კარგი მეხსიერება რომ გქონდეთ – ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან სიმპტომებს

კარგი მეხსიერება რომ გქონდეთ - ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან სიმპტომებს,,სარკე”, აზა გაგოშიძე

თუ შენიშნეთ, რომ მეხსიერებასთან ყველაფერი წესრიგში არ არის, ამას ასაკს ნუ მიაწერთ. მეხსიერების გაუარესების მიზეზებს შორის (ტვინის სიმსივნე, სტრესები, სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება, თამბაქოს მოწევა, ვიტამინების ნაკლებობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება) ერთ-ერთია თავის ტვინის სისხლძარღვების მუშაობაში დარღვევები.

ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან სიმპტომებს, რომლებიც ამ პრობლემაზე მიუთითებენ. ესენია: თავის ტკივილები, ყრუ, გაჭიანურებული, განსაზღვრული ლოკალიზაციის გარეშე, თავბრუ და თვალების წინ შავი წერტილები (განსაკუთრებით სხეულის მდგომარეობის შეცვლისას); ძილის დარღვევები – ქრონიკული უძლობა ღამით და იმავდროულად მომატებული თვლემა დღისით; თავში შუილი (პერიოდულად ან მუდმივად); ხანმოკლე მეხსიერების დარღვევები, როდესაც ახლახან მომხდარი მოვლენების გახსენება გიჭირთ; შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლა; მოძრაობის კოორდინაციის მსუბუქი დარღვევები – პერიოდულად შეტორტმანება, სწორ ადგილას წაფორხილება; განწყობის გაფუჭება ხილული მიზეზების გარეშე. თუ ეს სიმპტომები თქვენში აღმოაჩინეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და საჭირო გამოკვლევები ჩაიტარეთ.

როგორ გაისუფთაოთ ტვინის არტერიები

ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის პროფილაქტიკური კურსები ათეროსკლეროზის განვითარების და, შესატყვისად, მეხსიერების დაქვეითების რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ.

1 ს.კ. არყის ხის კვირტებს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით. სითბოში 1-2 საათი დადგით. 1-2 ს.კ. დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. ყურადღება: ნაყენი იმავდროულად ნაღველმდენ თვისებას ფლობს, ამიტომ ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს ფრთხილად იყავით.

100 გ მწვანე ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, იმავე რაოდენობის თაფლი დაუმატეთ, აურიეთ. ნარევი მუქი ფერის მინის ჭურჭელში გადაიტანეთ და თავდახურული 1 თვე ბნელ ადგილას დადგით. 1 ჩ.კ. დღეში 3-ჯერ ჭამამდე მიიღეთ. კურსი 40 დღე.

2 ს.კ. ოროვანდის გამხმარ ძირებს 300 მლ მდუღარე დაასხით. 2 საათი თერმოსში დატოვეთ. გაწურეთ. 0,5 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ დალიეთ.

1 ს.კ. ბაბუაწვერას გამხმარ, დაქუცმაცებულ ძირებს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით, თერმოსში 1 საათი დადგით. 1/3 ჭიქა 7 დღის განმავლობაში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.

1 ს.კ. ოხრახუშის გამოწურული წვენი, რომელიც კარგ გამწმენდ თვისებას ფლობს, დღეში 2-3 ჯერ ჭამამდე დალიეთ. ყურადღება: უკუნაჩვენებია პოდაგრისა და თირკმლების ანთების დროს.