ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ნოე ჟორდანიას ღვინო სახეში შეასხა – ,,ნოე რამიშვილს უფლება არ მისცეს, მთავრობაში ილია ჭავჭავაძის მიმდევრები შეეყვანა”

ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ნოე ჟორდანიას ღვინო სახეში შეასხა - ,,ნოე რამიშვილს უფლება არ მისცეს, მთავრობაში ილია ჭავჭავაძის მიმდევრები შეეყვანა",,სარკე”, ირინე მჭედლიძე

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წელს პირველად მოხდა, რომ 26 მაისი, ქართველი ერისთვის ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – არ აღინიშნა (სტატია მომზადებულია მაისში). რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით პოლიტიკოსების მიერ მემორიალთან მიტანილ გვირგვინებს და ტელესიუჟეტებში ერთი-ორჯერ ხსენებას. არადა საქართველოს დამოუკიდებლობაზე მოსაყოლი ბევრია და ბევრი რამ – საკვლევიც.

...

ის, რომ რაღაცები კარგად არ გვაქვს გააზრებული და გამოკვლეული, ბოლო დროს დავითგარეჯის გარშემო მიმდინარე უსიამოვნო მოვლენებმაც შეგვახსენა. მაშინ შედგენილი დოკუმენტები, დადგენილი საზღვრები და ა.შ. დრო და დრო მწარედ გვახსენებს ხოლმე თავს.

მაინც რა მოხდა 102 წლის წინ? როგორ მოვიპოვეთ თაობებისთვის სანუკვარი თავისუფლება და 99 წლის წინ როგორ დავკარგეთ?

შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, ბევრი ჩვენი თანამემამულე თავში ხელების წაშენითა და მოთქმა-გოდებით შეხვდა. დამოუკიდებლობის აქტის მიღების დროს სიხარულისა და აღფრთოვანების ნაცვლად ტირილი და რუსეთის წინაშე ბოდიშები ისმოდა.

ასეთი უცნაური აღქმა ჰქონდა ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და საუკუნეებით ნაოცნებარ დღეს – 26 მაისს. შეიძლება ამიტომაც დაჰყვა ამ დღეს ავი ბედისწერა და თავისუფალი საქართველო დღეგრძელი არ აღმოჩნდა.

წლების შემდეგ ისიც დაუჯერებლად ჟღერს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იძულებითი ნაბიჯი იყო. ერთადერთი, რაც მაშინდელ დროებით მთავრობას იხსნიდა და თურქეთის აგრესიას ცოტა ხნით მაინც შეაჩერებდა, დამოუკიდებლობის გამოცხადება გახლდათ. თუ არა და, ომი დაიწყებოდა და თურქეთი ამიერკავკასიას მთლიანად აიღებდა.

რუსეთი სამხრეთის ფრონტზე მარცხდებოდა და კავკასიიდან გადიოდა. თურქეთი ამიერკავკასიის ფედერაციას, როგორც რუსეთის შემადგენელ ნაწილს, პრეტენზიებს უყენებდა. დამოუკიდებელი საქართველო თუ გერმანიას (თურქეთის მოკავშირეს) დაუკავშირდებოდა, მისი ჩარევით თურქეთი გაჩერდებოდა. სწორედ ამიტომ 27-28 მაისს დამოუკიდებლობა ზედიზედ სომხეთმა და აზერბაიჯანმაც გამოაცხადეს.

1918 წლის 25 მაისს, როცა გადაწყდა, რომ მეორე დღეს ქართულ ეროვნულ საბჭოს საგანგებო სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობას გამოაცხადებდნენ, სოციალ-დემოკრატი კაკი წერეთელი სასოწარკვეთილი ჩაესვენა სავარძელში და ყვირილი დაიწყო: ,,რას შვრებით, რას ჩადიხართ, ქართველებო! თქვენ ხომ რუსეთის დემოკრატიას ღუპავთ, რუსეთის დემოკრატიას!”. წერეთლის ისტერიკულ ყვირილს ვლასა მგელაძემ ასე უპასუხა – ასე ჩინიზელის ცირკში ილაპარაკე, აქ კი გახსოვდეს, რომ საქართველოაო.

მეორე დღეს ანუ 26 მაისს თბილისში, მეფისნაცვლის სასახლეში (ახლანდელ მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სახლში) სხდომა შედგა, უმრავლესობამ დამოუკიდებლობას მისცა ხმა და აქტზე ხელი მოაწერა. დამოუკიდებლობის აქტის წაკითხვა ნოე ჟორდანიას ერგო წილად. იმავე კაკი წერეთელმა იმ დღეს ისტორიული სიტყვა თქვა და საქართველოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზეც ილაპარაკა.

26 მაისს ქვეყანა ეროვნული დროშებით, გერბითა და ჰიმნით მხოლოდ 3 წელს აღნიშნავდა. 1919 წელს ამ დღეს დიდი ზეიმი მოეწყო. ბოლშევიკებმა პროკლამაციები გაავრცელეს, სადაც ეწერა: ,,ძირს ქართველი შოვინისტები! გაუმარჯოს საბჭოთა რუსეთს!”…

გასაბჭოებიდან 3 წლის განმავლობაში საქართველოში 26 მაისი კიდევ აღინიშნებოდა, თუმცა ეროვნული დროშების ნაცვლად წითელი დროშებს მოაფრიალებდნენ და დემონსტრაციას წინ წითელგვარდიელები მიუძღოდნენ.

26 მაისი ბოლშევიკებმა რევოლუციის პირმშოდ მონათლეს. ასე უცნაურად ,,ზეიმობდა” 3 წლის განმავლობაში ის ხელისუფლება, რომელიც 1921 წლის თებერვალში თავისუფლებისათვის მებრძოლ იუნკრებს სასტიკად გაუსწორდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეშვიდე წელს კი ამ თარიღის აღნიშვნა აღარავის უცდია. უფრო მეტიც, ამ თარიღს ძალიან დიდი ხნით დავიწყების ფარდა ჩამოაფარეს.

იმ საშინელ წლებში უცნაური რამ მაინც ხდებოდა. ისტორიკოს ბესო საბაძის თქმით, საქართველოს მილიციის სამმართველოს უფროსი, კაპიტონ ნაჭყებია, წლების განმავლობაში სწორედ 26 მაისს ამთხვევდა ცხენების აღლუმს და დამოუკიდებლობის დღეს შეფარვით ასე აღნიშნავდა.

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, კომუნისტების ზეობის ეპოქაში, 26 მაისის არსებობა, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების გარდა, ყველამ დაივიწყა. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ეს თარიღი ისევ გაიხსენეს. საქართველოში დისიდენტური მოძრაობა დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადება საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, არგუნა ბედმა.

26 მაისის ორივე გმირს – ნოე ჟორდანიასა და ზვიად გამსახურდიას – ტრაგიკული ბედი ერგო, ისე, როგორც მათ სამშობლოს. ნოე ჟორდანიას ემიგრაციაში, სამშობლოში დაბრუნებაზე ნატვრაში აღმოხდა სული და ის უცხოეთშია დაკრძალული.

ზვიად გამსახურდიას მკვლელობა დღემდე ბურუსითაა მოცული. ის წლების განმავლობაში სხვის მიწაზე განისვენებდა. გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ, 2007 წელს გროზნოდან საქართველოში ჩამოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს.

ამ ორი პიროვნების ბედი მხოლოდ ამით ემსგავსება ერთმანეთს, მათ შორის სხვა პარალელები არ არსებობს, საქართველოს მომავალს ისინი სხვადასხვანაირად ხედავდნენ.

ბესო საბაძე, ისტორიკოსი:

– 1918 წლის 26 მაისამდე საქართველოს ბევრჯერ ჰქონდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შანსი. პირველად – 1917 წელს, როცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გამოცხადდა. რუსეთი თანახმა იქნებოდა, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა, თუ ქართველები თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდნენ და საქართველოში მცხოვრებ რუსებს არ შეავიწროვებდნენ.

მეორე შანსი მაშინ მიეცა, როცა ლენინმა და სტალინმა 1917 წლის 15 ნოემბერს ერების თვითგამორკვევაზე განცხადება გააკეთეს. საქართველოს შეეძლო თურქეთთან ხელშეკრულება დაედო, მერე გერმანიაც არ დააყოვნებდა და მის დამოუკიდებლობას აღიარებდა. ამის წინააღმდეგ ნოე ჟორდანია წავიდა. მას რუსეთის გარეშე არსებობა ვერ წარმოედგინა.

ჟორდანია თავის მოგონებებში შეშფოთებული წერს, საქართველოსთან რუსეთმა ურთიერთობა შეწყვიტა, მარტო დავრჩით და რა უნდა ვქნათო. მენშევიკების ლიდერს დამოუკიდებლობის იდეა არ ჰქონდა. იგი საქართველოს საბოლოოდ რუსეთის ფარგლებში, ავტონომიის უფლებებით მოიაზრებდა.

– დროებითი მთავრობის პირველი თავმჯდომარე ნოე რამიშვილი იყო. ხელისუფლებაში ჟორდანიას მოსვლას გადატრიალებას უწოდებენ. ამაზე რას გვეტყვით?

– ნოე რამიშვილი 26 მაისიდან 24 ივნისამდე დროებითი მთავრობის თავმჯდომარე და ამავე დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. რამიშვილსა და ჟორდანიას შორის დაპირისპირება აშკარა იყო.

რამიშვილის მეუღლე მოგონებებში წერს, რომ 1918 წლის 24 ივნისს სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა. ამ მოვლენებში გვარდიის უფროსი ვალიკო ჯუღელი აქტიურობდა. იგი ხელისუფლებაში ჟორდანიას მოსვლას ითხოვდა.

ნოე რამიშვილის პირველკაცობა ჟორდანიას არ აწყობდა. რამიშვილი სამოქალაქო ომის შიშით აიძულეს, რომ გადამდგარიყო. გენერალი კვინიტაძე რამიშვილის მომხრე იყო. იგი მოგონებებში წერს, თუ რამიშვილი დამავალებდა, ვალიკო ჯუღელს გაბაწრულს მივიყვანდიო. ნოე რამიშვილმა პოზიცია დათმო, სისხლის დაღვრას მოერიდა. თავმჯდომარის პოსტი დატოვა და შინაგან საქმეთა მინისტრად დარჩა.

– რატომ ვერ თანხმდებოდა ერთ პლატფორმაზე მდგომი ორი ადამიანი?

– ალბათ საქართველოს მომავალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხების გამო. ჟორდანიას თავი რუსეთისა და რუსი ლიდერების გარეშე ვერ წარმოედგინა.

იმ პერიოდში გარდაიცვალა გრიგოლ პლეხანოვი. მისი გარდაცვალება რუსებს არც კი გახსენებიათ, ჟორდანიამ კი გრანდიოზული მიტინგი მოაწყო. სიტყვა წარმოთქვა და იტირა კიდეც, ახლანდელ დავით აღმაშენებლის პროსპექტს მისი სახელი უწოდა.

აკაკი ჩხენკელი და ნოე რამიშვილი ცენტრალური კოალიციური მთავრობის შემქნას ითხოვდნენ და უნდოდათ, რომ ილია ჭავჭავაძის მიმდევრები – ნიკო ნიკოლაძე, გიორგი გვაზავა, ივანე ზურაბიშვილი – მთავრობაში შეეყვანათ. ილიას იდეების მიმდევართა მთავრობაში შეყვანას მხარი არ დაუჭირეს. ეს არც იყო გასაკვირი, ილიას მკვლელობაში ხომ მენშევიკებს მიუძღოდათ ბრალი.

.

ჟორდანიას მუდამ რუსეთისკენ ეჭირა თვალი. 1920 წელს, როცა რუსეთი გააქტიურდა, ჟორდანიას მომხრეები და თანამოაზრეები ამტკიცებდნენ, გარედან ძალით დაპყრობასა და უაზრო სისხლის ღვრას ჯობია, დათმობაზე და თუნდაც საბჭოთა წყობილების დამყარებაზე წავიდეთო.

ნოე რამიშვილის მომხრეები კი ამბობდნენ, ყველას გავყვებით, მაგრამ ბოლშევიკებს – არავითარ შემთხვევაშიო. სწორედ მაშინ თქვა ნოე რამიშვილმა თავისი ცნობილი სიტყვები: მარქსმა ის კი თქვა, პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით, მაგრამ ის კი არ მახსოვს, სადმე ეთქვას, მაინცდამაინც საქართველოში შეერთდითო.

ნოე რამიშვილის დაჟინებული მოთხოვნით, მთავრობამ ბოლშევიკური ორგანიზაციების აკრძალვა და მათი მეთაურების დაპატიმრების ბრძანება გასცა. მეორე დილით ჟორდანიამ ფილიპე მახარაძე გააფრთხილა, თავს უშველე და თანამებრძოლებიც გააფრთხილეო.

მთავრობამ ვერც დიპლომატიური მოლაპარკება შეძლო და ვერც მტრის სათანადოდ დახვედრა. არადა თავად ოკუპანტები წერენ მოგონებებში, გვარდიის საწყობები ტყვია-წამლით სავსე დაგვხვდაო. ოკუპანტი ელიავა კი თურმე გაოცებული ამბობდა, წითელარმიელებს ძლივს ვაკავებდით, ქართველ ჯარს ერთიც რომ ენერგიულად შემოეტია, ისე გავიქცეოდით, ბაქომდე ფეხს ვეღარ მოვიკიდებდითო.

თითქმის ყველა იუნკერი ტაბახმელასა და კოჯრის მისადგომებთან დაიღუპა. რევოლუციონერი მამია ორახელაშვილი თურმე აღშფოთებული ყვიროდა, კოჯრის სანგრებში რომ ჩავიხედე და შიგ ახალ წვერ-ულვაშაშლილი ჯარიკაცებისა და იუნკრების გვამები დავინახე, კინაღამ გული შემიღონდაო. ამაში ჟორდანიას ადანაშაულებდა.

1921 წლის 25 თებერვალს ქართველები ოკუპანტებს ყვირილით ეგებებობდნენ – ,,მოღალატენო! მკვლელებო! ნაძირლებო! საქართველოს გამყიდველებო!”.

ნოე ჟორდანიას მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. ჟორდანიამ პორტში შეკრებილ ხალხს მიმართა, შეურიგდით ახალმოსულებს, ხელს ნუ გამოიღებთ და უაზროდ ნუ შეაწყდებით, აცალეთ, თვითონ შეაწყდებიან ერთმანეთსო. ემიგრაციაში წასულმა მთავრობამ ჯერ თავის დამკვიდრებას მოანდომა დიდი დრო, შემდეგ – უშედეგო დიპლომატიურ მიმოწერას.

ერთ-ერთი ემიგრანტი ნოე ჟორდანიასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეხვედრის ამბავს იგონებს. მისი თქმით, ისინი შემთხვევით პარიზის ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ. ქაქუცამ ნოეს თურმე სახეში ღვინო შეასხა და მოღალატე უწოდა. ალბათ ისევ დროა საჭირო, ისტორიამ ყველაფერს თავისი სახელი უწოდოს.