ნიტა ლომიძე: ,,არჩევანი უნდა გავაკეთო ბროდვეისა და ჰოლივუდს შორის”

ნიტა ლომიძე: ,,არჩევანი უნდა გავაკეთო ბროდვეისა და ჰოლივუდს შორის",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მოზარდი გოგონა, ნიტა ლომიძე, თავისი შესაძლებლობებით ფართო საზოგადოებამ პირველად გაიცნო პროექტიდან ,,შენ შეგიძლია ცეკვა”. თუმცა ყურადღების ცენტრში ყოფნა მას დაბადებიდან თან სდევს, რადგან პოპულარული წყვილის, ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილისა და ტელეწამყვანისა და რეჟისორის, ნიკა ლომიძის, შვილია.

...

ერთი წლის წინ ნიტამ ამერიკაში პრესტიჟული სასაწავლო ჯილდო მოიპოვა. ის კალიფორნიაში კერძო სკოლა-აკადემიაში – აიდილვაილდის არტაკადემიაში ჩაირიცხა. აკადემიის მიმღები საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიტას პრესტიჟული სასწავლო სტიპენდია მიენიჭა და პირველი წელიც საუკეთესო შედეგებით დაასრულა.

ბუნებრივია, კორონავირუსმა მასაც შეუშალა ხელი და თბილისში დროზე ადრე დაბრუნდა. აგვისტოს ბოლოს უბრუნდება ამერიკას, სადაც მას დატვირთული სწავლის რეჟიმით მოუწევს ცხოვრება. მანამდე კი ნიტამ განვლილ ერთი წელზე ,,სარკესთან” ისაუბრა (ინტერვიუ ჩაწერილია ივნისში).

– ნიტა, როგორი იყო ამერიკაში ცხოვრებისა და სწავლის ერთი წელი?

– ამერიკაში 7 თვე გამომივიდა ყოფნა. თავიდან ძალიან მეშინოდა იქ წასვლა, მეგონა, გამიჭირდებოდა ადამიანებთან ურთიერთობა. ჩემი ინგლისურის ცოდნის გამო ვერ მოვახერხებდი სრულყოფილად კომუნიკაციას.

პირველივე ეტაპზე გავიცანი ბრაზილიელი გოგონა, რომელიც ჩემი მეზობელი იყო ოთახში. მან პირველი სირთულეები გადამალახვინა, რადგან ღიმილით შემხვდა, ჩამეხუტა და ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი გახდა. მალე შევიძინე იქაური მეგობრები, რომლებმაც გამხსნეს და ინგლისურად ლაპარაკის კომპლექსი დამაძლევინეს.

– კიდევ რა სირთულეები ახლდა მშობლებისგან შორს, უცხოეთში ცხოვრებას?

ძალიან რთული იყო ჩემი ოჯახის გარეშე ცხოვრება, მაგრამ დამეხმარა ის ფაქტორი, რომ სწავლით ძალიან დატვირთული ვიყავი და რეალურად დრო არ მქონდა იმაზე ფიქრისთვის, თუ როგორ მენატრებოდა ოჯახი და რა რთული იყო მათ გარეშე. ეს მონატრება გადავლახე იმაზე ფიქრითაც, რომ ვიცოდი, საქართველოში მალე დავბრუნდებოდი.

– სწავლის პროცესმა უკეთ დაგანახა, მომავალში რა მიმართულებით გინდა წახვიდე?

– ამერიკაში სწავლის პროცესი ძალიან განსხვავდება საქართველოში სწავლისგან. ცეკვის ბევრი ახალი მიმართულება ვისწავლე – მოდერნი და ჯაზი, რომელიც აქამდე არ მიცეკვია და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.

ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა, რომლებიც ყველანაირად მეხმარებოდნენ განვითარებაში. ჯერჯერობით თანაბრად მივდივარ და არ მაქვს ამოჩემებული რომელიმე მიმართულება, რასაც მომავალში გავყვები.

წლევანდელი წელი გადამწყვეტი იქნება. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მთავარ ხაზს ვიპოვი ცეკვაში. ახალი სასწავლო წელი იმითაც იქნება მნიშვნელოვანი, რომ საშუალება მექნება, ცეკვა დავდგა. მონახაზი უკვე მოვიფიქრე და ჩვენი ეროვნული ცეკვების ელემენტებს აუცილებლად გამოვიყენებ. დარწმუნებული ვარ, დიდ მოწონებას დაიმსახურებს.

რაც შეეხება სკოლის საგნებს, ასეთი ბეჯითი მოსწავლე არასდროს ვყოფილვარ. საქართველოში სასკოლო საგნებს ამდენ დროს არ ვუთმობდი, მხოლოდ ცეკვა მაინტერესებდა. ამერიკაში კი ორივეს ერთნაირად ვსწავლობდი.

მინდოდა, რომ სკოლაშიც ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვყოფილიყავი და მივაღწიე კიდეც. ცეკვაშიც და სკოლის საგნებშიც უმაღლესი ნიშნები გამომყვა, პლუს, მასწავლებლებმა ძალიან კარგი დახასიათება მომცეს.

– ალბათ დატვირთული რეჟიმი გქონდა.

კი, დილის 9-ის ნახევრიდან მეწყებოდა სკოლა. როცა ვამთავრებდი, პირდაპირ ცეკვაზე მივდიოდი, სადაც ღამის 10 საათამდეც კი ვრჩებოდი. ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, სულ მოსწრებაზე ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში თავისუფალი ერთი საათი არასდროს მქონია.

შაბათ-კვირას თუ ვახერხებდი, რომ ცოტა გართობაზე მეფიქრა. სკოლასთან ახლოს მდებარე ქალაქში მივდიოდით საყიდებლებზე, კინოში. ამ ორ დღეში ფორმიდან რომ არ ამოვვარდნილიყავი, დილაობით ვვარჯიშობდი.

– მოგეწონა ამერიკული ცხოვრების სტილი?

ერთი კვირა დასვენება მქონდა და ეს პერიოდი სან-ფრანცისკოში, მეგობრის ოჯახში გავატარე, ანუ ამერიკულ ოჯახში ვიცხოვრე. ამ ოჯახის ცხოვრების სტილი ძალიან მომეწონა. დილით მთელი ოჯახი ერთად საუზმობდა, ჩვენთან კი მთელი ოჯახი მხოლოდ ამ პანდემიის გამო ვახერხებდით შეკრებას.

ამერიკაში ადამიანები სამსახურებიდან 5-6 საათზე ბრუნდებიან და მთელ საღამოს ერთად ატარებენ. ჩვენთან კი პირიქით ხდება, ძირითადად მაგ დროს მიდიან სახლიდან. ამიტომ ვთვლი, რომ ამერიკული ცხოვრების სტილი უფრო ორიენტირებულია ოჯახზე და მომეწონა.

– პანდემიამ ხელი შეგიშალა სწავლის პროცესში? რამდენადაც ვიცი, ორი თვით ადრე დაბრუნდი საქართველოში.

– რა თქმა უნდა, როგორც ყველა ადამიანს, მეც შემიშალა ხელი. საქართველოში მაისში უნდა ჩამოვსულყავი, მაგრამ მარტში გვითხრეს, სკოლა იხურება, სახლებში უნდა დაბრუნდეთ და სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდებაო.

დაგეგმილი გვქონდა გამოსაშვები საღამო, კონცერტები, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა. ძალიან ბევრი ვინერვიულე, როგორ დავბრუნდებოდი სახლში. გამოფრენამდე ორი დღით ადრე ჩემი რეისი საერთოდ გაუქმდა. საბედნიეროდ, სხვა ავიახაზის რეისი მოვძებნე და დროულად გამოფრენა მაინც მოვახერხე.

– ნერვიულობდნენ შენი მშობლები, როცა მათგან შორს იყავი?

– ალბათ როცა მიშვებდნენ, მაშინ. ამერიკიდან კონტაქტის დროს ძალიან მშვიდად მაჩვენებდნენ თავს. ორივეს აქვს კარგი უნარი, რომ ჩემთან თავი შეიკავონ. ზუსტად ვიცი, თბილისში სანამ დავბრუნდი, სულ ნერვიულობდნენ, მაგრამ არ მაგრძნობინებდნენ, მეც რომ არ მენერვიულა.

მშობლებიც და მთელი ჩემი სანათესაოც ალბათ ახლა ძალიან ამაყობს ჩემით, რადგან ეს სასწავლო წელი მართლა საუკეთესო შედეგებით დავასრულე.

– დედამ, როგორც ცნობილმა ქორეოგრაფმა, რა შეფასება მისცა ოკეანის გაღმა ნასწავლ ცეკვებს?

– რაც ჩამოვედი, ბუნებრივია, ჩემს ოთახში სულ ვვარჯიშობ, მაგრამ ამ დროს ოთახში არავის ვუშვებ. ერთ დღესაც დედა ოთახში შემოვუშვი და მისი თანდასწრებით დავიწყე ვარჯიში. მაშინ მივიღე შეფასება, ძალიან განვითარებული ხარო. დედას ასეთი საქებარი სიტყვები არასდროს უთქვამს ჩემთვის. მისგან ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე და დავრწმუნდი, რომ ტყუილად არ წავსულვარ სასწავლებლად ამერიკაში.

– საბოლოოდ რა არის შენი მიზანი, რა მიმართულებით გინდა, გააგრძელო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა?

– სკოლის დამთავრებამდე კიდევ ორი წელი დამრჩა. არჩევანი უნდა გავაკეთო ცეკვასა და მსახიობობას შორის, ანუ ბროდვეისა და ჰოლივუდს შორის. იმედი მაქვს, ამ წელს უკეთ გავერკვევი და სწორ არჩევანს გავაკეთებ.