პაატა სალია: ,,ქიბარ ხალვაშისთვის ყველაზე სანდო მე ვიყავი და არხის დირექტორობაზე უარს ვერ ვეტყოდი”

პაატა სალია: ,,ქიბარ ხალვაშისთვის ყველაზე სანდო მე ვიყავი და არხის დირექტორობაზე უარს ვერ ვეტყოდი",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

წარმატებული ადვოკატისთვის, პაატა სალიასთვის,  დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც ,,რუსთავი 2″-ის  მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა, ტელეკომპანიის დაბრუნების შემდეგ ის გენერალური დირექტორის პოსტზე წარადგინა. ახალ დირექტორს ყველაზე რთულ პერიოდში უამრავ პრობლემასთან გამკლავება მოუწია.  აღიარებს, რომ ისეთი კომპანიის მართვა, როგორიც ,,რუსთავი 2″-ია, რთულია, თუმცა საინტერესოც. თავის ძირითად პროფესიას –  იურისტობას, არც ახლა ივიწყებს და ძველი საქმეების გამო, რომლებსაც წლებია უძღვება, სასამართლოზე წარდგომაც უწევს.

,,რუსთავი 2″-ის 26-ე დაბადების დღეს პაატა სალია დიდი იმედებით შეხვდა. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი, მაგრამ პირად თემეზე საუბარი არ უყვარს და ,,სარკესთან” ინტერვიუც მხოლოდ საქმიანი თემებით შემოიფარგლა (ინტერვიუ ჩაწერილია ივნისში).

– ბატონო პაატა, მალე ერთი წელი გახდება, რაც “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ხართ. რა იყო თქვენი პირველი რეაქცია ამ შემოთავაზებაზე იმ დროს, როდესაც მოგიწევდათ ისეთ კომპანიაში შესვლა, სადაც გარკვეული უნდობლობა და არცთუ კეთილგანწყობილი გარემო იყო თქვენ მიმართ?

– 18 ივლისს ერთი წელი შესრულდება, რაც სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ კომპანია ქიბარ ხალვაშის კუთვნილებაში დაბრუნებულიყო. მისივე გადაწყვეტილებით, იმავე დღეს არხის დირექტორად დავინიშნე.

2007 წლიდან  ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ვარ სხვადასხვა საქმეებში, მათ შორის – “რუსთავი 2”-ის საქმეშიც. ეს არამხოლოდ საქმიანი ურთიერთობა იყო, ყველაფერი მეგობრობაში იყო გადასული. ამიტომ, როცა დადგა საკითხი, ვინ იქნებოდა ამ კრიზისულ სიტუაციაში არხის დირექტორი, ქიბარმა ეს საპასუხისმგებლო საქმე მე მანდო. ჩემი დანიშვნის გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიიღო და ამიტომ “რუსთავი 2”-ის დირექტორობა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო.

როცა ვფიქრობდით და ვმსჯელობდით, მოგების შემთხვევაში როგორ მოხდებოდა არხის მენეჯმენტის გადაბარება, არასდროს მიფიქრია, რომ გენერალური დირექტორი მე ვიქნებოდი. ვფიქრობდი, მაქსიმუმი, სამართლებრივი ნაწილის ხელმძღვანელობა შეიძლებოდა ამეღო საკუთარ თავზე.

მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ვერც გავაცნობიერე. ქიბარმა მითხრა, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც იმ სიტუაციაში ენდობოდა, მე ვიყავი. ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, ამ რთულ პერიოდში უარს ვერ ვიტყოდი.

არასდროს დამავიწყდება 18 ივლისი, როდესაც საღამოს მოვედი ამ ტელეკომპანიაში. ერთი თვე არაადეკვატურ სიტუაციაში მომიწია მუშაობა. ყველანაირად ვეცადეთ, დაგველაგებინა ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ მუშაობდნენ. სამსახურიდან არავის გაშვება გვინდოდა, თუმცა თვალნათლივ ჩანდა, რომ ადრე თუ გვიან ამ არხიდან თანამშრომლების ნაწილი დემარშით წავიდოდა.

აგვისტოში გავათავისუფლე არხის რამდენიმე წამყვანი თანამშრომელი და სრულიად სამართლიანად. ამ ქმედების სამართლებრივ მხარეებზე სასამართლო დავა ახლაც მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ,  მოვიგებთ.

ამ ამბის შემდეგ დადგა პერიოდი, როდესაც “რუსთავი 2”-ის ისტორიაში პირველად ერთი თვის განმავლობაში “კურიერი” ეთერში არ გადიოდა. ძალიან მოკლე დროში შევძელით, სულ თავიდან გაგვეკეთებინა საინფორმაციო სამსახური, მოგვეყვანა ახალი ჟურნალისტები.

ამ საქმეში დიდი როლი ითამაშა ნინო შუბლაძემ. მოვიწვიეთ ირაკლი იმნაიშვილი, რომელმაც ასევე დიდი შრომა გასწია საინფორმაციო სამსახურის ფეხზე დაყენებისთვის.

– რა წინააღმდეგობებს წააწყდით ახალი გუნდის შეკრებისას?

– პირველ რიგში, ქვეყნის სატელევიზიო ბაზარზე დიდი კონკურენცია გაჩნდა და ვეცადეთ, რომ საუკეთესო კადრები მოგვეძებნა. სხვადასხვა გარემოდან და არხიდან შეკრებილი ჟურნალისტების გაერთიანება რთული აღმოჩნდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ეს შევძელით და დღეს სახეზეა კარგად შეთამაშებული გუნდი.

დიდი სირთულეები გვქონდა პროდაქშენის მიმართულებითაც. დილის და შუადღის გადაცემებიდანაც წავიდნენ ადამიანები, მაგრამ მოვახერხეთ გადაცემების ისეთი სახით შენარჩუნება, როგორსაც მაყურებელი ენდობოდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ შევძელით და გავაკეთეთ მეგა შოუ ,,დიდი სცენა”. დავრწმუნდით, რომ ის გუნდი, რომელიც “რუსთავი 2”-ზე დარჩა, თავისუფლად უმკლავდება ყველა სირთულეს და გამოწვევას. ასე ეტაპობრივად დავიბრუნეთ ჩვენი მაყურებელი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში სხვა არხებზე გადანაწილდა.

– როგორც არხის ხელმძღვანელს, ყველაზე მეტად რისი გეშინოდათ?

– თავიდან ძალიან ბევრი შიში და რისკი არსებობდა, თუმცა ეს იმის საფუძველს არ გვაძლევდა, რომ არ გვემუშავა. როდესაც არხიდან ბევრი პროფესიონალი წავიდა, გაჩნდა შიში, რომ შეიძლებოდა გადაცემების ის ხარისხი ვერ მიგვეღო, რაც გვქონდა, მაგრამ აქ დარჩენილმა გუნდმა მალევე დაამტკიცა, რომ ყველაფერი შეუძლიათ.  ვერ ვიტყვით, რომ ახლაც იდეალურ ფორმაში ვართ, მაგრამ ყოველდღე ვმუშაობთ, რომ მაყურებელს უკეთესი პროდუქტი შევთავაზოთ.

პანდემიამაც მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დაგვაყენა, რადგან საშიშროება გაჩნდა, რომ სარეკლამო შემოსავლების შემცირება ფინანსურ კრიზისს გამოიწვევდა. ყველა ეს საკითხი დავძლიეთ. პანდემიის გამო სატელევიზო სეზონი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. ძალიან ბევრი გადაცემა, რომლებიც ზაფხულის სეზონზე ჩერდებოდა, ახლა არ გაჩერდება და მათ დაემატება ახალი გადაცემებიც, რომლებიც უახლოეს პერიოდში ჩაეშვება ეთერში.

ზაფხულში ადამიანების დიდი ნაკადი დასასვენებლად საზღვარგარეთ მიდიოდა, წელს ეს შესაძლებლობა ნაკლებად იქნება, ამიტომ ჩვენს მაყურებელს მთელი ზაფხული ხარისხიან და საინტერესო პროდუქტს შევთავაზებთ.

– როგორ ფიქრობთ, ის საშიშროება, რომ არხი შეიძლებოდა გარკვეული პოლიტიკური ძალების გავლენის ქვეშ მოქცეულიყო, მოხსნილია?

– ჩვენ ყოველთვის ღიად ვამბობდით და ვამბობთ, რომ არხის საინფორმაციო პოლიტიკაში არ ჩავერევით და, ვფიქრობ, ეს თვალნათელია. არ ვიცი, ის ადამიანები, ვინც აქედან თითქოს იმის გამო წავიდნენ, რომ მათ თავისუფალი მუშაობის საშუალება არ ექნებოდათ, დღესაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ თუ არა.

ვცდილობთ, სარედაქციო პოლიტიკა მაქსიმალურად მიუკერძოებელი იყოს, არ გავატაროთ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე ეკონომიკის სუბიექტის ინტერესები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დაბალანსებულები ვიყოთ და ჩვენს ეთერში ისმოდეს ყველა ხმა, რომლებიც ამ ქვეყანაში ისმის; ყველას მივცეთ ტრიბუნა იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

გვესმის, რომ საარჩევნო წელია, პრესაზე ბევრი ზეწოლა იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გადავუხვიოთ იმ გზას, რაც არჩეული გვაქვს.

– ალბათ რთულია იმ ტელეკომპანიის მართვა,  სადაც ბევრი ცნობილი, ამბიციური და თავისებური ადამიანი მუშაობს. არ გენატრებათ ადვოკატის პორტფელი?

– სამართლებრივ საკითხებზე მუშაობა აქაც მიწევს. ეს პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვცდილობ, ამ სფეროს არ დავშორდე. თავის მხრივ,  ტელევიზიაში მუშაობაც ძალიან საინტერესოა. ბევრი რამ ვისწავლე და ბევრ რამეს კიდევ ვისწავლი.

საქართველოში ბევრი კომპანია არ არის, სადაც 800-1000 თანამშრომელი მუშაობს და აქედან უმრავლესობა შემოქმედებითი ადამიანია. რამდენადაც რთულია, იმდენად საინტერესოა ამ გარემოში მუშაობა.

– სასამართლო პროცესები არ გენატრებათ?

– პროცესები ახლაც მაქვს. სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი ვარ და კარგად მოგეხსენებათ, ამ სფეროში დავები წლობით გრძელდება. ბუნებრივია, ის საქმეები და ვალდებულებები, რომლებიც აქამდე მქონდა აღებული, ბოლომდე მაქვს მისაყვანი. ჩემი ძირითადი პროფესია მიყვარს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ,,რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელობა ნაკლებად მაინტერესებს.

ამ ტელეკომპანიაში ადამიანები დარჩნენ არა – ქიბარ ხალვაშის ან ჩემ გამო, არამედ იმ იდეის გამო, რომ ,,რუსთავი 2″ უნდა იყოს კვლავაც ძლიერი და პირველი ტელეკომპანია. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს იდეა სისრულეში მოვიყვანოთ.

– ძალიან გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ყველაზე კრიზისულ სიტუაციაშიც კი მშვიდი სახე არ დაგიკარგავთ. როდის ხართ ემოციური?

– ემოციურიც ვარ ხოლმე, მაგრამ საქმეში ყოველთვის ვახერხებ ემოციების მართვას. როცა ვხვდები, რომ ემოციებით შეიძლება საქმე უფრო გაფუჭდეს, ვცდილობ, ჩემი ეგო მოვთოკო. მეორე მხრივ,  მაქვს ასეთი მიდგომა, რომ ყველანი ადამიანები ვართ და ყველას შეიძლება შეცდომა მოუვიდეს. ზოგადად არ მახასიათებს ადამიანებთან ხისტი მიდგომა და არ მიყვარს თანამდებობისა და პროფესიის მიხედვით გამოყოფა.