,,რძალმა შვილები გამაზრდევინა და მერე სოფელში გამომაგდო”

,,რძალმა შვილები გამაზრდევინა და მერე სოფელში გამომაგდო",,სარკე”

ისეთ ადამიანს არ უნდა სცე პატივი, რომელიც ამას არ იმსახურებს. არც ის უნდა იფიქრო, რომ ვინმე შეიცვლება. როგორებიც იბადებიან, ისეთივე რჩებიან. ჩემი რძალი ამის განსაკუთრებული მაგალითია.

ქვრივი ქალი ვარ. ორი შვილი მყავს – ქალ-ვაჟი. ძალიან პატარები იყვნენ, ჩემი ქმარი რომ დაიღუპა და მარტომ გავზარდე. ღმერთმა იცის, რამდენი ვიწვალე, რომ გზაზე დამეყენებინა. ძალიან კარგი შვილები მყავს. ორივე დაოჯახდა. რაიონში ვცხოვრობდით. ბიჭმა თბილისში დაიწყო მუშაობა, ცოლი შეირთო და თავისი ჯაფით სახლიც იყიდა.

შვილი რომ გაუჩნდა, შვილმა მე მთხოვა, ბავშვის გაზრდაში დავხმარებოდი.გამოვკეტე ჩემი ნაწვალები, გაწკრიალებული სახლი და თბილისში წამოვედი. რძალი გვიან ბრუნდებოდა სამსახურიდან და დაწოლამდე ისევ საკუთარი თავის მოვლას ანდომებდა დროს. ბავშვს ღამეც კი ჩემთან ეძინა. მერე მეორე შვილიც მე გავუზარდე.

8 წლის შემდეგ ზაფხულში გამომიცხადეს, სოფელში ჩავიდეთ და იქაურობას ხელი შევავლოთო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა! ბავშვებთან ერთად წავედით. ხელის შევლება კი ეს გამოდგა – უნიტაზი დადგეს და სამზარეულოში შპალერი შეცვალეს. 6 დღის შემდეგ რძალმა რაღაც მოიმიზეზა, ბავშვებს ხელი დაავლო და თბილისში წავიდა. ჩემი შვილიც გაჰყვა.

არ მჯეროდა, რომ მარტო დამტოვეს. თვალები სულ ჭიშკრისკენ მქონდა, ან ახლა შემოვლენ, ან ახლა-მეთქი. მომიწია, რეალობისთვის გამესწორებინა თვალი, რომ რძალმა შვილები დამაზრდევინა და მერე სახლიდან გამომაგდო. ამას რომ ვწერ, მეტირება. რატომ უნდა მომქცეოდნენ ასე?!

,,სარკის” მკითხველი