელი სულ არის.

– თქვენთან ერთად ცხოვრობს მამათილი, ცნობილი მსახიობი – გია როინიშვილი. მოგვიყევით მასზე.

– გია გადასარევი ადამიანია. მასთანაც ყველაფერი ჰარმონიულად და მეგობრულადაა. 5 წელია ერთად ვცხოვრობთ და აქამდე არანაირი პრობლემა არ გვქონია. ერთად ცხოვრების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი განწყობებია ერთმანეთის მიმართ. გამიმართლა, რადგან ოჯახში დამხვდნენ ადამიანები, რომლებთანაც ლაპარაკი, მოსმენა შეიძლება, სიყვარულისა და სითბოს გამოხატვა შეუძლიათ. ამით ბედნიერი ვარ.

– გეხმარებათ მამამთილი რაიმე საოჯახო საქმეში?

– ბავშვი დაგვიტოვებია მისთვის, სადმე რომ წავსულვართ. სამზარეულოსთან არ მეგობრობს.

– თქვენ კარგი მზარეული ხართ?

– ვფიქრობ, ცუდი მზარეული არ უნდა ვიყო, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ეს პროცესი ძალიან მომწონდა. ახლა აღარ მომწონს. რა თქმა უნდა, მაინც ვაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი მონდომებით არ ხდება.

– თქვენი ქალიშვილი, პატარა მარიამი, უკვე შევიდა სკოლაში?

– წელს მიდის და იმედი მაქვს, ონლაინ სკოლაში მისვლა არ მოუწევს. სკოლის დაწყებას მოუთმენლად ელოდება. რაც დაიბადა, იმის მერე ვფიქრობდი, რომელ სკოლაში უნდა შესულიყო. ბევრი ვარჩიეთ და, როგორც იქნა, შევარჩიეთ.

იმედი მაქვს, ის მოლოდინი და სიხარული, რაც მის თვალებში სკოლასთან დაკავშირებით იკითხება, გამართლდება და ეს პერიოდი უშუალო ურთიერთობით დაიწყება მასწავლებლებთან და კლასელებთან.