მუსიკა ბავშვის მათემატიკურ აზროვნებას აუმჯობესებს

მუსიკა ბავშვის მათემატიკურ აზროვნებას აუმჯობესებს,,სარკე”, ნათია ტოტიკაშვილი

მუსიკას მაგიური ძალა აქვს, წამიერად ახდენს გაფანტული გონების კონცენტრაციას და ამშვიდებს. ბოლო წლებში მეცნიერებმა კიდევ უფრო კარგად შეისწავლეს, როგორ მუშაობს ტვინი და რა გავლენას ახდენს მუსიკა გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაზე. მათი აზრით, მუსიკა განსაკუთრებით ფსიქიკაზე მოქმედებს. სწორედ ამ მიზეზის გამო ისინი ფიქრობენ, რომ მუსიკა აღზრდის საკმაოდ კარგ მეთოდად შეგვიძლია განვიხილოთ, რადგან კონკრეტული მუსიკალური მიმდინარეობა ხელს უწყობს ბავშვის აღზრდას და მისი ფსიქიკის ჩამოყალიბებას.

კვლევების მიხედვით, იმ ბავშვების 70 პროცენტი, რომლებიც ხშირად უსმენენ მუსიკას, გაცილებით ადრე იწყებენ მეტყველებას და უფრო მარტივად წარმოთქვამენ რთულ სიტყვებს, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც მუსიკასთან შეხება არ აქვთ.

მეცნიერების აზრით, კლასიკური მუსიკის მოსმენას მოზარდის ტვინისთვის უკეთესი ეფექტი აქვს, ვიდრე სხვა ტიპის მუსიკას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სახის მუსიკა კარგი არაა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ჟანრი უწყობს ხელს ტვინის გარკვეული უბნების გააქტიურებას, პოზიტიურად მოქმედებს ხასიათზე და სწავლის პროცესსაც აადვილებს. კლასიკური მუსიკის მოსმენის შემდეგ ბავშვები უფრო სწრაფად ასრულებენ ისეთ შემოქმედებით სამუშაოებს, რომელთაც სივრცითი აღქმა სჭირდება, მაგალითად, პაზლის აწყობას.

კიდევ უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლას, რაც, მეცნიერების აზრით, აუმჯობესებს მათემატიკურ აზროვნებას. თუ ბავშვი სწავლობს რომელიმე საკრავზე დაკვრას, ის მათემატიკის სწავლის უკეთეს უნარს ამჟღავნებს და უფრო მეტად უადვილდება ციფრებთან ურთიერთობა.

მუსიკის დადებითი მხარე არა მხოლოდ მოზარდის აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. ვითარდება ბავშვის როგორც ინტელექტუალური, ასევე სოციალური და ემოციური უნარები; ეხმარება სხეულსა და გონებას, რომ ერთად იმუშაოს; აუმჯობესებს მეხსიერებას და უცხო ენების სწავლის შესაძლებლობას.

სხვადასხვა კვლევის საფუძველზე მეცნიერები მოზარდებისთვის მუსიკის აუცილებლობაზე საუბრობენ და რამდენიმე ძირითად რჩევას იძლევიან, რომლებიც ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:

მიეცით შვილს საშუალება, მოუსმინოს სხვადსხვა ჟანრის მუსიკას. თუ თქვენ უკრავთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე, დაუკარით მაშინ, როცა ბავშვი თქვენთან არის; უმღერეთ და გახსოვდეთ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად ან ცუდად მღერით, თქვენი ხმის გაგონება ბავშვს ეხმარება ენის სწავლაში; შეასწავლეთ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა ადრეული ასაკიდან. სკოლამდელი ასაკის ბავშვის ტვინს შესანიშნავი უნარი აქვს, აითვისოს მუსიკა. 4-5 წლის ბავშვების უმრავლესობას უყვართ დაკვრა და შეუძლიათ ზოგიერთი მუსიკალური ინსტრუმენტის საფუძვლების შესწავლა.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მუსიკის საშუალებით ტვინის განვითარებისათვის კვირაში ორი დღე, ორ-ორ საათიანი მეცადინეობაც საკმარისია. ასე რომ, თუ თქვენს შვილს ოდნავ მაინც აინტერესებს რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, მიეცით საშუალება, ისწავლოს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამით, პირველ რიგში, ხელს შეუწყობთ მისი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას.