ლუიზა კობალაძე: ,,ბუთხუზის სიყვარული მუდამ ჩემთან იქნება”

ლუიზა კობალაძე:  ,,ბუთხუზის სიყვარული მუდამ ჩემთან იქნება",,სარკე”, ია ქუთათელაძე

50 წელი გრძელდებოდა მაესტროს, უნიჭიერესი კომპოზიტორის, ალექსანდრე ბასილაიას და მომღერალ ლუიზა კობალაძის ,,ზღაპარი სიყვარულისა”. ყველა პოპულარული სიმღერა, რაც დუეტში სრულდებოდა, კომპოზიტორმა საყვარელ მეუღლეს მიუძღვნა.

...

ანსამბლი ,,ივერია” შექმნისთანავე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. შესანიშნავი მიუზიკლები თვეობით არ ჩამოდიოდა ფილარმონიის სცენიდან. ,,ივერია” არნახული წარმატებით ატარებდა გასტროლებს მთელ მსოფლიოში. უამრავი კონცერტი, ასიაათასობით გრამფირფიტა, დაუსრულებული ოვაციები – ეს ყველაფერი უდიდესი შრომის შედეგი იყო, რაშიც ლომის წილი ანსამბლის უცვლელ ხელმძღვანელს და ყველა მუსიკალური ჰიტის ავტორს,  ალექსანდრე ბასილაიას, ეკუთვნოდა.

10 წელია, რაც კომპოზიტორი ამქვეყნად აღარ არის, ქალბატონი ლუიზა კი მის არყოფნას დღემდე ვერ შეეჩვია. სიზმარში ხშირად ხედავს. ენატრება მასთან ერთად გატარებული საღამოები, სახლის აივანზე დილით ყავის ერთად დალევა. დარდს დრო არ უმსუბუქებს, დრო უბრალოდ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ასწავლის.

– ქალბატონო ლუიზა, ამ საყოველთაო პანდემიის დროს ადამიანები სახლებში გამოიკეტნენ და ხშირ შემთხვევაში შვილებიც და მშობლებიც ვერ ნახულობდნენ ერთმანეთს. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, როგორ გაატარეთ ეს არცთუ იოლი სამი თვე?

– ჩემთვის დიდად არაფერი შეცვლილა, რადგან ამ ვირუსამდეც სახლში ვიჯექი. ბუთხუზის (ასე ეძახდნენ ახლობლები ალექსანდრე ბასილაიას – რედ. შენ.) გარდაცვალების შემდეგ გართობის და სეირნობის სურვილი დამეკარგა. ჩემთვის სამყარო საერთოდ შეიცვალა და გაუფერულდა.

იმდენი წელი გავატარეთ ერთად ძალიან საინტერესო ცხოვრებით, ერთ მთლიანობად ვიქეცით. ჩვენი ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ განგებამ ინება, რომ ის უფრო ადრე გამგზავრებულიყო ამქვეყნიდან.

მე კი დღემდე ვერ შევეგუე. არ მჯერა, მგონია, რომ აქ არის. სულ ვეძებ. ხშირად ვნახულობ სიზმარში, მაგრამ უბრად, შუბლშეკრული მიყურებს და მერე უჩინარდება. არ ვიცი, რა აწუხებს, რატომ არ მელაპარაკება. მაინც ბედნიერი ვარ, რომ სიზმრად მოდის.

ძნელია, საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება გააგრძელო. ეს მწუხარება ჩემმა ოჯახმა, შვილმა, შვილიშვილებმა, შვილთაშვილებმა შემიმსუბუქეს სითბოთი, სიყვარულით, მოფერებით.

რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, მათ რომ ვუყურებ, მაგრამ გული ძალიან მტკივა, რადგან ბუთხუზი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან, მათი წარმატებით ვერ ხარობს. რამდენი რამ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში მის გარეშე. ის იყო მთავარი, ყველაფერი იცოდა, ყველაზე ზრუნავდა, ყველა უყვარდა და არამარტო ადამიანები, არამედ ყველა სულიერი.

ერთხელ სახლში თეთრი კატა მოიყვანა, ყავისფერი ლაქებით. კუზია დაარქვა. სულ ეფერებოდა. კატაც მიეჩვია. სამსახურიდან მოსულს კართან ხვდებოდა, მუხლებზე უჯდებოდა და მასთან ეძინა. მისი გარდაცვალების შემდეგ კატამ მოიწყინა, საჭმელს არ ჭამდა, გახდა, უეცრად დაბერდა და დაჩაჩანაკდა. მისი საწოლის ქვემოდან არ გამოდიოდა და იქვე მოკვდა.

– თქვენი ვაჟიშვილი, ანრი ბასილაია, არაჩვეულებრივად მღეროდა და ძალიან არტისტული გარეგნობით გამოირჩეოდა. შემდეგ გაქრა თვალთახედვიდან. სად არის ახლა და რას საქმიანობს?

– ანრი დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს თავის მეუღლესთან, კინორეჟისორ მიშა კობახიძის ქალიშვილთან, თინიკო კობახიძესთან და შვილებთან ერთად. წლებია, რაც სიმღერას თავი დაანება და მხატვრობით არის დაკავებული. გამოფენებს ხშირად აწყობს. მისი ნამუშევრების გამოფენა საქართველოშიც რამდენჯერმე მოეწყო.

შვილებიდან ვაჟი, სანი, ანუ ალექსანდრე, კარგად მღერის და წერს კიდეც სიმღერებს. ამ კუთხით ბაბუას ის ჰგავს. ლიზი დიჯეია და მუსიკალურ კლუბებში გამოდის. ანრის ცხოვრებაში სხვა განსაკუთრებული არაფერი ხდება. საზღვრები ჯერჯერობით დაკეტილია და არ ვიცი, როდის ჩამოვა.

ანრის უფროსმა ვაჟიშვილმა, ანდრემ (ანდრია), ამერიკაში დაამთავრა უნივერსიტეტი, ფინანსისტ-ეკონომისტია. ბოლო წლებში თბილისის მერიაში მუშაობდა საფინანსო განყოფილებაში. ახლა მერის მოადგილე გახდა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობს. მიხარია, რომ კარიერული წინსვლა აქვს, მაგრამ რთული სფერო ჩააბარეს და შეიძლება ყველა თხოვნა ვერ შეასრულოს.

 – ბატონმა ალექსანდრემ დიდი მუსიკალური მემკვიდრეობა დატოვა. თუ არის დაცული საავტორო უფლებები? თქვენ თუ გერიცხებათ თანხა შესრულებული ნაწარმოებებიდან?

– ნამდვილად დიდი მემკვიდრეობაა – მიუზიკლები, სიმღერები. საავტორო უფლებები დაცულია და სააგენტოც კვარტალში ერთხელ გარკვეულ თანხას მირიცხავს. ბევრი არ არის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ესეც რომ არსებობს, უკვე კარგია.

საერთოდ ძალიან მიხარია, როცა ბუთხუზის სიმღერების ვისმენ. შარშან და შარშანწინ “ბლექ სი არენაზე” გაიმართა “ჩხიკვთა ქორწილის” წარმოდგენები  ახალგაზრდების მონაწილეობით. დავესწარი, ძალიან მომეწონა და ბედნიერი ვიყავი, რომ ამ მიუზიკლმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. მსმენელსაც ზუსტად ის ემოცია ჰქონდა, რაც სულ პირველი წარმოდგენისას, როცა ჩვენ ვიდექით სცენაზე.

ერთი შემთხვევა გამახსენდა: “ხიკვთა ქორწილი” მიდიოდა ფილარმონიაში. მაღალი, წვრილქუსლიანი ჩექმები მეცვა. სიმღერა დავამთავრეთ და სცენა უნდა დამეტოვებინა. მოვტრიალდი და იატაკის ნაპრალში ქუსლი გამეჭედა. როიალთან მჯდომ ბუთხუზს გავხედე. ვფიქრობდი, წამოხტება და დამეხმარება-მეთქი, მაგრამ გაუნძრევლად იჯდა და სიცილით კვდებოდა.

მთელი ძალით ვცდილობდი ქუსლის ამოძრობას და ვერ ვახერხებდი. არც არავინ მოდიოდა. მთელი ანსამბლი იცინოდა. დარბაზში უცებ ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა, მაგრამ გამხიარებული მომღერლების დანახვაზე მაყურებელმაც სიცილი დაიწყო.

ბოლოს ისევ ბუთხუზი ადგა. როგორც იქნა, ამომაძრო სცენიდან და ხელში აყვანილი გამიყვანა კულისებში. მერე დამცინოდა, ჩექმა გაგეხადა და ფეხშიშველი გასულიყავიო.

– ანსამბლ ,,ივერიას” უამრავი საგასტროლო ტურნე ჰქონდა. რომელი ქვეყანა იყო განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი თქვენთვის?

– ყველგან დიდი წარმატება გვქონდა. ახალგაზრდები ვიყავით და ნებისმიერ ქვეყანაში ჩასვლა გვიხაროდა. მოგზაურობას ახალი შთაბეჭდილებები, ემოციები ახლავს.

დამღლელიც იყო. კონცერტს ერთ ქალაქში დავამთავრებდით და მაშინვე მეორე ქალაქისკენ მივემართებოდით. მგზავრობა ძირითადად ღამე გვიწევდა. მძღოლები საშინელი სისწრაფით დადიოდნენ. ქალებს გვეშინოდა. დასვენებას ვერ ვასწრებდით და მეორე კონცერტი იმართებოდა.

იტალია ძალიან მიყვარდა. იტალიელები ხალისიანი ხალხია, ხმაურიანი, ზედმიწევნით მუსიკალურები. მათი ტაში და ოვაცია ორმაგად სასიხარულო იყო ჩვენთვის.

– ქალებს ასაკს არ ეკითხებიან, მაგრამ მე დაახლოებით ვიცი თქვენი ასაკი და გაოცებული ვარ თქვენი სახის კანით. რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო ხომ არ იცით ახალგაზრდობის შენარჩუნების?

– თავის მოვლისთვის არასოდეს დამიხარჯავს დიდი დრო და ფინანსები. ყოველთვის ზომიერად ვიკვებებოდი და მთელი ცხოვრება სახეს ყინულის კუბიკებით ვიბან. ეს არის და ეს. თქვენც შეგიძლიათ მომბაძოთ. ყინულის კუბიკები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და დაბერების პროცესს ხელს უშლის.

– ალბათ ხშირი ურთიერთობა გაქვთ ანსამბლის წევრებთან, თქვენ ხომ 30-40 წელი გაატარეთ ერთად.

– დღეს ისეთი დროა, ყველას თავისი ცხოვრება და თავისი პრობლემა აქვს. დროც თითქოს აჩქარდა და ადამიანი ვეღარაფერს ასწრებს. ბუთხუზის გარდაცვალების შემდეგ ძირითადად სახლში ვზივარ და მხოლოდ სატელეფონო მოკითხვები მაქვს. ყველაზე ხშირი ურთიერთობა ნუგზარ კვაშალთან და მის ოჯახთან მაქვს.

წლებმა ბევრი რამ წაიღო თან, მათ შორის –  ურთიერთობები, როგორც ჩვენს ცნობილ დუეტში ვმღეროდით – ,,მერე ყველაფერი ნელდება, ქრება, იფერფლება ღადარი, მერე არაფერი არ არის…”. ერთადერთი, რაც მარადიულია, ეს არის ოჯახი და სიყვარული.

ბედნიერი ვარ, რომ მყავს შვილი, სამი შვილიშვილი, ხუთი შვილთაშვილი და ბუთხუზ ბასილაიას დიდი სიყვარული, რომელიც სანამ ცოცხალი ვარ, მუდმივად ჩემთან იქნება.